ნაწილი 1.

ფარული ნიშნები (სკრიპტები) და ასომთავრული

‘’ისტორია იმდენად წარსულისთვის არ იწერება
რამდენადაც აწმყოსთვის’’
ვაჟა ფშაველა

მეცნიერები დღესაც განიხილავენ ქართული დამწერლობის წარმომავლობას, პასუხგაუცემელია მისი შექმნის თარიღიც. არსებობს სხვადასხვა სახის ვარაუდები, თუმცა…

ვიდრე უშუალოდ ქართულ დამწერლობაზე გადავიდოდეთ…  მსოფლიოს ხალხთა დამწერლობათაგან ყველაზე ძველი ტექსტი შუამდინარეთულია – ეს არის ლურსმული დამწერლობის ნიმუში, რომელიც იკითხება.

არქაული დამწერლობა შეიქმნა მესოპოტამიაში, ინდოეთში, ეგვიპტეში და ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებში.

ჯ. მაიერზის აზრით კრეტული და ადრეშუმერული ნიშნები იჩენენ საოცარ მსგავსებას, მათვე ემსგავსებიან პროტოელამური ნიშნები. დიდი მსგავსება შეინიშნება ეგეოსურ და ხეთურ-ლუვიური იეროგლიფური დამწერლობის ნიშნებს შორისაც.

დამწერლობის თავდაპირველ დედნად ლურსმული დამწერლობა  ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში მიიმჩნიეს. არსებობს სხვა თეორია,  არაინდოევროპული ენების მხრიდან დამწერლობის წარმოშობის შესახებ.

ფინიკიური მარცვლოვანი დამწერლობის წარმომშობ დედნად მიჩნეულ იქნა კრეტული დაიბერიული ნიშნები.  ფინიკიური ნიშნების და კრეტული ნიშნების მოხაზულობა და დასახელება ერთმანეთს ემთხვევა.

დამწერლობის შესახებ, ე. ფეტერის თეორია ცნობს უფრო ძველი უცნობი ნიშნების გავლენას ანუ წინარე ეტრუსკულის“. ასეთი წერტილები გვხვდება იშვიათად ჩრდილო ეტრუსკულში და პიცენურ წარწერებში. აქედან შეიძლება ითქვას, რომ წერტილოვანი სისტემა წინ უსწრებდა ფინიკიური და ძველბერძნული დამწერლობას, რომელიც მარცვლოვან სისტემას მიეკუთვნება. საინტერესოა, რომ ჩრდილო ეტრუსკული დამწერლობის შესახებ ფეტერის თეორია და საქართველოს მთიანეთში მოპოვებული ნიშნების კვლევა ერთნაირ აზრს ანვითარებს. წერტილოვანი სისტემა რომელიც მთელი არქაულობით არის ფარულ ნიშნებში (წერაქვულ დამწერლობაში) ქართულ ენასთან ახლობლობას ამტკიცებს: წერტილი, წერა, ჭრა, ნაჭრელა, ამოწერვა, წერაქვი, ბედისწერა, წერამწერელი, სერნაწრიანი, ნიში და ნიშანი და სხვა.

ძველებურ ხაზოვან ნიშნებში წერტილოვანი სისტემა ქმნის შთაბეჭდილებას რომ ფინიკიურ დამწერლობამდე ამ ნიშნების მფლობელებს ბგერითი დამწერლობის მოთხოვნილება უკვე ქონდათ.

ქართულ იბერიული ხალხთა საცხოვრებელი ტერიტორია ბევრ საინტერესო არქეოლოგიურ მონაპოვარს მოიცავს. აქ მოპოვებულ კულტურულ ნივთიერ საგნებს ეტყობა განვითარების თავისებური ხასიათი. ჯერ კიდევ მტკვარ-არაქსული III-ათას. ძვ. წ. კერამიკა და მათზე გეომეტრიული ნიშნები აჩვენებს, რომ არსებობდა ამ რეგიონში ინფორმაციის გადაცემის მცდელობა. ტრადიციის უწყვეტობის მიხედვით ფარული ნიშნები (სკრიპტები) რომელიც ხევსურეთში და თუშეთში შემორჩა მსგავსებას იჩენს ასომთავრულ ასოებთან: მონუმენტური მოხაზულობით, კოსმოგონიური წარმოშობის ბიძგით, კუთხოვან წინამრგლოვან ნიშნებთან მსგავსებით.

მთვარის და მზის კალენდრის მონაცვლეობა ძველ ქართულ – იბერიულ – კოლხურ წარსულში დადასტურებულია. ეტიმოლოგიური, პალეოგრაფიული, ეთნოგრაფიული კვლევებიც ბევრ მინიშნებებს იძლევა. აკ. ივ. ჯავახიშვილი შენიშნავს ‘’ასომთავრულში არსებობს არქაული ნიშნები, რომლებიც გამომდინარეა მთვარის ფაზების სიმბოლოებიდან’’. თავდაპირველ საწერ მასალასაც ასე განიხილავს: ‘’მაგარ მასალაზე გამოყვანილი წარწერები ორნაირად იყვნენ ასრულებულნი ან შთაწერილნი ამოჭრილი ასოებით, როდესაც ასოთა მოხაზულობა ჩაღრმავებითა და ამოჭრით იყო გამოყვანილი’’.  ჯავახიშვილი  ასოთა მოყვანილობას ასე ახასიათებს ‘’ქართული დამწერლობის ხუცურ – ასომთავრულ ,,“ და ,,“ მოხაზულობას უძველესი სახე აქვს დაცული. ქანის შემდეგ ქართულ ანბანში ისეთი ბგერათწყობა იწყება, რომელთა მსგავსი ღანის გარდა, არც სემიანთ (სემიტურს) და არც ბერძნებს ჰქონდათ და მარტო ქართული ენის დამახასიათებელია’’. საინტერესო შედარებაა ასევე: ‘’ქართული სანის და დორიელთა ამავე ასოს თავდაპირველი სახელის იგივეობა ცხადი ხდება’’. ‘’ქართველებმა ამ ასოს სახელი სან დორიელებისგან შეითვისეს, ცხადია ამგვარი შეთვისება ისეთ დროს უნდა ვიგულისხმოთ, როდესაც თვით დორიელნი ხმარობდნენ: წიგნებში ხომ არ დაუწყებდნენ ძებნას ქართველები იმ ასოსთვის სახელის მონახვას? ეს გარემოებაც ქართული ანბანის სიძველის მაჩვენებელი უნდა იყოს’’. დასკვნის აზრიც ასეთია: ‘ქართული უძველესი ანბანის ბერძნულიდან წარმოშობის აზრი უსაფუძვლოდ და შეუძლებლადგვეჩვენება’’, ‘’ქართულ დამწერლობას მახლობლობა აღმოსავლეთის სხვა დამწერლობათა შორის სრული მსგავსებით ნათესაობის ან დედნობის გამომამჟღავნებელი არ მოეპოვება’’.

ქართული ანბანის მწკრივთა რიგს ფინიკიურსა და არამეულს ამსგავსებენ, მაგრამ კითხვა ჩნდება:  ფინიკიურმა თვითონ მოიგონა ასეთი მწკრივი თუ მათაც აღებული აქვთ წინარე დამწერლობიდან?  შესაძლოა ასომთავრულის ნიშნებმა სხვა გზა გაიარა გამარტივება მოქნილობის მისაღწევად, ხოლო ფინიკიურ – ბერძნულმა ხაზმა სხვა გზა.

“წერაქვული” ფარული ნიშნების მოხაზულობა აშკარად ფინიკიურსა და კრეტულზეც ძველებულ იერს ამჟღავნებს. ნიშნები რელიგიური იდეის გამომხატველად სჩანან და ინახავენ თავდაპირველი ინფორმაციის ნაკვალევს, ამ თვალსაზრისით ისინი მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროს წარმოადგენენ უძველესი შეხედულებების შესწავლისათვის. მათი იდეური სამყარო მსგავს კულტურულ – ისტორიულ გარემოში ნაკლებად იცვლებოდა, რაც ერთგვარად ხელშემწყობ პირობებს იქმნიდა: ორნამენტებით მკვიდრი გარემო და ჯვართმსახურების კონსერვატიულობა.

კრეტულ და იბერიულ ნიშნებზე ძირითადი კვლევები XX საუკუნის 40-50-იან წლებში ჩატარდა. არამეულის და ფინიკიურის ძირი დამწერლობების მოძიება შუამდინარეთულ, კრეტულ და იბერიულ ხაზოვან ნიშნებში გვიან დაიწყეს. ამ დამწერლობიდან სამეცნიერო დონეზე დამუშავებული და წაკითხულია მხოლოდ კრეტული ,,В” ხაზოვანი დამწერლობა. (ძვ. წ. XIV ს.). დანარჩენის წაკითხვა ვერსიების დონეზე რჩება. კრეტის ძველ მოსახლეობაზე „კლასიკურ პერიოდშიც კი ისტორიკოსები არც თუ იშვიათად იხსენებენ სხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხებს, მაგალითად პელაზგებს და ამასთანავე ძვ.წ. IV საუკუნეშიც კი კრეტის აღმოსავლეთ ნაწილში წარწერები კეთდებოდა არაბერძნულ ენაზე.”  რაც შეეხება იბერიულ დამწერლობას იგი აღმოაჩინეს XX საუკუნის 30-იან წლების ბოლოს. თავდაპირველად მიიჩნიეს, რომ ფინიკიურიდან გამომდინარეობდა, მაგრამ კრეტული იდეოგრამების ამოცნობის შემდეგ გააერთიანეს კრეტული და იბერიული ნიშნების (დაახლოებითი მსგავსების) ჯგუფში.

ავტორი: გიორგი გიგაური