როგორ გგონიათ, ვინ არის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი? ბილ გეიტსი? უორენ ბაფეტი? არა, ისინი ახლოსაც ვერ მივლენ ჯონ როკფელერთან, რომელიც ყველა დროის უმდიდრეს ადამიანად ითვლება. ჩვენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეული მოგიმზადეთ და ამ სტატიაში სწორედ მათზე მოგიყვებით.
ჯონ როკფელერი

პირველ რიგში თქვენს ყურადღებას სწორედ ჯონ როკფელერზე შევაჩერებთ. ჯონ როკფელერის ქონება სიმდიდრის მწვერვალზე 318 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა (2007 წლის დოლარის კურსით) და ამ დროს იგი 74 წლის იყო. ახალგაზრდობაში როკფელერი მხოლოდ ორ რამეზე ოცნებობდა: ეშოვა 100 ათასი დოლარი და ეცოცხლა 100 წელი. იგი გარდაიცვალა ორი თვით ადრე, სანამ 98 წლის გახდებოდა, თუმცა პირველი ოცნება მან მართლაც აისრულა.

ჯონ როკფელერი საშუალო შეძლების ოჯახში დაიბადა. მისი მამა უილიამ ავერი როკფელერი, რომელიც ცნობილი იყო ზედმეტსახელით ”დიდი ბილი”, ყველაზე მეტ დროს იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ გაქცეოდა სამუშაოს. დედამისი ელიზა კი, როგორც ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენელი, შვილს ბავშვობიდანვე უნერგავდა რწმენასა და შრომის სურვილს. როკფელერმა მოღვაწეობა უბრალო ბუღალტრის რანგში დაიწყო, შემდგომში საბითუმო ვაჭრობის მცირე ბიზნესი წამოიწყო და ბოლოს მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობ-კომპანიის Standard Oil-ის დამფუძნებელი გახდა. მისი კომპანია კი ისტორიაში შევიდა, როგორც აშშ-ს ყველაზე მასშტაბური მონოპოლია. Standard Oil-ს ამერიკის ნავთობის ბაზრის 90% ეკავა. 1911 წელს შერმანის ანტიმონოპოლიური კანონის შემოღების შედეგად Standard Oil 34 დამოუკიდებელ კომპანიად დაიყო, თითოეულის საკონტროლო პაკეტი კი სწორედ როკფელერს ეკუთვნოდა. Standard Oil-ის გაყოფამ ამ უკანასკნელის პირადი კაპიტალი ორჯერ გაზარდა. აღსანიშნავია, რომ დაწყებული პირველი სამუშაო ადგილიდან როკფელერი საკუთარი შემოსავლის 10%-ს მუდმივად ეკლესიას სწირავდა. ამას გარდა, იგი აქტიურად იყო დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობით და ისტორიას შემორჩა, როგორ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილანტროპი. როკფელერის საქველმოქმედო ფონდი ამ დრომდე აგრძელებს ფუნქციონირებას.

ენდრიუ კარნეგი

ენდრიუ კარნეგმა სიმდიდრის მწვერვალს 68 წლის ასაკში მიაღწია. ამ დროისთვის მისი ქონება 298,3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა (2007 წლის დოლარის კურსით). ენდრიუ ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც შოტლანდიიდან პიტსბურგში (აშშ) გადავიდა საცხოვრებლად. 13 წლის ასაკში მან მუშაობა ტექსტილის ფაბრიკაში დაიწყო და კვირაში 6 დღე, 12-საათიანი გრაფიკით მუშაობდა, გასამრჯელოდ კი მხოლოდ 2 დოლარს იღებდა. 16 წლის კარნეგი ტელეგრაფისტად მოეწყო, ხოლო მოგვიანებით პენსილვანიური სარკინიგზო კომპანიის სუპერინტენდანტის ტომას სკოტის პერსონალური დამხმარე გახდა და სწორედ ამ პერიოდში შეისწავლა სარკინიგზო ბიზნესი. სკოტი კარგი მასწავლებელი, კარნეგი კი არაჩვეულებრივი მოსწავლე გამოდგა. როდესაც ენდრიუ 20 წლის გახდა, დედის სახლი დააგირავა და პირველი ინვესტიცია ამ თანხით განახორციელა. მან კომპანია Adam Express – FedEx-ში 500 დოლარი ჩადო, მოგვიანებით კი ფული სხვა კომპანიებშიც დააბანდა, რომელთა უმეტესი ნაწილიც სწორედ სარკინიგზო ბიზნესთან იყო დაკავშირებული. 30 წლის ასაკში მისი აქციათა პორტფელი გაფართოვდა და ამჯერად მასში უკვე ნავთობ-კომპანიებიც მოხვდნენ. ამას გარდა, კარნეგი აქტიურად ახორციელებდა ინვესტიციებს კომპანიაში, რომელიც საზღვაო-სანაოსნო გადაზიდვებით იყო დაკავებული.

თუმცა რეალური ფული ენდრიუს ფოლადის წარმოებიდან გაუჩნდა. 1880 წელს მან ფოლადის ჩამომსხმელი უმსხვილესი კომპანია დააარსა, რომელიც სარკინიგზო რელსებისა და სხვა დეტალების წარმოებით იყო დაკავებული. 1901 წელს 66 წლის ასაკში, კარნეგი ჩამოშორდა საქმეებს და თავისი წილი ჯონ პიერპონტ მორგანს 225 მილიონ დოლარად მიჰყიდა. აღსანიშნავია, რომ ენდრიუ კარნეგი საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, როგორც არა მარტო მსხვილი ბიზნესმენი, არამედ იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილანტროპიც. მოგვიანებით იგი თავის ცნობილ ესსეში The Gospel of Wealth აღნიშნავდა, რომ სიმდიდრე უნდა განაწილდეს სხვა ადამიანების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და ამ გზით მოხდეს საზოგადოების გამდიდრებაც. ენდრიუ კარნეგი საკუთარი სიტყვების ერთგული აღმოჩნდა და ქონების 90% სწორედ ქველმოქმედებაში დახარჯა.

ნიკოლოზ II
II (ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვი) რუსეთის უკანასკნელი მეფე, რომლის ქონებაც 49 წლის ასაკში 235 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. იგი იმპერიას 1894 წლიდან 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციამდე მართავდა. მისი მმართველობა კი მსოფლიოს, პირველ რიგში, რუსეთში ანტისემიტური განწყობების გაზრდით, რუსეთ-იაპონიის ომში რუსეთის დამარცხებით, რევოლუციითა და მისი ძის ავადმყოფობით დაამახსოვრდა, რომლის მკურნალობაც მხოლოდ იდუმალ რასპუტინს შეეძლო. რუსეთის უკანასკნელი მეფის ცხოვრება საიდუმლოებით, მითებითა და მითქმა-მოთქმითაა აღსავსე. თანაც, აღსანიშნავია, რომ თავად ნიკოლოზ II-ს იმაში, რომ მან კაცობრიობის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა, განსაკუთრებული დამსახურება ნამდვილად არ აქვს. მას ეს ყველაფერი მემკვიდრეობით ერგო.

უილიამ ჰენრი ვანდერბილტი

უილიამ ჰენრი ვანდერბილტი, რომლის ქონებამაც პიკს, ანუ 231,6 მილიარდ დოლარს მფლობელის 64 წლის ასაკში მიაღწია, ნამდვილად იღბლიანი ადამიანი იყო. მას ისევე, როგორც დონალდ ტრამპს, ნულიდან ნადვილად არ დაუწყია. მამისგან-კორნელიუს ვანდერბილტისგან უილიამს მემკვიდრეობით 100 მილიონი დოლარი ერგო და თანაც, იგი შვილს ბავშვობიდანვე მემკვიდრედ ამზადებდა. სხვათა შორის, კორნელიუსი საკმაოდ მკაცრი მამა იყო და ზოგჯერ ვაჟს ”არაფრის მაქნის დებილსაც” კი უწოდებდა. რა თმქა უნდა, უილიამი ნამდვილად არ იყო ამგვარი ”ქების” ღირსი, რაც მან შემდგომში საკუთარი საქმიანობითა და მამის იმპერიის გაფართოებით დაამტკიცა კიდეც. ბოლოს და ბოლოს, ურთიერთობები მშობელსა და შვილს შორისაც დალაგდა და კორნელიუსი უკვე ამაყობდა უილიამის მიღწევებით. უმცროსი ვანდერბილტი 1885 წელს გარდაიცვალა და აღსანიშნავია, რომ ამ დროს იგი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო.

ოსმან ალი ხანი, აზაფ ჯა VII

აზაფ ჯა VII, რომელიც 50 წლის ასაკში 210,8 მილიარდ აშშ დოლარს ფლობდა, ჰაიდერაბადისა და ბერარის სამეფოს უკანასკნელი მმართველი იყო. მოგვიანებით კი ეს რეგიონი ინდოეთმა დაიპყრო. თანამედროვეების აზრით, მისი უდიდებულესობა, რომელიც საკმაოდ პროგრესულად აზროვნებდა, სერიოზულად იღვწოდა მასების განათლებისთვის, მეცნიერებისა და მშენებლობის განვითარებისთვის. სწორედ მისი ძალისხმევით გახდა დაწყებითი განათლება აუცილებელი ყველა მოქალაქისთვის და თანაც მისივე ბრძანებით, ღარიბები ამ განათლებას ყოველგვარი საფასურის გარეშე იღებდნენ, ხოლო როდესაც აზაფ ჯა 37 წლის იყო, თავის სამეფოში რკინიგზა და ელექტრობა გაიყვანა. 1937 წელს აზაფ ჯა ჟურნალ Time Magazine-ის ყდაზე, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსით გამოჩნდა.

ენდრიუ მელონი

ცნობილი პიტსბურგერი ბანკირის ტომას მელონის ვაჟის, ენდრიუ მელონის სიმდიდრემ მისი მფლობელის 80 წლის ასაკში 188,8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ენდრიუმ მუშაობა 17 წლის ასაკში, ხის დამუშავების ბიზნესით დაიწყო, 10 წლის შემდეგ კი სათავეში მამის ბანკს ჩაუდგა. ამას გარდა, იგი იმ კომპანიების აქციონერიც იყო, რომლებიც საქმიანობას ნავთობის, ფოლადისა და გემთმშენებლობის მიმართულებით ახორციელებდნენ. 1921 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა უორენ ჰარდინგმა მელონი ფინანსთა მინისტრად დანიშნა და ამ პოსტს იგი ქვეყნის სამი პირველი პირის პრეზიდენტობის დროს იკავებდა. სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში მელონმა შეძლო შეემცირებინა გადასახადები, ფედერალური ხარჯები და გაეზარდა ქვეყნის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი.

ჰენრი ფორდი

ჰენრი ფორდმა 57 წლის ასაკში საკუთარი ქონება 188,1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა და ალბათ ეს ადამიანი ყველაზე ცნობილია რეიტინგში მოხვედრილთა შორის. ჰენრის იცნობს ყველა, იმიტომ რომ სწორედ მან დაუდო სათავე საავტომობილო წარმოებას. მისი მშობლები ფერმერები იყვნენ, თუმცა ახალგაზრდა ფორდი მალევე მიხვდა, რომ მას ნამდვილად არ სურდა მთელი ცხოვრება მინდორში მუშაობაში გაეტარებინა, მით უმეტეს, რომ ბავშვობიდანვე საინჟინრო საქმე იტაცებდა. 12 წლის ჰენრიმ სახლი დატოვა და ქარხანაში მექანიკოსად დაიწყო მუშაობა, 28 წლის კი თომას ედნისონის კომპანიაში მოეწყო, სადაც ძრავასთან დაკავშირებული პირველი ექსპერტიმენტები ჩაატარა. 36 წლის ჰენრიმ თავისი პირველი საავტომობილო კომპანია Detroit Automobile Company გახსნა, რომელიც ორი წლის შემდეგ გაკოტრდა. მოგვიანებით ფორდმა პარტნიორთან ლელანდთან ერთად Henry Ford Company დააარსა. მალევე დამფუძნებლებს შორის უთანხმოება მოხდა და შედეგად, ფორდმა ეს კომპანია დატოვა. ლელანდმა კი მას სახელი გადაარქვა და Cadillac უწოდა. ფორდის მესამე კომპანია წარმატებული გამოდგა, მისი დამფუძნებელი კი ავტომანქანათმშენებლობის ისტორიაში შევიდა, როგორც ადამიანი, რომელმაც კონვეინერი მასობრივ წარმოებაში პირველად დანერგა, ხოლო Ford-ის ავტომობილები ლეგენდარულად აქცია.

მარკუს ლიცინიუს კრასუსი                         

მარკუს ლიცინიუს კრასუსი (ძვ.წ.115 – 53), რომელიც 62 წლის ასაკში 169,8 მილიარდ აშშ დოლარს ფლობდა, რომაელი მთავარსარდალი და პოლიტიკური მოღვაწე იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება სპარტაკის მეთაურობით მონათა აჯანყების ჩახშობა. კრასუსი აღნიშნულ რეიტინგში ყველაზე ადრეული ისტორიული ფიგურაა და აღსანიშნავია, რომ საკუთარი ქონება მან ”რომის მტრების” სახლების იაფად შეძენით, მონებით ვაჭრობის განვითარებითა და ვერცხლის მომპოვებლობით იშოვა. ის არ ყოფილა ბიზნესმენი თანამედროვე გაგებით და ცდილობდა ყველგან საკუთარი ძალაუფლება გამოეყენებინა. ძალაუფლება და გავლენა კი მას ნამდვილად არ აკლდა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბიზნესს გარკვეული გაგებით ამ შემთხვევაშიც ჰქონდა ადგილი. იმ პერიოდში რომში საკმაოდ ხშირი იყო ხანძარი. კრასუსს კი მაღალკვალიფიციური მშენებლების ჯგუფი ჰყავდა. იგი დამწვარ სახლებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებს საკმაოდ იაფად ყიდულობდა და ამ ხერხით კრასუსის ხელში რომის უძრავი ქონება ხვდებოდა.

ბასილი II

ბიზანტიის იმპერატორი ბასილი II იმპერიას 976-1025 წლებში მართავდა და 67 წლის ასაკში 169,4 მილიარდ აშშ დოლარს ფლობდა. მისი მმართველობის დროს ბიზანტიამ ბულგარეთი შეიერთა და საზღვრები მნიშვნელოვნად გააფართოვა. თითქოს იმპერიისთვის ოქროს ხანა უნდა დამდგარიყო, მაგრამ იმპერატორს მემკვიდრე არ დარჩენია და მისი სიკვდილის შემდეგ ბიზანტია ნახევარი ასწლეულის განმავლობაში განადგურდა.

კორნელიუს ვანდერბილტი

რეიტინგში უკვე ვისაუბრეთ კორნელიუსის შვილის შესახებ, რაც შეეხება უშუალოდ კორნელიუსს, უნდა ითქვას, რომ სიაში მოხვდა ისიც, თუმცა უფრო ქვედა საფეხურზე. კორნელიუსის ქონება სიმდიდრის მწვერვალზე 167,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა და ამ დროს მისი მფლობელი 82 წლის იყო. ვანდერბილტმა სკოლა 11 წლისამ მიატოვა. მოგვიანებით კი იგი იხსენებდა: ”მე რომ განათლება მიმეღო, მაშინ არ მექნებოდა დრო მესწავლა სხვა დანარჩენი”. საკუთარი კარიერა კორნელიუსმა ნიუ-იორკში მეტივეობით დაიწყო. 16 წლის ასაკში იმისთვის, რომ გადაზიდვები თავად წამოეწყო, მან დედისგან ფული ისესხა. ბიზნესი საკმაოდ კარგად განვითარდა, ვადერბილტმა კი ზედმეტსახელი ”კომანდორი” მიიღო, რომელიც მას სიცოცხლის ბოლომდე შერჩა. კორნესლიუს ვანდერბილტი ისტორიაში შევიდა, როგორც ხისტი ბიზნესმენი, რომელიც კონკურენტების მიმართ განსაკუთრებულად შეუბრალებელი იყო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხასიათის ამ თვისებამ მას უდავოდ დიდი წარმატება მოუტანა.

წყაეო:.davisvenot.ge