ვფიქრობთ, რომ ადამიანების უმეტეს ნაწილს ცხოვრების განმავლობაში არა ერთხელ უფიქრია ან ამჟამად ფიქრობს ცხოვრებაზე, მის არსზე და აზრზე: რატომ მოვედით ამ ქვეყნად? რისთვის? მცდარი გზით ხომ არ წავიყვანეთ ამ ქვეყნად ჩვენი ყოფნა? რატომ არის, რომ უფრო მეტად და მეტად  ვგრძნობთ სიმარტოვეს და სიცარიელეს? იმიტომ ხომ არა, რომ ნაწილმა ვერ მოვძებნეთ ან  დავკარგეთ ცხოვრების აზრი, დაგვავიწყდა, რომ თვითოეულ ჩვენგანს საკუთარი მისია,  მოწოდება, დანიშნულება გაგვაჩნია.  ზოგი ძიების პროცესშია, ზოგი კი ფიქრობს, რომ ახლა უდროოა მისიაზე ფიქრი და საუბარი.  მთავარია – თავი გაიტანო, ”მოიპოვო პური არსობისა შენისა”, ელემენტარულად კი საჭმლის ფული იშოვო.  დავიწყოთ ზუსტად ამ ფრაზიდან და მოსაზრებიდან.

ცხოვრებაში მუდმივად გვიწევს სხვა და სხვა მიზნების დასახვა და მათი მიღწევა. მიზნის დასახვა ყოველთვის პასუხობს კითხვას –  რა?  ანუ რა მჭირდება (პირველი დონე).   იმისთვის, რომ მიაღწიო ამ მიზანს, უნდა იცოდე  როგორ, ანუ რა ქმედებებია საჭირო იმისათვის, რომ მიაღწიო მიზნით დასახულ შედეგს (მეორე დონე). როდესაც ავირჩევთ მიზანს, დგება საკითხი:  რისთვის  მჭირდება ეს? საკუთარი თავის წინაშე    დასმული კითხვა -“რისთვის?“ (მესამე დონე) საკმაოდ საინტერესო და მძლავრ ფაქტორად გვევლინება. ერთის მხრივ ის სწრაფად ავლენს გამოუსადეგარ ქმედებებს, ხოლო მეორეს მხრივ, მას შეუძლია იმ სახის ქმედებებს გამოაშკარავება, რომლებიც განაპირობენ მაღალ მოტივაციას.  კითხვები „რისთვის?” ან  „რატომ?“  გვაძლევენ  საშუალებას  ოდნავ შევჩერდეთ და დაუფიქრდეთ რამდენად პასუხობენ ჩვენი ქმედებები და წამოწყებული საქმე დასახულ მიზნებს. იმავდღოულად, მათ შეუძლიათ შეგვმატონ ენერგია, ძალა და ენთუზიაზმი ეს საქმე ნამდვილად ”შენი” და ”საშენოა”.

სხვა და სხვა მიზეზის გამო ან განსხვავებულ სიტუაციებში ადამიანს ხშირად ავიწყდება პასუხი კითხვაზე „რატომ?“ ან  „რისთვის?“ და კარგავს    კავშირს, რომელიც აერთიანებდა ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანთან. იმისათვის, რომ არ შეწყდეს ეს უხილავი კავშირი შემოღებულ იქნა ისეთი ცნებები, როგორიცაა:

·                 დანიშნულება

·                 ფასეულობები

·                 მისია

·                 ცხოვრების მთავარი მიზანი

·                 მოწოდება

საკუთარ თავს ერთხელ  მაინც თუ განუმარტავთ ამ ცნებებს – მიიღებთ პასუხს კითხვაზე “რისთვის”. მოდით დაუფიქრდეთ იმას თუ რა გააჩნია საერთო და რა განასხვავებს    ამ ცნებებს? რა შემთხვევაში და რისთვის გამოვიყენოთ?

დანიშნულება:  მისი განსაზღვრა  გაგცემთ პასუხს კითხვაზე „რისთვის იმყოფებით ამ სამყაროში?“. ახდენს ამის ლაკონიურ, მაგრამ ყოვლისმომცველ ფორმულირებას და განმარტავს    თუ რა უნდა აკეთო. მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ რა იცი, ან რას წარმოადგენ. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის თუ რის გამო ხარ აქ – ეს    დანიშნულებაა.

დანიშნულების განსაზღვრაში ძირითადად დამკვიდრებულია    ორი თვალსაზრისი:

·                 ის ზემოდან მოდის, შენი მიზანია – გამოავლინო ის და მიჰყვე მას;

·                 შენ თვითონ განსაზღვრავ საკუთარ დანიშნულებას, რომელიც    ყველაზე მეტად იწვევს აგღფრთოვანებას, აღტაცებას.

მნიშვნელობა, არ აქვს იმას რომელი თვალსაზრისი უფრო მისაღებია. დაკვირვებითა და პრაკტიკით დასტურდება, რომ როდესაც გაგაჩნია დანიშნულება  ცხოვრება უფრო საინტერესო, ეფექტური, მშვიდი ხდება, საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ხდებით ვიდრე მის გარეშე.

განვიხილოთ დანიშნულების რამდენიმე შესაძლო მაგალითი:

– „დაეხმარო ადამიანებს მოძებნონ (მოიპოვონ) საკუთარი გზა“ – ფსიქოლოგი, პედაგოგი…

– „შექმნა უფრო   ჰარმონიული, ლამაზი სამყარო“    – ხელოვანი, დიზაინერი, მშენებელი, მებაღე…

– „შეუმსუბუქო ადამიანებს ცხოვრება“ – ექიმი, პროგრამისტი, მლესავი…

თქვენც შეგიძლიათ ჩამოწეროთ დანიშნულების საკუთარი მაგალითები და მიუსადაგოთ შესატყვისი    საქმიანობა, ან თქვენი საქმიანბის შესაბამისად გაიგოთ რა დანიშნულება გაქვთ თქვენ …

გახსოვდეთ, რომ დანიშნულებას    შეზღუდული თვისება გააჩნია – ის განისაზღვრება მხოლოდ იმისთვის, ვისაც მიეკუთვნება.

ფასეულობები:    წარმოადგენს იმას, რაც ცხოვრებაში თქვენთვის  ყველაზე ღირებულია. სიმშვიდე, სიბრძნე, სიუხვე, სიმამაცე, ცნობიერება, ოჯახი, ურთიერთობები, ფული, სითბო, მეგობრობა, ნდობა, რწმენა –   ყველაფერია, რასაც აფასებ? საერთოდ, ფასეულობების სია საკმაოდ დიდია. სტივ პავლინმა თავის სტატიაში  “List of Values“    374 შესაძლო ფასეულობა  ჩამოთვალა.

თქვენც შეგიძლიათ    დაასახელოთ  მხოლოდ თქვენთვის არსებული ფასეულობები.

ამ ეტაპზე ჩემი ფასეულობებია:

·                 სულიერი სიმშვიდე;

·                 დამოუკიდებლობა;

·                 განვითარების შესაძლებლობა;

·                 ოჯახი;

·                 ჯანმრთელობა;

·                 სიყვარული.

არსებობს კლასიკური განმარტება, რომელიც აცხადებს, რომ ფასეულობები ცხოვრების განმავლობაში    ძირითადად არ გეცვლება. შეიძლება შეგეცვალოთ მიზნები ან გარემო, ფასეულობები კი თავის არსში უცვლელი დარჩება. მაგრამ, რამდენად შეესატყვისება ეს განმარტება სიმართლე? სინამდვილეში ფასეულებებიც იცვლებიან – ჩვენი ამოცანაა უფრო მშვენიერი, ლამაზი,  კონკრეტული გავხადოთ და განვავითაროთ ისინი.

ფასეულობებს საკმაოდ მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი თავისებურება გააჩნიათ: ერთის მხრივ გაძლევენ საშუალებას გაერკვე საკუთარ თავში მეორეს მხრივ გზღუდავს. მაგალითად, თუ შენი ფასეულობაა „სულიერი სიმშვიდე“ – მაშინ მიზანი „გარშემო შემოუარო დედამიწის“ შეუსრულებელი დაგრჩება. თუ ფასეულობას „ძალაუფლება“ წარმოადგენს – მაშინ სანდო ურთიერთობებს ვერასოდეს ვერ მიაღწევ.

თუ მიზანსა და ფასეულობებს შორის გაჩნდა უთანხმოება, უნდა დაუფიქრდეთ, რა გზღუდავთ და აბრკოლებს წინსვლას. ამის შედეგად შეიცვლება ან მიზანი, ან ფასეულობა. თუ არასოდეს არ გიფიქრიათ ფასეულობებზე, პირველ რიგში ჩამოწერეთ მათი ნუსხა ,მონიშნეთ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენთვის და ამგვარად დაადგენთ    თქვენ ფასეულობებს.

მისია:

მისიის ყველაზე მარტივი განმარტებაა –  დანიშნულება + ფასეულობები.  რეალურად ეს  ასეა, სხვაობა მხოლოდ ფორმაშია.ხატოვნად რომ ვთქვათ, მისია, დანიშნულების და ფასეულობებისგან განსხვავებით წარმოადგენს არა მხოლოდ სიტყვებს, წინადადებებს – არამედ სრულ ტექსტს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი ცნობიერების დონე ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე საკმაოდ დაბალია – მისია მეტად  აგაღფრთოვანებთ, ხოლო თუ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თქვენი ცნობიერების დონე მაღალი გახდა – ის გარდაიქმნება    მოტივირების მძლავრ ფაქტორად. მაგალითისთვის:

–                 „ვაკეთო საქმე, რომელიც    ჩემს ოჯახს ან სხვა ადამიანებს გაუადვილებს ცხოვრებას“.

ყურადღებით თუ ჩაუღრმავდებით მისიაში დანიშნულებაათან ერთად ფასეულობებსაც ამოიკითხავთ, მაგრამ ეს მხოლოდ ასეთ ფორმულირებაში ხდება გასაგები, რომელშიც ცხადად ჩანს რას გულისხმობ, როგორ აპირებ გამოამჟღავნო საკუთარი ფასეულობები ცხოვრებაში. მისია პასუხს გვაძლევს კითხვებზე: „რა?“, „როგორ?“ და „რატომ?“/“რისთვის?“ და ეს    აბსტრაგირების მხოლოდ ძალიან მაღალ დონეზე ხდება.

დანიშნულებისა და ფასეულობების დადგენასთან შედარებით  ამ ცნების ფორმულირება – უფრო შემოქმედებითი პროცესია,. მაგალითად, თუ გაგაჩნიათ ბიზნესი, ან უბრალოდ რაღაცას საქმიანობთ –    წერილობით ფორმაში ჩამოაყალიბეთ თქვენი ფირმის ან საქმიანობის მისია და რეალობას სულ სხვა თვალით დაინახავთ.

ცხოვრების უმთავრესი მიზანი

თავიდანვე გვსურს გაცნობოთ, რომ უამრავი ადამიანი იბადება, ცხოვრობს და კვდება ამგვარი მიზნის გარეშე და არც უფიქრდება ამას.

ცხოვრების უმთავრესი მიზანი  – კონკრეტულია, ის    გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრის პრინციპით ფორმულირდება, ზოგ შემთხვევაში იმდენად ფართო და გლობალურია, რომ ამ სახის მიზნის მისაღწევად ერთი სიცოცხლეც კი არ არის საკმარისი. ამისათვის    უდიდესი მიზანდასახული ძალისხმევაა საჭიროა. ამ სახის    მიზანი თავისთავად არ მიიღწევა. მას მხოლოდ ერთეულები აღწევენ.

ცხოვრების ყველაზე მთავარი (ღირსეული) მიზნის მიღწევას ხშირ შემთხვევაში გარე სამყაროსთან (გარემოსთან) ბრძოლა ახლავს თან და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის სასარგებლოა ადამიანთა უდიდესი ნაწილისთვის    – საზოგადოება, როგორც წესია, არ არის მზად მისი მიღებისა და აღიარებისათვის, რადგან როგორც ყოველთვის ცვლილებების შიში გააჩნია. (გავიხსენოთ მობილური ტელეფონი, რომელსაც გამოჩენის პირველ ხანებში  ბავშვს არც ვაკარებდით იმის შიშით, რომ ვითომ მას გამოსხივება გააჩნია, დღეს კი პირიქით თავისუფლად ვსარგებლობთ და სულაც არ გვეშინია).

ამ მიზნის მქონე ადამიანები განსხვავდებიან უმეტესობისგან, უცნაურად გამოიყურებიან მასის ფონზე. მაგრამ ერთი წუთით მაინც ეცადეთ წარმოიდგინოთ,    რომ არ არსებობდნენ ამგვარი „შერეკილები“, სად ვიქნებოდით ამჟამად?    ისინი ნამდვილი ”გენიოსები“ არიან და მათ გარეშე კაცობრიობა პირველყოფილების სტადიაში დარჩებოდა.

მოწოდება

მოწოდება – ეს ის ცნებაა, რომელიც    ყველაზე მეტად მოგვწონს და რომელიც გვიტაცებს. რით განსხვავდება ის  დანიშნულებისგან? დანიშნულება წარმოადგენს იმას, რაც უნდა ვაკეთოთ, მოწოდება კი – იმას, რისი კეთების უნარი შეგწევს და გვიყვარს.

იმისათვის, რომ ყველაფერი უფრო გასაგები გახდეს  შეგვიძლია ეს მოსაზრება    შემდეგი მოდელის    მაგალითებზე განვიხილოთ, წარმოიდგინეთ, რომ:

1.         არის საქმე, რომლის კეთება    არ გიყვარს  და  ცუდადაც გამოგდის –  ეს ნამდვილად შენი მოწოდება არ არის;

2.         არის საქმე, რომლის კეთება    არ გიყვარს,  მაგრამ  ძალიან კარგად  გამოგდის. იქნება ეს შენი მოწოდება? საეჭვოა… ვინაიდან ამ საქმის კეთებისგან არ მიიღებ სიამოვნებას.

3.         არის საქმე, რომელიც  ძალიან გიყვარს,  მაგრამ  ცუდად გამოგდის.   თუ ეს მართლა ასეა, გააგრძელე, დააგროვებ გარკვეულ ცოდნას, უნარ-ჩვევებს და საბოლოოდ    შედეგსაც მიიღებ. ამ საქმის კეთება – შენი მოწოდებაა.

4.         არის საქმე, რომლის კეთებაც  ძალიან გიყვარს  და ძალიან  კარგად გამოგდის.უდაო – ეს შენი მოწოდებაა.

ამ მაგალითის მე-3 და მე-4 პუნქტები წარმოადგენენ ჭეშმარიტებას? არსებობს იმ საქმეების რიგი, რომელთა კეთება    გიყვარს? ზოგს კარგად აკეთებ, ზოგს ნაკლებად? აირჩიეთ ის, რაც ყველაზე ძალიან გიზიდავთ ან გხიბლავთ. იცოდეთ, რაც უფრო მაღალია თქვენი აღტაცება – მით უფრო მეტ სარგებლობას მოიტანთ მომავალში, მით უფრო მაღალი დონის მცოდნე ან ექსპერტი გახდებით ამ საქმიანობაში და შესაბამისად მეტი ადამიანი იქნება მადლიერი.

თუ ჯერ-ჯერობით არ მოგისინჯიათ ძალები სხვა და სხვა საქმიანობაში – დაიწყეთ ამით.

შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ დანიშნულება, ფასეულობები, მისია, ცხოვრების მთავარი მიზანი და მოწოდება გვაძლევენ საშუალებას უკეთესად განსაზღვროთ ჩვენი მიზნები, გვიქმნიან უდიდეს სტიმულს, მოტივაციას და, რაც მთავარია, გვეხმარებიან ქმედებებში. ერთია, როდესაც შენ მხოლოდ საკუთარი (პირადი) ეგოისტური მიზანი გაგაჩნია და სხვა არის, როდესაც შენ იცი „რატომ?“ და „რისთვის?“ აკეთებ ამას. უნდა გვახსოვდეს, რომ  რაც უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება სარგებლობის მომტანი  დასახული მიზანი   – მით უფრო სწრაფად ამოქმედდება ყველა მექანიზმი, რათა ეს მიზანი მიღწეულ იქნას.

სულ არ არის აუცილებელი, რომ განსაზღვროთ, დაადგინოთ თქვენი დანიშნულება, ფასეულობები, მისია, ცხოვრების მთავარი მიზანი და მოწოდება – მილიარდი ადამიანი ხომ არსებობს ამის გარეშეც,მაგრამ წარმოიდგინეთ რამდენად შესანიშნავი ხდება სიცოცხლე, როდესაც იცი, რისთვის ცხოვრობ და რატომ ხარ ამ ქვეყნად მოსული!

ავტორი :მზია ნაკაშიძე