საჯარო გამოსვლა გახლავთ ურთიერთობის უნიკალური ხერხი, რომელთანაც ხშირად ასოცირდება პოლიტიკური მოღვაწის სახე. სურვილის შემთხვევაში ამ ხელოვნების დაუფლება ყოველ ჩვენგანს ძალუძს.

ადამიანთა მხოლოდ მცირე რაოდენობას აქვს თანდაყოლილი უნარი აუდიტორიის წინაშე ძალდაუტანებლად ეჭიროს თავი, რაც მათ “ავტომატურად” აქცევს კარგ ორატორებად.

ნუ გაწელავთ სათქმელს

 

პირველი, რითაც უპრიანია დაიწყოს კამპანიის წარმართვის გეგმის შედგენა, ესაა თემის ღრმა დამუშავება. ამითვე უნდა დაიწყოს სამზადისი ზეპირი გამოსვლებისათვის, რომლებიც საფუძვლიან და შემოწმებულ ინფორმაციას უნდა ეფუძნებოდეს.

აუდიტორიის წინაშე წარდგომამდე შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი შეიტყოთ მსმენელთა შესახებ – რამდენია, რა ხალხია, მომხრეა თქვენი თუ მოწინააღმდეგე, აქვთ თუ არა რაიმე საერთო, მაგ. საქმიანობის სახე, პოლიტიკური შეხედულება, ეთნიკური წარმომავლობა, რელიგია, ჰობი და ა.შ.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი წარმატების შანსი გაიზრდება, თუ ყურადღებას გაამახვილებთ იმ საკითხებზე, რომლებიც ურთიერთგაგების ფარგლებშია და არ იწვევს აუდიტორიის გაღიზიანებას.

თვით იმ ჯგუფებთან შეხვედრისასაც კი, რომელნიც არაკეთილგანწყობილნი არიან თქვენსა და თქვენი პარტიის მიმართ, უნდა ეცადოთ მოძებნოთ ურთიერთშეხების წერტილები, თან ჯობს გამოსვლის დაწყებისთანავე.

ელაპარაკეთ მსმენელს იმაზე, რისი მოსმენაც მას უნდა, რა თქმა უნდა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება თქვენს მრწამსსა და შეხედულებებს. თუ მსმენელს რაიმე პოლიტიკური პრობლემა აღელვებს და თქვენც ეთანხმებით, აუცილებლად მოახდინეთ ამის ხაზგასმა.

კარგი ორატორი აუდიტორიის წინაშე კი არ გამოდის, არამედ ესაუბრება მას, აქცევს მსმენელს პროცესის მონაწილედ. ყველაზე შესანიშნავი გამოსვლაც კი ჩავარდნილად ითვლება, თუ იგი მსმენელის ინტერესებსა და გრძნობებს არ შეეხო.

ზოგი გამოსვლა მხოლოდ იმიტომ ითვლება წარუმატებლად, რომ ორატორმა მეტისმეტად ბევრის მოპოვება მოინდომა მისი საშუალებით. შეეცადეთ გამოყოთ ერთი–ორი ცენტრალური თემა, ასე თუ ისე ურთიერთდაკავშირებული.

მსმენელთაგან იშვიათად თუ ვისმე დაახსომდება გამოსვლის ცალკეული ფრაზები. კარგად მიწოდების შემთხვევაში კი იგი გაიყოლებს საერთო შთაბეჭდილებას და შესაძლოა არსებით აზრსაც.

წარუმატებლობის ტიპიური მიზეზია გაჭიანურებული გამოსვლა. მისი ხანგრძლივობა 15 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.

თუ ოც წუთში ჩატევა გთხოვეს, თქვენ კი 15 იკმარეთ, პუბლიკის კეთილგანწყობა განაღდებული გაქვთ. გამონაკლისია რადიო ან ტელე გამოსვლა, როცა გამოყოფილი დრო უნდა შეივსოს.

გახსოვდეთ, რომ ლაპარაკის დაწყებისას ხშირად იკარგება დროის შეგრძნება. ძალიან ბევრს “ხიბლავს საკუთარი ხმის ჟღერადობა” და იწყებს გადახტომას ერთი საკითხიდან მეორეზე. რეგლამენტის საკონტროლოდ დაიდეთ საათი ან თხოვეთ ვინმეს განიშნოთ.

პუბლიკასთან რაც ახლო იქნებით, უკეთესია

 

ლაპარაკის მანერა და ინტონაციაც კი იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც სათქმელი. წმინდად ოფიციალური სიტუაციის გარდა ყველაზე ქმედითი სალაპარაკო სტილია.

უპრიანია ხმარება ფრაზებისა “ჩვენ”, “თქვენ და მე”, “ჩვენთვის ცნობილია, რომ”, “ჩვენ ერთად შევძლებდით” და ა.შ. დაე პუბლიკას გაუჩნდეს თქვენთან ერთობის შეგრძნება.

გახსოვდეთ აგრეთვე, რომ აუდიტორიის წახალისებით მეტს მოიგებთ, ვიდრე მისდამი დათმობით. მსმენელთა რიცხოვნებამ ორატორს უნდა აგრძნობინოს, რამდენად “ოფიციალური” თუ პირიქით, “თავისუფალი” უნდა იყოს გამოსვლა.

თუ ამის განსაზღვრაში შეცდით, უმჯობესია ოდნავ მოუხეშავად გამოიყურებოდეთ, ვიდრე ზედმეტად მოწესრიგებულად. დიდად შეცდებით, თუ ფინჯან ყავაზე თქვენს თხუთმეტიოდე თანამშრომელთან ისეთივე ოფიციალური მოხსენების წაკითხვას შეეცდებით, როგორც პარტიის ეროვნულ ყრილობაზე.

გამოსვლის წერის დაწყებამდე ყურადღებით გადახედეთ კამპანიის გეგმას და გაიაზრეთ მისი მიმდინარე ამოცანები. თუ ამ ეტაპზე საჭიროა კანდიდატის მიმზიდველი სახის შექმნა, არ ღირს ოპონენტის მისამართით კრიტიკული გამოთქმების ხმარება.

მეორე მხრივ, თუ კამპანია შეურიგებელი ბრძოლის სტადიაშია გადასული, სრულიად ბუნებრივია მწვავე შენიშვნების გამოყენება. ამასთან გახსოვდეთ, რომ თქვენი გამოსვლა უნდა ავსებდეს და განამტკიცებდეს თქვენს მიერვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოხატულ პოზიციას.

დროდადრო კამპანიაში შეიტანეთ რისკის ელემენტი, სიტუაციის შესაფასებლად მოსინჯეთ ახალი თემა და პოზიცია. თქვენი საპროგრამო დებულებების დასასაბუთებლად შეთხზეთ შემოვლითი ფორმულირებები.

კარგი სიტყვა სტატისტიკით გაჯერებული ღაღადი როდია. სასურველია გამოსვლაში იყოს ფაქტები, რომლებიც დარბაზის აქტიურ რეაქციას გამოიწვევს.

გახსოვდეთ, რომ კონკრეტიკა ზოგად მსჯელობაზე უფრო დამაჯერებელია. თუ, სიტყვაზე, ლაპარაკია სამთავრობო ხარჯებზე, დაასახელეთ – რამდენი მილიონი თუ მილიარდი განიავდა უმისამართოდ.

ნებისმიერი პოლიტიკური გამოსვლისას ადამიანებს უნდა ველაპარაკოთ გასაგები, მარტივი ენით და არა დახუჭუჭებული პოლიტიკური ჟარგონით.

გამოსვლა ყოველთვის ლოგიკური უნდა იყოს, მაგრამ არც ის დაივიწყოთ, რომ ხანდახან ემოცია მეტ ნაყოფს იძლევა, ვიდრე “რკინის არგუმენტები”.

ამერიკელ ამომრჩეველთა უმრავლესობა მეტად მგრძნობიარეა დამკვიდრებული ტრადიციული ღირებულებებისადმი: პატრიოტიზმი, ოჯახი, რელიგია, სახლი და კარგი ნაკვეთი, ქისის მდგომარეობა, ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება.

პოლიტიკური დისკუსიები შესაძლოა გაანალიზდეს, სულ ცოტა, სამი მიმართულებით: ურთიერთობები, სოციალური და ეკონომიკური პრობლემატიკა, ძირითადი საზოგადოებრივი ღირებულებები.

ბოლო მათგანი ყველაზე უფრო გავრცელებულია. მაგალითისთვის ავიღოთ ეროვნული თავდაცვა. ადამიანთა უმრავლესობა ღრმადაა დარწმუნებული იმაში, რომ აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცება.

თითოეულ გამოსვლაში აუცილებელია მოინიშნოს ერთო–ორი საკვანძო საკითხი, რომელსაც დროდადრო დაუბრუნდებით. გამეორება კარგი ხერხია მსმენელამდე აზრის მისატანად.

სიტყვა თვალისთვის კი არა, ყურისთვის უნდა იყოს დაწერილი, რადგან კარგად კითხვადი ტექსტი ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მოსასმენადაც ასევე კარგია.

მაგალითად, ალიტერაცია და რითმა შესაძლოა კითხვისას უადგილოდ მოგეჩვენოთ, ზეპირი გამოსვლისას კი საკმაოდ ეფექტურია. ასევე – საკვანძო დებულებათა გამეორება კითხვისას გამაღიზიანებელია, მაგრამ აუდიტორიასთან საუბრისას – აუცილებელი.

სიტყვას განსაკუთრებულ ელფერს სძენს ადვილად დახსომებადი ფრთიანი გამოთქმები.

მაგალითად ივარგებს მარტინ ლუთერ კინგის სიტყვა “მე მაქვს ოცნება”, რომელიც მან ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან წარმოთქვა.

ფრაზის მსგავსი გამეორება წერილობით ვარიანტში არავითარ ხეირს არ მოუტანდა მას.

არ დაუშვათ გრამატიკული და სინტაქსური შეცდომები, რათა არ დატოვოთ გაუნათლებელი კაცის შთაბეჭდილება. ხანდახან ორსიტყვიანი კონსტრუქცია ჯობს გართულებულ სენტენციას.

იხუმრეთ, იმახვილგონივრეთ, გაიღიმეთ

 

მრავალი ცნობილი ორატორი თავის გამოსვლაში უხვად იყენებს იუმორს. ეს საკმაოდ წარმატებული ხერხია ყინულის გასადნობად და აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად. როცა მსმენელი გრძნობს, რომ გამომსვლელს ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოსწრებულად იხუმროს, უფრო ყურადღებითაა განწყობილი.

მეორე მხრივ, იუმორი ფრთხილ დამოკიდებულებას მოითხოვს. შესაძლოა გამოსვლაში მოიხმოთ ცნობილ მწერალთა მახვილსიტყვაობანი, მაგრამ თუ თვითონ არ გეცინებათ მათზე, ვერც მსმენელს აიყოლიებთ.

მიზანს ყველაზე უკეთ მოკლე, იმპროვიზირებული შენიშვნები აღწევენ და როგორც წესი, ყველაზე უხიფათონიც არიან. თუ აუდიტორიას ექსპრომტზე არ გაეცინა, არა უშავს. ამან ხომ დროის ძალზე მცირე მონაკვეთი დაიკავა.

მეორე მხრივ უთავბოლო და გაწელილი ხუმრობა ცუდ სამსახურს გაგიწევთ, რადგან ძვირფას წუთებს წაგართმევთ. საიმედო, “ასპროცენტიანი” ხუმრობა არც ისე ბევრია. თუ არ გჯერათ, ჩაატარეთ პატარა ექსპერიმენტი.

წვეულებაზე ყოფნისას (სანამ ბლომად სპირტიანს მიიღებდეთ) შესთავაზეთ შეკრებილთ – თითოეულმა მათგანმა მოყვეს რაიმე, მისი აზრით ძალიან სასაცილო. სავარაუდოა, რომ უმეტესობა სულაც არ მოგეჩვენოთ სასაცილოდ.

იუმორი ყოველთვის დროული უნდა იყოს. ჯობია მოყვეთ შემთხვევა, რაც თავად გადაგხდენიათ, ვიდრე გზადაგზა თხზათ. რის თქმა შეიძლება და რის არა, დამოკიდებულია აუდიტორიაზე, საბაბზე და იმ ადგილზეც კი, სადაც გამოსვლა გიწევთ.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი გამოსვლა შესაძლოა მოხვდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.

თქვენი მიზანიც ესაა. იხმარეთ თქვენი სტრატეგიის განმსაზღვრელი და ციტირებისთვის მოსახერხებელი გამოთქმები. ეცადეთ, რომ ისინი გამოყენებულ იქნას რეპორტაჟებში.

თუ ოფიციალური გამოსვლა გიწევთ, რომელსაც პრესა საკმაო ყურადღებას დაუთმობს, იქონიეთ ტექსტის პირები რეპორტიორთათვის გადასაცემად, რათა ციტატები ზუსტად გადმოიცეს.

იმის და მიუხედავად, თხუთმეტწუთიანი საპროგრამო სიტყვა უნდა წარმოთქვათ თუ უბრალო, ხუთწუთიანი, გეგმა აუცილებელია. უწინარეს შეეცადეთ მსმენელთან კონტაქტის დამყარებას.

ამის ერთ–ერთი ხერხია (მცირე აუდიტორიასთან შეხვედრისას) სთხოვოთ თითოეულ მათგანს – წარმოადგინოს თავი. პატარა დარბაზში კარგი იქნებოდა რომელიმე იქ მყოფის ციტირება, ან მოთხრობა სასაცილო სიტუაციისა, რომელშიაც მოხვდით თქვენ და ვინმე დარბაზში მყოფთაგანი.

პრობლემა დააყენეთ მკაფიოდ და ყველასათვის გასაგებად. ილაპარაკეთ უბრალოდ, მოერიდეთ რიტორიკას ძნელადგასაგებ ჟარგონზე, რომელიც მხოლოდ ეკონომისტების, პოლიტოლოგებისა და საარჩევნო კამპანიის პროფესიონალ ორგანიზატორთათვისაა გასაგები.

მაგალითად, სამომხმარებლო საქონელზე ფასთა ინდექსის ზრდის ნაცვლად ჯობია თქვათ რომ ესა თუ ის საქონელი ძვირი ღირს; რაკეტების ტექნიკური დახასიათების მაგივრად ისაუბრეთ უსაფრთხოების განმტკიცების საშუალებებზე და ა.შ. ერთი სიტყვით – მეტი ემოცია, მეტი ცოცხალი კონტაქტი.

გამოსვლის დასკვნითი ნაწილი უნდა შეიცავდეს მთელი გამოსვლის მოკლე შეჯამებას. თუ აუდიტორიის ერთი ნაწილი ამა თუ იმ მიზეზის გამო უყურადღებოდ გისმენდათ, მათ შესაძლებლობა ეძლევათ ზოგადი წარმოდგენა მაინც შეიქმნან ორატორზე და მის პოზიციაზე.

გარდა ამისა, შეეცადეთ დასასრულს გააძლიეროთ შთაბეჭდილება ამა თუ იმ პრობლემისადმი თქვენს დამოკიდებულებაზე, მოკლედ ჩამოაყალიბეთ მისი გადაჭრის გზა და მოსალოდნელი დადებითი მხარეები. გააკეთეთ ორიოდე ოპტიმისტური პროგნოზი.

მოიშველიეთ კლასიკოსთა აზრები

 

ყველა ურთიერთობაში გირჩევთ წარმოაჩინოთ დადებითი განწყობილება, დაჯერებულობა და ფრთხილი ოპტიმიზმი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოსვლის დასასრულს.

ადამიანები უფრო კეთილგანწყობილნი არიან დამაიმედებელი, ვიდრე უარყოფითი სცენარისადმი. მეორე მსოფლიო ომის ყველაზე მძიმე დღეებშიც კი მრავალი ბრიტანელის დათრგუნული განწყობილება უმჯობესდებოდა ჩერჩილის მკაფიო, შემართებული რადიოგამოსვლებით.

ამის კიდევ ერთი დასტურია პრეზიდენტ რეიგანის ტრიუმფი, განპირობებული მისი შეუნელებელი, გადამდები ოპტიმიზმით.

მოხსენების აუცილებელ მოდულთა ( ლოგიკურად დასრულებული “თავების”) რაოდენობა დამოკიდებულია სტრატეგიულ კონცეფციაზე და საარჩევნო კამპანიის წარმართვასთან დაკავშირებულ სხვა ფაქტორებზე. ადგილობრივი საბჭოს არჩევნებში საკმარისია 10 – 12 მოდული, კონგრესისაში ოცამდე.

რაც მეტ ბლოკს მოამზადებთ, მით მეტი გექნებათ მრავალნაირი საინფორმაციო მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობა და თითოეული საკითხისადმი უფრო მოქნილი მიდგომის საშუალება. თითოეული მოდული 4 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.

გამოსვლისთვის მზადებისას გაითვალისწინეთ შემდეგი: არის თუ არა საერთოეროვნულ პრობლემებში რაიმე, რაც უშუალოდ თქვენს შტატს, რაიონს, ქალაქს ეხება.

ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები – მასწავლებლები, ფერმერები, მოხელეები, ბიზნესმენები, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლები და ა.შ.

ამას გარდა არ გაწყენდათ სადილზე, ჭიქა ყავაზე, სკოლასა თუ კოლეჯში წარმოსათქმელი სიტყვები. მოდულური მეთოდიკა საჯარო გამოსვლის ორგანიზაციის სხვადასხვა მიდგომათა შორის ყველაზე უფრო მოქნილად ითვლება.

თუკი უშუალოდ კამპანიის მსვლელობის პროცესში გაუთვალისწინებელი პრობლემა წამოიჭრება, ახალი, სპეციალური მოდულის მომზადება არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. თუ ამ მეთოდზე უარს იტყვით და ერთ მთლიან, ყოვლისმომცველ სიტყვას დასჯერდებით, გაუთვალისწინებელი საკითხები დიდ პრობლემებს შეგიქმნიან.

კიდევ რამდენიმე რჩევა: აუცილებლად დაჯავშნეთ ადგილი იმპროვიზირებული გამოსვლისა და დასკვნისათვის. ივარჯიშეთ მაგნიტოფონით, მოინიშნეთ – რა დრო მიდის ტექსტის ამა თუ იმ მონაკვეთზე.

ვიმეორებ – თითოეული მოდული ლოგიკურად დასრულებული უნდა იყოს და საჭიროების შემთხვევაში კი დამოუკიდებელ გამოსვლად უნდა ვარგოდეს.

ორატორთათვის ერთერთი საუკეთესო ვარჯიშია ცნობილ პიროვნებათა გამოსვლების შეწავლა. ეს დაგეხმარებათ შეიცნოთ სიტყვის ხელოვნება, განასხვავოთ ოსტატობა უნიჭობისგან. არაა აუცილებელი იმ პოლიტიკოსებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით შემოფარგვლა, რომელთაც ეთანხმებით. ხანდახან ოპონენტის მოსმენა უფრო სასარგებლოა.

დებატებში მონაწილეობის პრაქტიკული გამოცდილება შეუცვლელია. ოპონენტის ქცევაზე დაკვირვება და ოპოზიციის ქმედების შესწავლა არც თუ მცირე სარგებელს მოგიტანთ.

კარგი იქნება, თუ წინასწარ გაამზადებთ მეტოქეზე შეტევის განსახორციელებელ ათიოდე “დამრტყმელ” ფრაზას, რათა გაფანტოთ მისი ყურადღება და კამათი თქვენთვის სასურველ კალაპოტში გადაიტანოთ.

დებატების მსვლელობისას, ბრძოლის ქარცეცხლში, არ დაგავიწყდეთ “შინნამზადი”, რადგან იგი, როგორც წესი, ექსპრომტზე უფრო საიმედოა ხოლმე.

თხოვეთ რომელიმე მეგობარს ოპონენტის როლის შესრულება. ჩაიწერეთ ეს დებატები აუდიო ან ვიდეოფირზე და გაარჩიეთ. დაე ვინმემ დაგისვათ მკვეთრი, არასასიამოვნი კითხვები. დაუნდობლად მოეპყარით საკუთარ თავს! გახსოვდეთ: თუ მომზადების პროცესში რაიმე პრობლემა რთულად გეჩვენათ, დებატებისას ის ბევრად რთული იქნება.

ვინ იქნება დარბაზში?
განათავსებთ თუ არა იქ თქვენს მომხრეთა აუცილებელ რაოდენობას, თუ ოპონენტი შემოგიყრით თავის მომხრეებს?
იქნება თუ არა ნეიტრალურად განწყობილი მასა და მართლა ნეიტრალურია თუ ისიც ოპონენტის მომხრეა?

ყველაფერი უნდა იღონოთ, რათა დებატები თქვენთვის ოპტიმალურად შევსებულ დარბაზში გაიმართოს.

ბევრ დისკუსიაში მონაწილეობას ღებულობს სამი თუ ოთხი ჟურნალისტიც, რომლებიც რიგრიგობით უსვამენ შეკითხვებს კანდიდატებს. თქვენთვის შესაძლოა ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, თუ ვინ იქნებიან ისინი.

ტრადიციის თანახმად დებატის ორგანიზატორი ორივე მხარეს წარუდგენს ჟურნალისტთა შესაძლო სიას და მხარეებს უფლება აქვთ უარი თქვან ზოგიერთ მათგანზე.

და ბოლოს – არ მიიღოთ არავითარი სტრატეგიული გადაწყვეტილება დებატებამდე ან მათ შემდეგ 24 საათის განმავლობაში.