სან-პაულუს საავტომობილო გამოფენაზე, რომელიც 27 ოქტომბერს დაიწყო და 7 ნოემბრამდე  გასტანს, კომპანია “ფიატი” კომპაქტურ როდსტერსა და მოდელის, – Uno, – სპორტულ  ვერსიას წარადგენს. როდსტერი ახალი თაობის მცირელიტრაჟიანი “უნოს” ბაზაზეა  აწყობილი. მას დიდი ჰაერშემაკავებლები და დღის შუქდიოდური ფარები აქვს. პროტოტიპი  ბენზინის, 1,4-ლიტრიანი ტურბინირებული 152 ცხძ-ის სიმძლავრის ძრავითა და 17-დუიმიანი ბორბლების დისკებითაა აღჭურვილი.

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი  ასეთი როდსტერის სერიულ წარმოებაში ჩაშვების ალბათობის შესახებ, თუმცა ზოგიერთი  ექსპერტის მოსაზრებით, ანალოგიური ავტომობილი უფრო ნაკლებად აგრესიული გარეგნობით, კონვეიერზე უახლოეს მომავალში აღმოჩნდება. “ფიატ უნოს” ახალი მოდიფიკაცია 185/60 ზომის საბურავების მქონე, 15-დუიმიანი ბორბლების დისკებით, ასევე წინა და უკანა  სპოილერით აღიჭურვება. იგი ექსკლუზიურ სტაფილოსფრად შეიღებება. “უნოს” კაპოტქვეშ 85 ცხძ-ის სიმძლავრის, 1,4-ლიტრიანი ძრავა იმუშავებს. ახალი თაობის მცირელიტრაჟიანი “ფიატ უნოს” შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა.
ამ ეტაპზე იგი მხოლოდ სამხრეთ ამერიკის ბაზარზე გაიყიდება, თუმცა არც ისაა  გამორიცხული, რომ მომავალში ევროპული ბაზრისთვის მას სერბეთში მდებარე ქარხანა Zastava-ში ააწყობენ. ამჟამად მანქანა 1,0 და 1,4-ლიტრიანი ძრავებით აღიჭურვება, რომლებიც ორ მოდიფიკაციად იქნება ხელმისაწვდომი – ჩვეულებრივ ბენზინზე და  ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მომუშავე.

წყარო/Source:  http://www.ambebi.ge/avto/27635-siakhle-qfiatisganq.html#ixzz1o5cEeclq