მოტივაციის წერილი მნიშვნელოვანია. მას ითხოვენ უნივერსიტეტში მიღებისას, და უკვე სამსახურებშიც. ეს უნდა იყოს ინფორმაციული, დამაჯერებელი ნაწერი, რადგან იგი დიდ გავლენას ახდენს მიღება-არმიღების საკითხზე. სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა იწყება მოტივაციის კითხვით, მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან სხვა საბუთების განხილვაზე, ამიტომ უნდა ეცადო, პირველივე სიტყვიდან მოახდინო შთაბეჭდილება.

როგორი უნდა იყოს კარგი სამოტივაციო წერილი?
წერილის მოცულობას განსაზღვრავს ორგანიზაცია, რომელსაც კონკურსი აქვს გამოცხადებული. სტანდარტის არარსებობის შემთხვევაში შეეცადე დაახლოებით 300 სიტყვა მაინც დაწერო. ეს ერთი ნაბეჭდი გვერდია. სამუშაო, ან ადგილი უნივერსიტეტში ამად ნამდვილად ღირს.

ყურადღება მიაქციე სტრუქტურულ და ორთოგრაფიულ მხარეს. სამოტივაციო წერილი აბზაცებად უნდა იყოს დაყოფილი. შეეცადე, ერთი სათქმელი მოათავსო ერთ აბზაცში.

დაანახე, რომ იცი რა ორგანიზაციაა, გესმის მათი მოთხოვნები და იცი მათი საქმიანობის შესახებ. ეს ინფორმაცია შეგიძლია ინტერნეტში ან სხვადასხვა ცნობარებში მოიძიო, თუმცა სამოტივაციო წერილში სიტყვასიტყვით არ უნდა გადმოწერო.

გამოკვეთე პრიორიტეტები, აჩვენე შენი დაინტერესების ერთი ან ორი ვიწრო სფერო, სადაც მუშაობს ეს ორგანიზაცია და შენც გაქვს შესაბამისი გამოცდილება. თითოეული ნათქვამი გაამყარე შესაბამისი არგუმენტებითა და მაგალითებით. უნდა დაანახვო, რომ შენ ხარ ის ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც ეძებენ.

ზოგჯერ სამოტივაციო წერილის შესავალს იწყებენ ხოლმე კითხვაზე პასუხით – რატომ მე? თუმცა ეს ყოველთვის არაა აუცილებელი. თითოეული სამუშაო/სასწავლო ისტორია ინდვიდუალურია, ამიტომ ჯობია ამოხვიდე საკუთარი გამოცდილებიდან, და მოერიდო ინტერნეტიდან, სხვისი წერილებიდან რამის დაკოპირებას.

წერისას უნდა გამოიჩინო გულახდილობა. დაწერო სიმართლე, და არაფერი სიმართლის გარდა. დაუშვებელია ტყუილი, ისევე როგორც სენტიმენტალურობა. ეს სამოტივაციო წერილის უარყოფით მხარედ ითვლება. სათქმელი ჩამოაყალიბე ლოგიკურად და დამაჯერებლად.

წერის დამთავრების შემდეგ ცოტა ხანს გვერდზე გადადე, რამდენიმე საათით, ან თუ საშუალება გაქვს – რამდენიმე დღითაც. შემდეგ დაუბრუნდი და ხელახლა ყურადღებით წაიკითხე. საკუთარ თავს ჰკითხე: მე რომ დამსაქმებელი ან უნივერსიტეტის კომისიის წევრი ვიყო, მივიღებდი ასეთ ადამიანს? ჩანს ამ წერილში ის უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ამ პოზიციისათვის? შეგიძლია ეს სამოტივაციო წერილი წააკითხო მეგობარს ან კოლეგას. იგი უკეთ დაინახავს მის ძლიერ და სუსტ მხარეებს. შეასწორე და გაგზავნე.

წარმატებას გისურვებთ.

წყარო: gijmaj.wordpress.com