????????????????????????????????????????თვითსაბოტაჟი ეს არის ის “მეხუთე კოლონა”, “მოღალატე”, რომელიც საკუთარ ფსიქიკაში იბუდებს, როგორც გველის წლოკი, არც თუ იშვიათად იგდებს მართვის სადავეებს ხელში და ადამიანს ისეთ რაღაცეებს აკეთებინებს, აფიქრებს, მტრისას! რამდენჯერ გაგვიგია და, ჰოი, რომ რაღა გაგვიგია (!), ჩვენ თვითონ გადაგვხდენია – უთქვამთ და ამოგვიოხრია: “ღმერთო, ეს რა მჭირს, რას ვამბობ, რას ვაკეთებ, რამ გამადებილა, რა მემართება?! ეს არაფერი არ იყო ჩემთვის და ვაიმეეე…! მე ეს როგორ დამემართა?! ხომ ვიცოდი?! რა ჯადო მჭირს?!”
თვითსაბოტაჟის გავლენა არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც რაღაც დასრულებული ფაქტი, ეს არის უწყვეტი და განგრძობითი პროცესი, რომელიც საფუძვლად უდევს განმეორებად სიტუაციების პროვოცირებას ცხოვრებაში, განმეორებადი აზროვნებითი დილემების წარმოქმნას პიროვნულ ისტორიაში. ნებისმიერი კაცის სიცოცხლე ეს არის მსგავსი შეცდომების სერია, რომელთა განეიტრალებასაც პიროვნება თვისობრივად ახალ დონეზე აჰყავს.


თვითსაბოტაჟის აღმოჩენა შებრუნებითი მეთოდითაც არის შესაძლებელი. ანუ თავდაპირველად უნდა მოხდეს ინდივიდუალური მისიის განაცხადის შედგენა, მისი განხორციელებისათვის მოქმედებების დაწყება და შემდეგ უკვე საკუთარი ფსიქიკის იმ არის დადგენა და გამოაშკარავება, რომელიც პირდაპირი თუ ირიბი წინააღმდეგობის გაწევას ცცდილობს.

მოდით ასეთ კითხვას დაგისვამთ: ვინ გიპირისპირდება შიგნიდან?
დამიჯერეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან ღრმა და საინტერესო კითხვა. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ – „ვინ გიპირისპირდება შიგნიდან?“.
ახლა დააკვირდით კითხვის ფორმას. გამოიყენება ნაცვალსახელი “ვინ” და არა ნაცვალსახელი “რა”. “რაობის” შემთხევაში საქმე გვექნება მოქმედი ძალის “ობიექტივიზაციასთან”, ანუ დავიწყებთ ხასიათის თვისებების ნუსხების შექმნას, რაღაც მავნე ჩვევების მისტიკურ ახსნას და ასე შემდეგ. კითხვა “ვინ”-ს ეს მსჯელობა სხვა ჭრილში და სიბრტყეში გადაჰყავს. რობერტო ასაჯიოლის სუბპიროვნებების თეორია ამბობს, რომ ცნობიერება დახლეჩილია ქვეპიროვნებების (სუბპიროვნებების – შინაგანი ხმების) მთელ არმიად, რომლებიც ერთიანდებიან გარკვეულ ჯგუფებში (“კრიტიკოსი”, “მიმწოლი”, “შინაგანი ბავშვი”, “საბოტაჟნიკი” და სხვა).
ამ თეორიას აქვს ძალიან შინაარსიანი პრაქტიკული მიგნებები და განვითარება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოცემული თეორია ადამიანის შიგნით არსებულ თვისებებს, ჩვევებს, უნარებს, შეხედულებებს, მრწამსებს განიხილავს არა როგორც არაორგანიზებული ინფორმაციის გროვას, არამედ გარკვეული ნების შემსრულებელ სისტემას. ინფორმაციული ველი (იდეა, ეგრეგორი, გეშტალტი) თავის გარშემო ქმნის ისეთ პიროვნულ სტრუქტურას (სუბპიროვნებას – ხასიათი, თვისებები, უნარ-ჩვევები, აზროვნების წესი, ფსიქოლოგიური რესურსები და სხვა), რომელიც სხვადასხვა მოვლენების პერიოდში ზედაპირზე იჭრება და ინდივიდს მართავს.
კითხვა “ვინ მმართავს მე?” იმდენად ყოვლისმომცველია, რომ შეიძლება საკმაოდ ამომწურავად ჩასწვდეთ საკუთარ პიროვნებას.

მიშელ ფუკოს მოსაზრებით, თვისებებში და აზროვნებაში საკუთარი არაფერი გაგვაჩნია; ყველაფერი შეძენილია, ნასესხები და, შესაბამისად, ყოფაქცევის მართვის მექანიზმებიც ძირითადად გვაროვნულია ან, საერთოდაც, ტრადიციული (ოჯახი, თემი, მხარე).
ადამიანების მოქმედებათა უკან ენერგიის იდეის გარშემო აკუმულირებული ენერგია იყრის თავს. იდეას აქვს ენერგეტიზაციის ბუნებრივი მიდრეკილება. თითქმის ყველა იდეის გარშემო, აბსურდულისაც კი, შესაძლებელია ენერგიის თავმოყრა. რასიზმი, ფაშიზმი, კოკა-კოლა, კლონირება და სხვა: ჩვენ ეს გვინახავს და ვხედავთ. პოლიტიკური პიარის ოსტატები და მარკეტოლოგები იდეის ენერგეტიზაციის პროცესს მოთხოვნის ფორმირებას უწოდებენ.
თვითსაბოტაჟის პრობლემის ამოხსნის ერთ-ერთი მეთოდოლოგიური საფუძველი სწორედ პირველ-იდეის იდენტიფიკაცია უნდა იყოს; იმ აზრის, რომელიც იზიდავს საბოტაჟის პროცესისათვის საჭირო ენერგიას. რისთვის ახორციელებს ფსიქიკა თვითსაბოტაჟს? რის მიღწევას ცდილობს ფსიქიკა ამით? რა იდეებს ეყრდნობა თვითსაბოტაჟი?
უნდა ითქვას, რომ საბოტაჟი იმთავიდან სოციალური მოვლენაა. სწორედ პიროვნების საზოგადოებრივ არსებად გადაქცევის ვითარებაში ხდება „თვითხელისშეშლის“ (თვითგანადგურების) ელემენტების ჩაბუდება პიროვნების ფსიქიკაში.
ოჯახში, როგორც პატარა და დინამიურ სახელმწიფოში, მუდმივი რევოლუციები, შიდა ანგარიშსწორებები, ძალაუფლებისათვის ბრძოლა, განკითხვები და სამსჯავროები მიმდინარეობს. ოჯახში რეგულარულად თავს იჩენს მშობლების პერმანენტული, დაუფარავი, და უფრო ხშირად ფარული, საბოტაჟი.
მამა დედის მზარდ გავლენას ოჯახზე ავტორიტარიზმით, ძალადობის მუქარით და სხვადასხვა მისთვის ცნობილი მამაკაცური ილეთით აბითურებს. თავის მხრივ მამის გადაწყვეტილებები სულ სხვა მიმართულებით მიჰყავს მეორე მშობელს, დედას, რომელიც გაუცნობიერებლად თავისი ინსტინქტური პროგრამის რეალიზაციას ლამობს, ანუ ცდილობს შვილების გამოსაკვებად, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად არსებული რესურსების (ქმრის, მამის) მართვადობის მაქსიმიზაციას.

რა თქმა უნდა, მშობლების ეს შერკინება არ რჩება ბავშვის საოცარი აღქმის უნარის მიღმა. მის ფსიქიკაში ეს პაექრობა ღრმად იბეჭდება. ის კარგად ხედავს და უფრო კარგად გრძნობს, რომ ორი ყველაზე ძვირფასი არსება ძლიერი ურთიერთსიყვარულის პარალელურად დაუნდობლად ებრძვიან ერთმანეთს და უმთავრესად ძალაუფლებისათვის.
სწორედ ამის შემდეგ ბრძოლისა და დაპირისპირების ეს შემზარავი სცენარი ბავშვის ქვეცნობიერებაში აღარ ითიშება და მუდმივ კვლაწარმოებას განიცდის. შინაგანი ბრძოლა წამითაც არ წყდება, ერთდროს სადღაც დაწყებული, დაუმთავრებელი კონფლიქტი ყრმისა და ზრდასრული ადამიანის ფსიქიკაში გრძელდება.

მუდმივი თვითსაბოტაჟის მაგალითებს ადგილი აქვს საბავშვო ბაღში, საშუალო სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში, მთლიანად საზოგადოებაში. თვითონ ქართული საზოგადოების მოწყობის პარადიგმა ისეთია, რომ ახალისებს, ასტიმულირებს სწორი გადაწყვეტილების მიღებისა და ნიჭიერი და კრეატიული ადამიანების დაწინაურების საბოტირებას.
საზოგადოებრივი და ინდივიდუალური თვითსაბოტაჟი საუკუნეების განმავლობაში საზოგადოებრივ მეხსიერებაში ჩამოყალიბდა და ამიტომ ღრმად არის გამჯდარი საქართველოს ყოველ ინდივიდში, მის პირად ისტორიაში, ფართოდ მოდებულ სუიციდალურ კომპლექსებში.
განვითარებისა და პროგრესის დამუხრუჭება დახვეწილი ფარული მეთოდებით უფრო მეტად თავად საზოგადებისაგან მომდინარეობს, ვიდრე – მისტიური „რუსეთისა“ და „საქართველოს მტრებისაგან“. გაიხსენეთ ან დააკვირდით რა ემართება ურნებს, სკამებს პარკებში, ბაღებში, ნაგავს, ახლადგარემონტებულ შენობებს?! გაიხსენეთ თუნდ აგვისტოს ომის დროს საბოტაჟის რა სასწაული შემთხვევები იყო! ან მაგალითად, თუ გქონიათ შემთხვევა, როდესაც რაღაც პროგრესულის შეთავაზებაზე თქვენი გუნდის წევრებს ჯერ შემოქმედებითობა ეკარგებათ და პირში წყალს იგუბებენ, შემდეგ იჩენენ უჩვეულო ინერტულობას და ბოლოს გადადიან მტრის ბანაკში?!

ახლა კი კიდევ შევეცადოთ გავარკვიოთ თუ რა მიზანს ისახავს ჩვენს ფსიქიკაში დაბუდებული სუბპიროვნება – “საბოტაჟნიკი”, როდესაც ნელ-ნელა ძირს უთხრის ჩვენს წამოწყებულ საქმეებს?

1. მას ეშინია მართვის სადავეების გადაცემა უფრო პროგრესული პიროვნული ნაწილისათვის (სხვა სუბპიროვნებისათვის), რადგან აქვს ეჭვი, რომ მას, “საბოტაჟნიკს”, სრულიად გაანადგურებენ.
ანელებს რა პიროვნების ზრდის შესაძლებლობას, ფსიქოლოგიური ნგრევის შედეგად “საბოტაჟნიკი” ადამიანს უფრო მართვადს ხდის და ინარჩუნებს ფიზიკურ ენერგიაზე და სხვა ფსიქიკურ რესურსებზე წვდომასა და კონტროლს;
2. “საბოტაჟნიკი” პიროვნებას სარისკო ავანტიურებისაგან აშორებს (თუმც, ურისკო ცხოვრებას მარაზმი ჰქვია!).

„საბოტაჟნიკი” საკუთარ არსებობას განიხილავს ჭრილში “ან მე, ან ის” (იგივე ბავშვის მშობლების ომი ძალაუფლებისათვის – „ან ჩემი სიტყვა, ან შენი!“). თვითსაბოტაჟის ძალა და დონე დამოკიდებულებია მშობლებს შორის ძალაუფლებისათვის მიმდინარე იმ თამაშებზე, რომელთა მოწმეც გახდა პიროვნება ბავშვობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ახსნები ცოტა მისტიურად და არამეცნიერულად ჟღერს, წააგავს არაცნობიერის დემონების, ეშმაკის ანგელოზების მსგავს ახსნას, ფაქტი სახეზეა: გარკვეული შინაგანი, კარგად ორგანიზებული ძალები პიროვნების დეზორიენტაციას ახდენენ და დეპრესიაში იმ მომენტში აგდებენ, როდესაც საქმე გამარჯვებამდეა მისული. რა მეთოდებს და იარაღებს იყენებს “საბოტაჟნიკი” წარმატების ჩასაგდებად?

1. მიმდინარე წარმატებული საქმიანობის გამაბითურებელი იდეების შემოგდება აზროვნებაში. “იქნებ არც ღირს? რა აზრი აქვს ამდენ შრომას? ვინ დამიფასებს? ეს რა არის, არაფერია! აგერ იმას რა მაგარი… (მიღწევა, შედეგი, გამარჯვება) აქვს?! ნაღდად არ გამოვა-რა! მოდი თავი დაანებე. ეს შენი საქმე არ არის ნამდვილად!”
2. აზროვნების დაბინდვა (თითქოს თვალს ლიბრი გადაეკრა, ფიზიკური შეგრძნებები დაიკარგა), ისეთ რაღაცეებზე ფიქრი, რაც არანაირ კავშირში არ არის საქმიანობასთან;
3. ცნობიერებაში დამარცხების სცენარების გაზვიადება.
მეტოქისა და სირთულეებისათვის საოცრად რთულად გადასალახი გარემოებების სტატუსის მინიჭება (მეტოქე წარმოგიდგებათ ფიზიკურად სრულყოფილად, ძლიერად, უზარმაზარი ზომების, რამის ჰერკულესად, თქვენი თავი კი მომცრო, რამის საბავშვო ბაღის ბავშვად, რომელიც დაბლიდან მაღლა უყურებს თავის მოწინააღმდეგეს და აპრიორი იცის, რომ არაფერი შანსები არ აქვს).
4. სხეულის წონის უკონტროლო მატება, მადის გაზრდა, ძილის მოთხოვნის გაძლიერება და სიზმრების დამთრგუნველი სიუჟეტების ამოტივტივება.
5. სიზარმაცის გაათმაგებული, თითქმის გადაულახავი გრძნობა და ზოგადი დემოტივაცია.
6. შიშების შემოტევა.
7. ახალი, ყოვლად უადგილო ინტერესების გაჩენა და მათი ყურადღების ცენტრში გადმონაცვლება.
8. ეგო-ფაქტორის წინა პლანზე გადმონაცვლება, თვითშეცოდება და, საერთოდ, ზედმეტი ემოციურობის, სენტიმენტალობის გამოღვიძება.
9. მეტყველებაში დამაკნინებელი თვითშეფასებების გაჩენა.
10. დღის განრიგის ქაოტიზაცია.
11. მსუბუქი და სერიოზული დაავედებების თვითპროვოცირება.
12. ცენტრალური ფსიქოლოგიური კონფლიქტების გამოღვიძება – სექსუალური, ძალაუფლებითი და სხვადასხვა კომპლექსების გამწვავება.
13. წამგებიანი პირობებში კონფლიქტების პროვოცირება (ვთქვათ, მთვრალ კომპანიასთან გამოლაპარაკება, უზრდელობა პოლიციასთან, დაპირისპირება შეფთან და სხვა).
14. არაფრისმომცემი და ყალბი სურვილების “დაშენება” თქვენს ნამდვილ სურვილებზე – ჭეშმარიტი სურვილის გაყალბება.
ამიტომ იყავით მაქსიმალურად გულწფრელი საკუთარ თავთან და არ არის საჭირო “კარგობანას” თამაში. ღმერთს მაინც ვერ მოატყუებთ! და იცოდეთ, რომ სიხარული და ბედნიერება არის ხალასი გრძნობის (ენერგიის) მოძრაობა სულში და სხეულში.

© SM, სოსო მიქელაძე
წყარო:sosomikeladze.wordpress.com