ვიზუალიზაციის სასწაული
“დააკაკუნეთ და გაგეღებათ, ითხოვეთ და მოგეცემათ”
ახალი აღთქმა

ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, განუმეორებელი და როგორც ჩინური ანდაზა ამბობს, “სამყაროს ცენტრია”. ყველა ადამიანს აქვს რაღაც, რომელიც დედამიწაზე არავის არ აქვს, ეს მისი ინდივიდუალიზმია.
ისევე როგორც არ არსებობს ორი ერთნაირი წყლის წვეთი თუ თოვლის ფიფქი, ისე არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი და სხვათა შორის ეს ინდივიდუალურობა ბევრ სხვა ასე ვთქვათ, პარამეტრებთან ერთად ჩანს მის თითების ბალიშების ანაბეჭდებში, რომელიც დაქტილოსკოპიის სახელით არის ცნობილი და გამოიყენება დამნაშავეთა იდენტიფიკაციისთვის.


ის, რომ ხელზე და კონკრეტულად ხელის თითებზე აღბეჭდილი ხაზები ინდივიდუალურია, ამის შესახებ საკმაოდ საინტერესო ცნობას ვხვდებით ბიბლიაში, ძველის აღთქმაში, კონკრეტულად “იობის წიგნში”, სადაც 32-ე თავის მე-7 მუხლში წერია: “ის ბეჭდავს ყოველივე ადამიანის ხელს, რომ მთელმა ხალხმა იცოდეს მისი ნამოქმედარი”.
და თუ ვამბობთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მაშინ ყველა ადამიანს აქვს თავისებური, ინდივიდუალური კავშირი ღმერთთან. მთავარია კონკრეტული ადამიანი რამდენად აცნობიერებს, ამ კავშირს, რამდენად აღიქვამს, რომ ის არის განუმეორებელი და მისი ხიბლი სწორედ ამაშია. სხვათა შორის, ჩვენ თუ ასე შევხედავთ ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც უკანასკნელ მაწანწალას, სულ სხვა კუთხით დავინახავთ მას. ჩვენ შინაგანად დავინახავთ რომ, მიუხედავად ამ ადამიანის ფიზიკური ცხოვრებისა, აქვს მას რაღაც “ისეთი”, რომელიც ასე ვთქვათ, “ანათებს” და ეს “ნათება” არის მისი, როგორც ინდივიდის კავშირი ღმერთთან.
სწორედ ამ ინდივიდუალურობიდან გამომდინარე ყველა ადამიანმა თქვას ფრაზა, “დიახ, მე ვარ ინდივიდუალური და განუმეორებელი”. ყველა ადამიანს შეუძლია თავისებურად, ინდივიდუალურად გააკეთოს და ის იყოს მართალი. მის აზრში, მის სიტყვაში, მის მოქმედებაში იყოს ჭეშმარიტება.
და რას აკეთებს ადამიანი იმისათვის, რომ ჰქონდეს ის, “რაც მას უნდა” ან იყოს ის, “ვინც უნდა რომ იყოს”?!
აქ უკვე მივედით პირველ იმპულსთან (გნებავთ დავარქვათ მას კომპონენტი) – სურვილთან.
ადამიანმა უნდა თქვას, “დიახ, მე მაქვს სურვილი, რომ შევცვალო ჩემი ცხოვრება” ყველაფერი იწყება სურვილიდან, მძაფრი, მწველი სურვილიდან.
სულ ერთია ეს ცვლილება რას ეხება – ურთიერთობებს, ოჯახის შექმნას, ფულის გამომუშავებას, უძრავ ქონებას, უცხოეთში გამგზავრებას, ცოდნის მიღებას და ა. შ.
სამყაროში არსებობს დრო, რომელიც საჭიროა ადამიანის სურვილის აღქმისთვის და ასე ვთქვათ, ამ სურვილის შესასრულებლად სამყაროს “მობილიზებისთვის” და ეს დრო ძალიან კონკრეტულია (ალბათ, ზედმეტია იმის თქმა, რომ სამყარო ადამიანს ეხმარება სურვილების ასრულებაში). ამ ყველაფერს სჭირდება 68 წამი. არც მეტი, არც ნაკლები. რწმენით აღსავსე და ოპტიმისტი ადამიანი იტყვის: “სულ 68 წამი, რა კარგია, ფანტასტიკურია”, სკეპტიკოსმა და პესიმისტმა ადამიანმა შეიძლება თქვას: რატომ 68 წამი და არა 68 წელი, ან უფრო მეტი?!
ზუსტად აქ არის განსხვავება, თუ როგორ აცნობიერებს (აღიქვამს) ორი ადამიანი სამყაროს და რა გასაკვირია, რომ სწორედ ასევე აღიქვამდეს სამყარო მათ და მათ სურვილებსაც – ერთს სურვილი შეუსრულდება სწრაფად, ხოლო მეორეს ძალიან გვიან ან საერთოდ არ შეუსრულდება.
ჩვენ აქ მივადექით ძალიან საინტერესო ფენომენს – ცნობიერებას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეუძლებელია ადამიანმა შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, სანამ საკუთარ ცნობიერებას არ შეცვლის. ადამიანის ცხოვრების ცვლილება უპირველესად იწყება მის ცნობიერების შეცვლით. ეს არის სამყაროს კანონი.
არსებობს ასეთი ამერიკული ანდაზა, “ვერ გამდიდრდები, სანამ ღარიბი ხარ!”. აქ პირველ ნაწილში იგულისხმება მატერიალური სიმდიდრე, ხოლო მეორე ნაწილში – თუ შეიძლება ასე ვთქვათ, “ღარიბი ცნობიერება” ან “ცნობიერების სიღარიბე”.
ერთმა ამერიკელმა მილიარდერმა, როდესაც მას შეკითხვა დაუსვეს: “იცოდით, თუ არა, რომ თქვენ ასე გამდიდრდებოდით”, უპასუხა: “დარწმუნებული ვიყავი”.
პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უპირველესი “სამუშაო”, რაც ადამიანს საკუთარი ცხოვრების შეცვლისას, პირველ რიგში მართებს – ეს არის საკუთარი ცნობიერების, მიდგომების, ქცევის, უნარების შეცვლა.
და სულაც არის ეს შეუძლებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება გამოჩნდეს. და რომ პრობლემა არა გარეგან ფორმებში, არამედ შინაგან სამყაროშია, თვალსაჩინოებისთვის ამ ქართულ იგავშიც ჩანს:
“იყო ერთი ბიჭი, რომელსაც დღენიადაგ დასცინოდნენ. ერთხელ, ბიჭმა თქვა:
– “იქნებ, ჩემს ჩოხას დასცინიან, ჩოხას გავიხდი, ახალუხს ჩავიცვამ და ხალხიც აღარ დამცინებსო”.
მართლაც, მეორე დღეს ხალხში ჩოხის მაგივრად ახალუხით გავიდა, მაგრამ კიდევ მეტად დასცინეს. მაშინ მას ერთმა მოხუცმა კაცმა უთხრა:
– “ტანსაცმელს ნუ იცვლი, ხასიათი გამოიცვალეო”.
ამ იგავში ნათლად ჩანს, რომ საჭიროა ჩვენი შინაგანი სამყაროს შეცვლა, ჩვენი მიდგომების, უნარ-ჩვევების გამოცვლა, დახვეწა და განვითარება. აქ უნდა ჩაირთოს პირველი იმპულსი – მწველი სურვილი.
თუ ადამიანს აქვს მძაფრი, თუ კიდევ უფრო დავაზუსტებთ, მწველი სურვილი, შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, თუნდაც რაიმე მიზნის მიღწევის გზით, მაშინ ის იწყებს… ფიქრს! ის იწყებს მიზანმიმართულ, კონცენტრირებულ ფიქრს და საკუთარ აზრებში გზების ძიებას.
როგორც ერთ საათიანი ან თუნდაც ერთ წლიანი ფიზიკური ვარჯიშით დიდი შედეგების მიღწევა არ ხდება, ისე შეუძლებელია ერთ საათში ან თუნდაც ერთ წელში საკუთარი ცხოვრების ისე შეცვლა, როგორც ეს ამა თუ იმ ადამიანს სურს.
თუმცა ერთ წუთში შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება, გადაწყვეტილებისა, რომელიც ხდება ადამიანის წინსვლის ძლიერი იმპულსი. ადამიანი არა მხოლოდ საკუთარ აზრებში, არამედ უკვე ფიზიკურ სამყაროში იწყებს მიზანმიმართულ, კონცენტრირებულ შრომას საკუთარი ცხოვრების შეცვლისთვის (საკუთარი ცნობიერების შეცვლის გზით).
აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აზრები ემოციების გარეშე ეს ფუჭი და არაფრისმომტანია, ამიტომ, აზრებისთვის და სიტყვებისთვის აუცილებელია ემოციური მუხტი, ანუ უემოციო აზრები არ იძლევიან შთაგონებას, არ იძლევიან წინსვლის მძლავრ იმპულსებს. პოზიტიურად დამუხტული ემოციური აზრები, ემოციური განცდები ადამიანს ანიჭებენ წინსვლის და წარმატების მიღწევის უდიდეს იმპულსებს.
ცხადია ადამიანს ეხმარება დადებითი ემოციები და ხელს უშლის და აბრკოლებს ნეგატიური ემოციები, ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ცნობიერების, ქცევისა თუ უნარების შეცვლაზე, აქ დიდი როლი აკისრია ემოციების მართვას, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს მართოს საკუთარი ემოციები. მართვაში უპირველესად იგულისხმება – აქცენტი დადებით ემოციებზე და ნეგატიური ემოციების სრული ინგორირება (“ვერ დანახვა”, “არ ცნობა”). ეს ძალიან უბრალოდ, ხდება – ადამიანი საკუთარ პრობლემებს არ აღიქვამს როგორც პრობლემებს, არამედ როგორც მოსაგვარებელ საკითხებს და ამ საკითხებს მოგვარებას წინდაწინ “ხედავს”, ის დარწმუნებულია და ამავ დროულად ღრმად დარწმუნებულია, რომ ამ საკითხებს ძალიან უბრალოდ მოაგვარებს. ადამიანი ერთი წუთითაც “არ უშვებს”, რომ ეს შეუძლებელია.
ემოცია და აზროვნება ეს ვიბრაციაა, ენერგიაა და სწორედ ამ ენერგიის მართვაა მნიშვნელოვანი, საჭიროა ვისწავლოთ საკუთარი ემოციების მართვა. არ უნდა დაგვავიწყდეს სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კანონი – მიზიდულობის კანონი. ადამიანი სწორედ საკუთარი ემოციებით, ემოციური აზრებით, განცდებით იზიდავს და ქმნის საკუთარ ცხოვრებას. რასაც ფიქრობ, გრძნობ და განიცდი – სწორედ ის “მოდის”!
შევეცადოთ, ჩამოვთვალოთ (მეტ-ნაკლებად რა თქმა უნდა), დადებითი და უარყოფითი ემოციები, რომელიც გაგვიადვილებს იმის დანახვას, თუ რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და რისი იგნორირება უნდა მოხდეს.
უარყოფითი ემოციები და შეგრძნებები:
მოწყენილობა, პესიმიზმი, დაუკმაყოფილებლობა, გაღიზიანება, მოუთმენლობა, აფორიაქება, იმედგაცრუება, ეჭვი, შფოთვა, გაკიცხვა, სევდიანობა, განრისხება, შურისძიება, სიძულვილი, რისხვა, ეჭვიანობა, შური, დაურწმუნებლობა, დანაშაულის შეგრძნება, შიში, მწუხარება, დარდი, დეპრესია, სასოწარკვეთილება, უძლურება.
პოზიტიური ემოციები და შეგრძნებები:
სიხარული, “ცოდნა” (პირობითად ეს აღვიქვათ დადებით ემოციად), უსაზღვრო შესაძლებლობების განცდა, ძლიერება, თავისუფლება, სიყვარული, მადლიერება, ვნება, გატაცება, ჟინი, ენთუზიაზმი, მისწრაფება, ბედნიერება, პოზიტიური მოლოდინი, რწმენა, ოპტიმიზმი, იმედი, კმაყოფილება.
ცხადია, საკუთარ თავში ნეგატიური აღმოფხვრა და პოზიტიურის “მუდმივად წახალისება”, მასზე აქცენტის გაკეთება იწვევს “მსგავსის მოზიდვას”. ეს კარგად ჩანს როგორც კონკრეტული ადამიანის, ისე ქვეყნის მდგომარეობაში – როგორ ემოციურ სიხშირეზეც იმყოფება კონკრეტული ადამიანი თუ ქვეყანა, სწორედ ისევე ცხოვრობს.
ასე რომ, გააკეთეთ აქცენტი პოზიტიურზე, დატკბით და იყავით ბედნიერები იმით – რაც გაქვთ და ნუ იქნებით უბედურები და ნუ დაიტანჯავთ თავს იმით, რაც არ გაქვთ.

ყარო: zodiaqo.blogspot.com