ადამიანების უმრავლესობა, ვინც არც საქმის კეთების მოტივაციის ნაკლებობას უჩივის და არც თვითონ საქმის ნაკლებობას, მუდმივად წუხს იმის გამო, რომ არ ყოფნის დღე-ღამეში 24 საათი, კვირაში შვიდი დღე და წლის განმავლობაში 365 დღე. მიუხედავად იმისა, რომ გვიან ღამემდე მუშაობენ, თითქოს ყოველთვის რაღაცას აკეთებენ და მუდმივად ცდილობენ, ყოველ დღე რაც შეიძლება მეტი საქმის გაკეთება მოასწრონ, მაინც ბევრი რამ დაუსრულებელი რჩებათ, მიზნები-მიუღწეველი, ამოცანები-გადაუჭრელი.

თუ უფრო მეტის მოსწრება გინდათ და ეძებთ საკუთარი ცხოვრების და მუშაობის უფრო სწორად ორგანიზების გზებს, მაშინ სცადეთ, გააკეთოთ ცოტა, მაგრამ აუცილებლად რეგულარულად, ჩაგდების გარეშე და რაც მთავარია, ერთი და იმავე დროს და გაოცდებით, რამდენად გაიზრდება თქვენ მიერ გაკეთებული საქმის მოცულობაც და ხარისხიც, ასევე სიამოვნება, რომელსაც მუშაობიდან მიიღებთ.

რამოდენიმე რჩევა, რომელიც ამ პატარა ცვლილებაში შეიძლება დაგეხმაროთ:

1. დაიძინეთ რაც შეიძლება ადრე ყოველ საღამოს და სულ მალე საკუთარ განკარგულებაში აუარებელ თავისუფალ დროს აღმოაჩენთ. შესრულებული სამუშაოს მოცულობაც რამოდენიმეჯერ გაგეზრდებათ (ხარისხთან ერთად). კაცმა რომ თქვას, რა არის ამაში გასაკვირი. ადრე დაძინება ხომ ადრე გაღვიძებას ნიშნავს (მიუხედავად იმისა ვის რამდენი საათის ძილი ესაჭიროება ნორმალური ფუნქციონირებისთვის). დილის საათები ბევრად ნაყოფიერია, ადრე გაღვიძებული ადამიანი, მით უმეტეს თუ ძილიც არ დაკლებია, ხასიათზეც უკეთესზეა და მხნეობასაც უფრო დიდხანს ინარჩუნებს. საქმესაც ბევრს აკეთებს და დროც ბევრად მეტი აქვს. ადამიანისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ციკლიც ასეთ რეჟიმთან ბევრად ახლოსაა, ვიდრე იმასთან, რომლითაც როგორც წესი, ვცხოვრობთ.

2. გამოყავით ერთი ან მაქსიმუმ ორი მოქმედება, რომელიც ყოველდღიურად აუცილებლად უნდა გააკეთოთ. მაგალითად: ყოველ დილას დაფიქრდე, რა გაქვს გასაკეთებელი დღის განმავლობაში, ჩამოწერო, მიუწერო რომელია მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე რთულზე სულ ცოტა ხანი მაინც იფიქრო, როგორ შეიძლება მისი კარგად გაკეთება. ან თქვა, საქმიანობის სპეციფიკის მიხედვით, რომ მინიმუმ ერთი ზარი უნდა გააკეთო კლიენტთან, ან ერთი შეხვედრა ჩაატარო თანამშრომელთან, ან ერთი სატელეფონო ზარი პაციენტთან, 10 პური გამოაცხო, დეტალი გამოჩარხო, სლაიდი მოამზადო, კარგი კადრი გადაიღო. ან რაიმე სხვა, რაც თქვენს უნარებს და შესაძლებლობებს იყენებს და თქვენი ჩვეული საქმიანობის ძირითად პროდუქტს წარმოადგენს. ყოველ დღიურად მცირეს, მაგრამ რეგულარულად კეთება (სასურველია ერთი და იმავე დროს) იმ საქმის კეთებასაც სრულყოფილებამდე მიიყვანს, ჯამში შესრულებული სამუშაოს მოცულობასაც ძალიან გაზრდის და თქვენც უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებთ ამ პროცესისგან, არ გადაიღლებით და არც მოგბეზრდებათ. მთავარია ისეთი რამე გადაწყვიტოთ, რის გაკეთებასაც ნამდვილად შეძლებთ ყოველდღიურად და თანაც მნიშვნელოვანი დაძაბვის გარეშე.

3. გამოყავით კვირის დღეების მიხედვით თითო მოქმედება, რომლებსაც კვირიდან კვირამდე გაიმეორებთ. მაგალითად: ყოველ ორშაბათს მთელი კვირის გასაკეთებელი საქმეების ჩამოწერა (სასურველია დღის პირველ ნახევარში) ან დაგეგმვის შეხვედრა თანამშრომლებთან და კვირის სამუშაოებზე შეთანხმება; სამშაბათს – შეხვედრა თანამშრომლებთან მიმდინარე საოპერაციო საკითხების განსახილველად; ოთხშაბათს ზარები ან ვიზიტები კლიენტებთან, ხუთშაბათს შეხვედრა თანამშრომლებლებთან მხოლოდ განვითარების საკითხებზე; პარასკევს შეხვედრა მენეჯმენტის წევრებთან, ან მათთვის ანგარიშების მომზადება-მიწოდება, ან რაიმე ამის მსგავსი. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან ადვილია დაინახო მოქმედებები, რომელთა განხორციელებაც მუდმივად არის საჭირო და რისთვისაც კვირის ესა თუ ის დღე არის ყველაზე მოსახერხებელი სხვადასხვა მიზეზების გამო. საკმარისია მოინდომო ერთის მხრივ ასეთი მოქმედებების გამოყოფა და მეორეს მხრივ მათი დღეების მიხედვით გადანწილება, რომ ნათლად ხედავ როგორი აუცილებელია კვირის კონკრეტულ დღეს სწორედ ეს კონკრეტული საქმე აკეთო.

4. განსაზღვრეთ წლის თითოეული თვისთვის მხოლოდ ერთი რამ, რომელსაც ყოველ წელს იმ თვეში აუცილებლად გააკეთებთ . მაგალითად იანვარში – ტრენინგზე დასწრება სადმე; თებერვალში – თანამშრომლებთან ერთად მუშაობის მეთოდების ანალიზი და მათი გაუმჯობესების შესაძლებლობების გააზრება; მარტში-ერთ კვირიანი დასვენება ოჯახთან ერთად; აპრილში- პირველი კვარტლის შედეგების ანალიზი და შეფასება; მაისში – მომხმარებლების (ვინც თქვენი მუშაობის შედეგს იყენებს) კმაყოფილების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი; ივნისში – არაფორმალური გასვლითი ღონისძიება თანამშრომლებთან ერთად; ივლისში – ნახევარი წლის შედეგების შესახებ ანგარიშის მომზადება მენეჯმენტისთვის და წლის მეორე ნახევრის გეგმების კორექტირება-შეთანხმება; აგვისტოში – შვებულება, სექტემბერში – ორგანიზაციის, სამსახურის, ან პირადი ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი; ოქტომბერში – მომავალი წლის მიზნების, სტრატეგიის, სამოქმედო გეგმების დამუშავება თანამშრომლებთან ერთად; ნოემბერში – მენეჯმენტისთვის პრეზენტაციის მომზადება მომავალი წლის გეგმების შესახებ; დეკემბერში- არაფორმალური ღონისძიება თანამშორომლებთან ერთად წლის დასრულებასთან დაკავშირებით, ან რაიმე ამის მსგავსი. ყველა ორგანიზაციას და ყველა ადამიანს, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით ასეთი ჩამონათვალი შესაძლოა განსხავავებული ჰქონდეს, მაგრამ თვითონ მისი არსებობა უკვე ზრდის ბევრად მეტი საქმის კეთებისა და ბევრად უკეთესი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას.

5. აუცილებლად შეასრულეთ შერჩეული მოქმედებები ყოველთვის, არ ჩააგდოთ არც ერთი ღონისძიება თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ. ყველაზე რთული სწორედ ამ ბოლო პუნქტის შესრულებაა. ერთი და იმავე მოქმედებების რეგულარულად განმეორებას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თქვენი ცხოვრებაც, თქვენი საქმიანობის შედეგებიც, ერთი შეხედვით წარმოუდგენლად რთული მიზნების მიღწევაში დაგეხმაროთ. ხშირ შემთხვევაში მთელი სირთულე სწორედ ამ რეგულარულობის დაცვას უკავშირდება. თავიდან საკუთარი თავის მიჩვევაა ძნელი, ეჭვიც ბევრია და საფუძველიც იმისათვის რომ ასეთი მოქმედებების უნაყოფობაზე იფიქროთ, ვინაიდან დასაწყისში შედეგი სწრაფად არ უმჯობესდება. მაგრამ, სულ ცოტა ძალისხმევა და რამდენიმე ჯერზე თავის იძულება მალე ამ მოქმედებებს ჩვევაში გადაგიტანთ, რის შემდეგაც იმაზე დაფიქრდებით, როგორ ცხოვრობდით ამის კეთების გარეშე.

თუ ადამიანი რეგულარულად, გამონაკლისის გარეშე, იმეორებს ერთი და იმავე მოქმედებებს, მაშინ ის აუცილებლად მიიღებს განსაკუთრებულ შედეგს. და რაც უფრო რთული იქნება ამ რეგულარულობის შენარჩუნება მისთვის, მით უფრო განსაკუთრებული იქნება შედეგი, რომელსაც ის აქედან მიიღებს. ასე რომ, გადაწყვიტეთ და მერე ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, ყოველთვიურად აუცილებლად გააკეთოთ ის, რაც გადაწყვიტეთ და თქვენ თვითონ გაოცდებით, როგორ ბევრად ადვილი და სასიამოვნო გახდება ცხოვრებაც და მუშაობაც. დრო თქვენი მთავარი მოკავშირე გახდება. აი ამის შემდეგ კი ისღა დაგრჩენიათ დაელოდოთ შედეგს.

წყარო: სტრატეგია და უსაფრთხოება