ლამაზი და დიდი კაბინეტი. საოცრად კომფორტული საოფისე სავარძელი. მდივანი – 90 – 60 – 90. ყველა პატივს გცემს და შენს აზრს ითვალისწინებს. ნამდვილი ნეტარებაა, არა? 
თუმცა ჯერ ძალიან ადრეა. მართალია, ოცნება არ ვნებს ( мечтать не вредно), მაგრამ ჯობს მიწაზე დავეშვათ და რეალობას გავუსწოროთ თვალი. თქვენ, ჯერ მხოლოდ გასაუბრებაზე ხართ დაბარებული. წინ საკმაოდ რთული მისია გელით. თქვენი მომავალი, ხომ შეიძლება ამ ერთ გასაუბრებაზე იყოს დამოკიდებული. ამჯერად არ მოვყვები იმის შესახებ თუ რა უნდა თქვათ ან არ თქვათ ინტერვიუზე. მხოლოდ წმინდა ვიზუალურ მხარეზე მექნება საუბარი. მაშ ასე, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მამაკაცი სამსახურეობრივ გასაუბრებაზე.

1. გამორიცხეთ ჯინსები. ჯინსის მოყვარულთ მინდა, შეგახსენოთ, რომ ტანსაცმლის ეს სახეობა თავდაპირველად მუშებისათვის იყო შექმნილი და ის არანაირად არ უხდება საქმიან გარემოს. რა თქმა უნდა იმასაც გაააჩნია, თუ რა ვაკანსიაზე ან რა სახის ორგანიზაციაში გაქვთ შეტანილი განაცხადი. თუმცა, თუკი გასაუბრებაზე ბანკში, სადაზღვევო კომპანიაში ან ვთქვათ, რომელიმე სახელმწიფო ორგანიზაციაში მიდიხართ, არჩევანი კლასიკურ ტანსაცმელზე უნდა შეაჩეროთ.
2. კოსტუმი. თავისთავად სასურველია, რომ კოსტუმი გეცვათ, თუმცა შესაძლებელია იგი კლასიკური სტილის ჟაკეტითაც ჩაანაცვლოთ. თუ ზაფხულის პერიოდია და „ბუღი ასდის ქალაქს“, თავისთავად ცხადია შეგიძლიათ მასაც აარიდოთ თავი.
3. პერანგი. ვერაფერი შეედრება კლასიკურ თეთრ პერანგს. ამასთან შავთან კომბინაციაში იგი უზადოდ მოქმედებს. თუმცა, შეგიძლიათ უფრო თბილ ტონალობებსაც მიმართოთ. მთავარია ძალიან არ გადააჭარბოთ და კაშკაშა სტაფილოსფერი ან წითელი პერანგით არ შეიმოსოთ. ამასთან, გაითვალისწინეთ რომ პერანგი ძალიან კარგად უნდა იყოს დაუთოებული.
4. ჰალსტუხი: გავიკეთოთ თუ არ გავიკეთოთ: საკითხავი ეს არის! პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ მისი გაკეთება სავალდებულო არ არის, მაგრამ მაინც გირჩევდით მიმართოთ მას. ჩემი აზრით, ის ერთ–ერთი მთავარი ელემენტია საქმიანი ადამიანის იერში. გეთანხმებით, მისი გაკეთება არც თუ ისე მარტივია. ამიტომ შევარჩიე ვიდეო, რომელიც დაგეხმარებათ ამ „საოცრად რთული“ ხელობის დაუფლებაში.
5. სამკაულები. რაც ნაკლები იქნება, მით უკეთესი. აქვე, გთხოვთ, არანაირი პირსინგები! გაითვალისწინეთ, ერთმა პატარა საყურემ წარბში შეიძლება ოცნების სამსახური დაგაკარგვინოთ.
6 . ხელჩანთა. ხელის ჩემოდანი იდეალური დამატებაა საქმიანი იმიჯისათვის. თავისთავად ცხადია, მასში ყველა თქვენი დიპლომი, სერთიფიკატი, რეზიუმე და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტი უნდა იყოს მოთავსებული.
7. შორს ბოტასები და კეტები! მართალია, კეტებისა და კლასიკური კოსტუმის შეხამება რაღაც პერიოდი მედორიც კი იყო, მაგრამ ასეთ ექსპერიმენტებს სამსახურეობრივ გასაუბრებაზე ნამდვილად არ გირჩევთ.