ნებისმიერი მწეველი ერთხელ მაინც ცდილობს თავი დაანებოს მოწევას. ეს პროცესი ნებისყოფის სიმტკიცესთან ერთად საჭიროებს გარკვეულ ცოდნას, როგორ დავძლიოთ ლტოლვა და მივაღწიოთ წარმატებას. თამბაქოს მოხმარების დამოუკიდებლად გადაჩვევის მსურველებს გთავაზობთ თეორიულ რჩევებს.
  ნებისმიერი მწეველი მისთვის დამახასიათებელი მოწევის ინდივიდუალური მანერით ხასიათდება და ეს პირველ რიგში გულისხმობს ე.წ. რიტუალურ ღერებს მის ,,რაციონში”. ეს ის ღერებია, რომელიც მეორდება ყოველდღიურად სხვადასხვა სიტუაციაში და მწეველისთვის ერთგვარ აუცილებლობას წარმოადგენს. მათზე უარის თქმა განსაკუთრებულად რთულია და თუ გინდათ სიგარეტის მოწევის მცდელობა მარცხით არ დასრულდეს, პირველ დღეებში არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი სასურველი სიგარეტის ღერებზე სიგარეტის გადაგდება დაიწყეთ იმ ღერებზე უარის თქმით, რომელიც თქვენთვის ისედაც არასასიამოვნოა, რომელსაც ეწევით ავტომატურად და ამავე დროს იწვევს ცუდ, არასასიამოვნო შეგრძნებას
 თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული რიტუალი შეცვალეთ მზესუმზირით, საღეჭი რეზინით, კანფეტით, ნუშით, საუბრით
 სიგარეტის  მოწევის პროცესი ერთგვარ სიამოვნებას ანიჭებს მწეველს, ამიტომ აუცილებელი პირობა ამ სტერეოტიპული ქცევის შეცვლაა. გადაჩვევის პერიოდში  შეეცადეთ ხელოვნურად შექმნათ უსიამოვნო გარემო. ძირფესვიანად შეცვალეთ მოწევის სტილი, ხელი, რომლითაც ეწევით, სიგარეტის დაჭერის მანერა, სიგარეტის მარკა და ა.შ.
 თანდათანობით გაზარდეთ მოხმარებათა შორის ინტერვალი: 5-10-15 წუთის ინტერვალის გაზრდით, რაც თავისთავად შეამცირებთ მოხმარებული ღერების რაოდენობას
 სიგარეტის სურვილის გაჩენისას განახორციელეთ ნაფაზის იმიტაცია, შესაბამისი ჩასუნთქვა ამოსუნთქვით (ღრმა და სწრაფი ჩასუნთქვა, ნელი ამოსუნთქვა 5-6-ჯერ, 30 წამი შესვენების შემდეგ გამეორებით, ასე გაიმეორეთ სამი-ხუთი წუთის განმავლობაში, სანამ არ იგრძნობთ ეიფორიულ მდგომარეობას)
 თამბაქოს მოხმარების დაუოკებელი სურვილისას დალიეთ წყალი
 არ შეიძინოთ სიგარეტის მთელი კოლოფი, იყიდეთ იმდენი ღერი, რამდენიც დღის მანძილზე უნდა მოწიოთ. დაზოგილი თანხით კვირის ბოლოს გაუკეთეთ საჩუქარი ოჯახის წევრს ან საკუთარ თავს. ამით თქვენ შეიქმნით და გაიმყარებთ სიგარეტის გადაგდების მოტივაციას
 ნუ იქონიებთ სიგარეტს ახლოს, გახადეთ იგი მიუწვდომელი, ჩააბარეთ  ოჯახის წევრს, შეინახეთ კარადაში,  ნუ იქონიებთ თან ასანთს ან სანთებელას, მოერიდოს მაპროვოცირებელ სიტუაციებს, ალკოჰოლის მიღებას, თამბაქოს მომხმარებელთა გარემოცვას
 აირჩიეთ ღირსშესანიშნავი ან უბრალოდ რაიმე თარიღი (თვე, რიცხვი, კვირის დღე, საათი), როდესაც საბოლოოდ უარს იტყვით სიგარეტზე. თქვენი გადაწყვეტილება გაანდეთ ახლობელ ადამიანებს და სთხოვეთ მხარდაჭერა
 იფიქრეთ რამდენად სასიამოვნოა სიგარეტზე თავის დანებების პროცესი თქვენთვის და გარშემომყოფთათვის. გაითვალისწინეთ, რომ პასიური მწეველი ისეთივე რისკს ექვემდებარება, როგორსაც აქტიური მწეველი
 ისიამოვნეთ საკუთარი ორიგინალობით – არამწეველობა ბევრად უფრო პრესტიჟული და საამაყოა, ვიდრე თამბაქოს მოხმარება
 იფიქრეთ არამწეველობის სიკეთეზე, ჯანმრთელობაზე, გუნება-განწყობის, ყნოსვის, გემოვნების გაუმჯობესებაზე, დილის დაღლილობის მოხსნასა და სიმხნევეზე, თავისუფალ სუნთქვაზე, ენერგიის  და შრომისუნარიანობის მომატებაზე
 იფიქრეთ იმაზე, რომ საბოლოოდ თავისუფლდებით დამოკიდებულებისგან
ნუ შეგაშინებთ ცდუნება და მარცხიც კი. განმეორებითი მოწევის შემთხვევაში გააცნობიერეთ მიზეზი
იცოდეთ, სიგარეტის გარეშე ცხოვრება ნიშნავს თავისუფლებას და მისი მიღწევა სრულიად რეალურია!!!
გისურვებთ წარმატებას და ჯანმრთელობას

წყარო: janmrtelobainfo.ge