გახსოვდეთ: გასაუბრება არის შეხვედრა ადამიანთან, რომელიც შეიძლება გახდეს თქვენი კოლეგა. გასაუბრების შედეგები დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოიქცევით გასაუბრებისას.

ზოგადი რჩევები შემდეგია:

შესვლისას მიესალმეთ თავაზიანად და გაუღიმეთ;
მისალმებისას ხელი პირველმა უნდა გამოგიწოდოთ დამსაქმებელმა  (ინტერვიუერმა); ხელის ჩამორთმევისას შეხედეთ თვალებში, საუბრისას კი – სახის არეში;
როდესაც მიგითითებენ, სად დაჯდეთ,- დაბრძანდით მოხერხებულად; პირველი ჯდება დამსაქმებელი (ინტერვიუერი); ამასთან უნდა დაიცვათ ე.წ. ’’ინტიმური ზონა’’ (არანაკლებ 30 სმ);
ყურადღებით იყავით ორგანიზაციის წარმომადგენლის მიმართ: რას გეუბნებათ ის კომპანიისა და თქვენი მომავალი ვალდებულების შესახებ. უნდა დაინტერესდეთ, როგორ იქნება გამოყენებული თქვენი ცოდნა და უნარი, რამდენად საინტერესო იქნება სამუშაო და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის მოცემულ დაწესებულებაში მიღებული გამოცდილება. უნდა გახსოვდეთ, ეს კომპანია არაა ბოლო, სადაც მთელი ცხოვრება იმუშავებთ, ამიტომაც დაგროვილი გამოცდილება უნდა იყოს სასარგებლო, გამოსადეგი კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერის განვითარებისთვის.
მუდმივად იქონიეთ ვიზუალური კონტაქტი ინტერვიუერთან. როდესაც კითხვას გისვამენ , უყურეთ თვალებში; როდესაც პასუხობთ, – ნუ დაიწყებთ ყურებას აქეთ-იქით.
ყურადღებით უსმინეთ დასმულ კითხვებს. თუ კითხვა გაურკვეველია, მოუბოდიშეთ და სთხოვეთ გამეორება, მაგრამ მოერიდეთ კითხვების ხშირად გამეორებას!
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და უპასუხეთ მოკლედ მხოლოდ კითხვიდან გამომდინარე;
ჩამოაყალიბეთ მთავარი და არსებითი ინფორმაცია. ერთმნიშვნელოვანი პასუხები ,,დიახ” და ,,არა”, ხანგრძლივი პაუზა შექმნის შთაბეჭდილებას, რომ თავდაჯერებულობა გაკლიათ. არ გაგაჩნიათ უნარი ახსნათ თქვენი შეხედულებები;
არ იხუმროთ დამსაქმებელთან (ინტერვიუერთან); დამსაქმებლის ხუმრობაზე გაიღიმეთ, მაგრამ თქვენ არ დაიწყოთ ხუმრობა;

გეჭიროთ თავი ღირსეულად. გახსოვდეთ, თქვენ ხართ პიროვნება, რომელიც თავის გამოცდილებას სთავაზობს ორგანიზაციას;
არ თქვათ, რომ გაქვთ სხვა შემოთავაზება და ელოდებით პასუხს. ეს აღიქმება, როგორც შანტაჟი;
არ გაიკეთოთ ტყუილუბრალოდ რეკლამა. თავის მოჩვენება მეტისმეტად ჭკვიანად, არ მოგიტანთ სასურველ შედეგს;
ნუ დასვამთ კომერციულ საქმიანობასთან (საიდუმლოსთან) დაკავშირებულ კითხვებს;
წინა სამსახურზე მსჯელობისას, ნუ გააკრიტიკებთ თქვენს ყოფილ კოლეგებს;
ნუ დასვამთ ბევრ კითხვას; დასვით მხოლოდ რამდენიმე, ძალიან საჭირო შეკითხვა;
ნუ ისაუბრებთ ძალიან ხმადაბლა, ან ძალიან ხმამაღლა. ეცადეთ მეტყველების ტემპი და ხმა მიუსადაგოთ გამსაუბრებლისას;
სასიამოვნო, გულღია ღიმილი დაფარავს თქვენ ხარვეზებს გასაუბრებისას. საქმიან საუბარს ღიმილი ხელს არ უშლის, პირიქით, რჩება შთაბეჭდილება, რომ გამოცდილი და საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ.
თუ მოგიწევთ ანკეტის ან ტესტის შევსება, შეავსეთ ძალიან აკურატულად;
ხელფასზე დაელაპარაკეთ იმ შემთხვევაში, თუ გასაუბრებისას თვითონ შეეხებიან ამ თემას, ანდა კითხვა ხელფასის შესახებ დაუსვით გასაუბრების მიწურულს.
მოუხადეთ მადლობა დათმობილი დროისთვის.

ტიპიური კითხვები, რომლებიც შეიძლება დაგისვან გასაუბრებისას:

გვიამბეთ თქვენს შესახებ.
რატომ ეძებთ სამუშაოს?
რითი ხართ ამჟამად დაკავებული?
რა მიზეზით დატოვეთ წინა სამუშაო ადგილი?
თქვენი მიღწევები.
თვლით თუ არა თავს წარმატებულად?
გქონდათ თუ არა ჩავარდნები და წარუმატებლობა სამსახურში?
რა სახის საქმიანობა მოგწონთ ყველაზე მეტად?
რა დამოკიდებულება გაქვთ გარდაქმნა – ცვლილებებთან?
რატომ გსურთ ჩვენს კომპანიაში მუშაობა?
რამდენად სწრაფად ახდენთ სამსახურში ახალ პირობებთან  ადაპტაციას?
რა მოგწონდათ ან არ მოგწონდათ წინა სამსახურში?
რატომ გსურთ ამ პროფილით მუშაობა? რა გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში?
რა  არის თქვენთვის მთავარი – ფული თუ სამუშაო?
თქვენი ჰობი, რითი ხართ გატაცებული?
როგორ  ხედავთ  თქვენს  თავს  რამდენიმე  წლის შემდეგ? (აღწერეთ)
გაქვთ  თუ  არა  კითხვები?

კითხვები, რა თქმა უნდა, იქნება კონკრეტული ვაკანსიისათვის საჭირო კვალიფიკაციასთან თქვენი მონაცემების შესაბამისობის შესახებ. ამიტომ სასურველია, რომ ინტერვიუზე მისვლამდე კარგად ჩამოაყალიბოთ თქვენი ძლიერი მხარეები მოთხოვნილ კვაილფიკაციასთან მიმართებაში.

კითხვები, რომელიც შეიძლება თქვენ დასვათ გასაუბრებისას:

განვითარების რა გეგმები აქვს ორგანიზაციას?
რა პერსპექტივა შეიძლება მქონდეს თქვენს ორგანიზაციაში?
რა სიძნელეები შეიძლება შემხვდეს შემოთავაზებულ თანამდებობაზე?

ps.  გისურვებთ წრმტებებს