ჩინეთმა იაპონია დაჯაბნა და ახლა ის ძლიერი ეკონომიკის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ახლახანს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით,  ჩინეთის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 2010 წლის მეორე კვარტალში  1. 337 ტრილიონი დოლარი შეადგინა, იაპონიის 1.228 ტრილიონთან შედარებით.

თითქმის ოთხ ათწლეულზე მეტი იაპონია სამეწარმეო და ფინანსური ზესახელმწიფოს სტატუსს მტკიცედ ინარჩუნებდა. თუმცა დღეს ტოკიო ფარ-ხმალს ყრის და ეკონომიკური ზესახელმწიფოს სტატუსს ჩინეთს გადასცემს.

ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ჩინეთი მესამე ადგილს დიდხანს არ დასჯერდებოდა, მაგრამ მოვლენების ასეთმა სწრაფმა განვითარებამ ტოკიოც კი გააოცა.

ისინი ამბობენ, რომ ჩინეთმა დიდი როლი ითამაშა მსოფლიოს გლობალური რეცესიიდან გამოყვანის საქმეში. კვლევების მიხედვით უკვე წელს ჩინეთი ავტომობილების ყველაზე დიდ ბაზრად იქცა და ამავე  კვლევის თანახმად, ენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებელია.

ლუის კუიჯისი, მსოფლიო ბანკის ჩინეთის ოფისის წამყვანი ეკონომისტია.

“ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ცხადია გავლენას ახდენს მსოფლიოს სხვა რეგიონებზეც. თუნდაც იმიტომ, რომ ფართო მოხმარების საგნებს ჩინეთი გერმანიისგან, ავსტრალიისა და ბრაზილიისგან ყიდულობს.”-ამბობს კუიჯისი.

პეკინში  ამ დღეს მოელოდნენ. ვიქტორ გაო ჩინეთის საერთაშორისო სწავლებათა ასოციაციის დირექტორი ამბობს, რომ მხოლოდ ციფრები არაფერს ნიშნავს.

“პირველ რიგში ეკონომიკის წარმატების ნიშანი მთლიანი შიდა პროდუქტია, თუმცა შემდეგ მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ამ პროდუქტის ხარისხია. მაგალითისთვის: როცა ამბობენ, რომ ჩინეთი იაპონიის ეკონომიკას ჯაბნის, მე ვიტყოდი რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს იაპონიისგან ხარისხის კუთხით შესასწავლი.”-ამბობს გაო.

მიუხედავად მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდისა, სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით, მაგალითად ნამიბიასა და თურქმენეთთან,  ჩინეთის შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე დაბალი რჩება. ექსპერტები  ვარაუდობენ, რომ შემოსავალი ეროვნული  ვალუტის ფასის აწევასთან ერთად მოიმატებს.

ლუის კუიჯისის თქმით, დღეს მსოფლიოს მერყევ ეკონომიკურ ბაზარზე,  ჩინეთის ეკონომიკური ეფექტი მნიშვნელოვანია.

“ჩვენ აზიის კრიზისი გავიარეთ, შემდეგ მას ახლახანს გავლილი კრიზისი მოყვა, თუმცა  ჩინეთის ზრდა მაინც სტაბილურია.  ვფიქრობ სწორედ ეს მატებს ხალხს  ნდობას. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მომხმარებელი  თავდაჯერებულია და  ჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება.”-ამბობს კუიჯისი.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ  უკვე სძლია საფრანგეთს, ბრიტანეთსა და გერმანიას, ექსპერტების ვარაუდით, ამერიკის ეკონომიკასთან გათანაბრებამდე ჩინეთს წინ ჯერ კიდევ 20 წელი აქვს.

წყარო:http://www.amerikiskhma.com