badri tsikubadze

badri tsikubadze

გლობალიზაცია არის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ფენომენი, რომელმაც შეცვალა სამყარო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. გლობალიზაციის პროცესი უზრუნველყოფს საერთაშორისო ვაჭრობის და ინვესტიციების სტიმულირებას, კულტურულ გაცვლას, ტურიზმისა და მიგრაციის ზრდის ტენდენციებს, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესებასა და გავრცელებას. გლობალიზაციის პროცესი ამცირებს ადგილობრივ მთავრობათა მხრიდან საკუთარი ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. ადგილობრივ მთავრობებს უჭირთ პროტექციონისტული ღონისძიებების გატარება სამამულო წარმოების დასაცავად.

თანამედროვე ეკონომიკა, ისევე, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა უამრავი სფერო, უნდა გავაანალიზოთ გლობალიზაციის კონტექსტში და განვიხილოთ როგორც გლობალური ეკონომიკა. მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესი წარმოადგენს წარმოებისა და კაპიტალის ინტერნაციონალიზაციის კანონზომიერ შედეგს. გლობალური ეკონომიკის მახასიათებელია ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების არნახული ზრდა. შედეგად, ერთ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ ცვლილებებს (განსაკუთრებით პოლიტიკურად და ეკონომიკურად წამყვან ქვეყნებში) შეუძლია მკვეთრი ზეგავლენის მოხდენა სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია აშშ-ს როლი გლობალურ ეკონომიკაში.
მას შემდეგ, რაც აშშ გამოვიდა გამარჯვებული მეორე მსოფლიო ომიდან, იგი მიზანმიმართულად ახდენდა ,,თავისუფალი ვაჭრობის”, ,,გახსნილი ეკონომიკის” პროპაგანდას. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბარიერების რღვევა საშუალებას აძლევდა ამერიკულ კომპანიებს აეთვისებინათ ახალი შესაძლებლობები. იმ დროისთვის მათ არ ყავდათ რეალური კონკურენტი, რადგან ევროპის ქვეყნების ეკონომიკა დანგრეული იყო. თავისუფალი ვაჭრობის იდეა იყო ის, რისი რეალობაში გადმოტანის შემთხვევაშიც აშშ მოახდენდა მსოფლიოს დიდი ნაწილის ეკონომიკურ ექსპანსიას, რაც განხორციელდა კიდეც. აშშ-ს წამყვანი კომპანიები, ისეთები, როგორებიცაა Coca Cola, Pepsi, M’cDonalds, GM, Apple და ა.შ., ნახულობენ უზარმაზარ მოგებას აშშ-ს ფარგლებს გარეთ.
აშშ-ს ეკონომიკა ხშირად განიხილება როგორც მსოფლიო ეკონომიკის ,,მამოძრავებელი”. შედეგად, ამ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შენელების ნებისმიერი ნიშანი ახდენს უარყოფით ეფექტს სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე. უკანასკნელმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, რომელიც გამოიწვია აშშ-ს საბანკო სისტემის კრახმა და რომელიც ,,დომინოს” პრინციპით გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოზე, წამოჭრა საკითხი: შეუძლია თუ არა გლობალურ ეკონომიკას თავიდან აიცილოს აშშ-ს ციკლური განვითარების ზემოქმედება. მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკაში ახალი უმსხვილესი მოთამაშეების გამოჩენისა (მაგალითად, ჩინეთი), აშშ-ს გავლნა მსოფლიო ეკონომიკაზე არ შესუსტებულა. ,,მესამე ბაზრის” ეფექტი და ფინანსური ინტეგრაციის ზრდა ერთობლიობაში ხელს უწყობს ციკლური განვითარების შედეგების გავრცელებას მსოფლიო მასშტაბით.
ცხადია, აშშ-ში მიმდინარე ეკონომიკური ცვლილებები გაცილებით მეტად მოქმედებს მის უშუალო პარტნიორებზე, ქვეყნებზე, რომელთაც მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები აქვთ მასთან. შედარებით დიდ გავლენას აშშ-ს ეკონომიკის ცვლილებები ახდენს კანადაზე, მექსიკაზე, სამხრეთ კორეაზე, მთელ ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაზე და ა.შ.. რაც შეეხება ევროკავშირს და იაპონიას მათ ეკონომიკებზე აშშ-ს გავლენა შედარებით მცირეა.
აშშ თავის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან იყენებს შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (Fრეე თრადე Aგრეემენტ (FთA)). მას ამგვარი შეთანხმება დადებული აქვს 17 ქვეყანასთან, ესენია: ავსტრალია, ბაჰრეინი, კანადა, ჩილე, დომინიკების რესპუბლიკა, სალვადორი, გვატემალა, კოსტა-რიკა, ჰონდურასი, ისრაელი, იორდანია, მექსიკა, მაროკო, ნიკარაგუა, სინგაპური, ომანი, პერუ. ამასთან, პანამასთან, სამხრეთ კორეასთან და კოლუმბიასთან ანალოგიური შეთანხმებები გაფორმებულია და დასამტკიცებლად გადაცემულია კონგრესში.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ ლიდერია მსოფლიო ეკონომიკაში, იგი არ არის ლიდერი ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ავტომშენებლობა, ელექტროტექნიკის წარმოება, ნავთობქიმიური და ქიმიური მრეწველობა. ამ დარგების პროდუქცია არანაკლებ და ხშირად უკეთესადაც და უფრო დაბალი დანახარჯებით იწარმოება სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებში (იაპონია, გერმანია, საფრანგეთი). ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აშშ-ს კონკურენტუნარიანობას როგორც საერთაშორისო ისე შიდა ბაზარზე. ამის გამო, ამერიკული კომპანიები ახდენენ თავიანთი წარმოების გატანას საზღვარგარეთ, ,,მესამე სამყაროს” ან ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებში (ინდოეთი, ბრაზილია), რაც უზრუნველყოფს დაბალ საწარმოო დანახარჯებს და ხელს უწყობს ამერიკულ კომპანიებს კონკურენტულ ბრძოლაში. თუმცა, ასეთი ნაბიჯები ზიანს აყენებს აშშ-ს შრომის ბაზარს, რადგან კომპანიები მასობრივი ოფშორინგის განხორციელების კვალდაკვალ აუქმებენ კონკრეტულ ოპერაციებს და ამცირებენ სამუშაო ადგილებს თავიანთ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შიდა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება აშშ-ს უჯდება ქვეყანაში უმუშევრობის ზრდად და საზოგადოების სოციალური მდგომარეობის გაუარესებად. მაგალითისთვის, 1970-2002 წლებში ამ მიზეზით აშშ-ში სამუშაო დაკარგა 2.9 მლნ. ადამიანმა, საიდანაც 2.5 მლნ. დასაქმებული იყო წარმოების, ხოლო 400 ათასი _ მომსახურების სფეროში. სამაგიეროდ, დაახლოებით ამდენივე რაოდენობის სამუშაო ადგილი შეიქმნა ერთად აღებულ იმ ქვეყნებში, სადაც აშშ-ს კომპანიებმა განახორციელეს ოფშორინგი. ეს კი უდაოდ წინგადადგმული ნაბიჯი იყო ინვესტიციების მიმღები ქვეყნების ეკონომიკური განვითარების საქმეში.
აშშ-ს გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე აძლიერებს დოლარი, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო ოპერაციების უდიდეს ნაწილში. დოლარი ჩართულია ვალუტით მსოფლიო ვაჭრობის 89%-ში. გამომდინარე აქედან, დოლარის კურსის ცვლილება პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს საერთაშორისო ვაჭრობაზე და ასტიმულირებს ან ანელებს მას. დოლარის კურსის ცვლილება მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ნავთობის მიწოდება-მოთხოვნაზე, ფინანსურ ბაზრებზე და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ს მთავრობას ხელთ უპყრია მსოფლიო ეკონომიკაზე ზემოქმედების მძლავრი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც მას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვისაც შეუძლია. დოლარის კურსის ცვლილება ხორციელდება ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ.
საერთაშორისო ვაჭრობაში აშშ-ს როლის უკეთ წარმოსაჩენად მოვიყვან კონკრეტულ ციფრებს.
აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით ქვეყნის ექსპორტმა 2008 წელს შეადგინა 1.84 ტრილიონი დოლარი, ხოლო იმპორტმა _ 2.52 ტრილიონი დოლარი. ამასთან, ბოლო წლებში ექსპორტი უფრო მეტად იზრდებოდა ვიდრე იმპორტი. 2003 წელთან შედარებით ექსპორტი გაიზარდა 12%-ით, ხოლო იმპორტი _ 7.4%-ით. 2008 წელს აშშ-ს ექსპორტმა შეადგინა 13.1% მშპ-სთან მიმართებაში. ეს მაჩვენებელიც გაზრდილია 2003 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (9.5%) შედარებით.
2008 წელს უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებს ამერიკული პროდუქციისთვის წარმოადგენდნენ: კანადა ($261.4 მლრდ.), მექსიკა($151.5 მლრდ.), ჩინეთი ($71.5 მლრდ.), იაპონია ($66.6 მლრდ.), გერმანია ($54.7 მლრდ.).
2008 წლის მონაცემებით აშშ-ს წილი მსოფლიო მშპ-ში შეადგენს დაახლოებით 26%-ს.
ბოლო პერიოდში აშშ-ს ჰეგემონიას მსოფლიო ეკონომიკაში მრავალი მხრიდან დაემუქრა საფრთხე, კერძოდ: ერთი მხრივ, ევროკავშირი, რომლის წილიც მსოფლიო მშპ-ში დაახლოებით 27%-ია და რომლის ვალუტა ევრო წარმოადგენს დოლარის ერთადერთი ღირსეულ კონკურენტს. მეორე მხრივ, ჩინეთი, რომლის ეკონომიკაც იზრდება უსწრაფესი ტემპებით. ასევე გასათვალისწინებელია ინდოეთის ეკონომიკური ზრდაც. მრავალი ექსპერტის აზრით 2040 წლისთვის ჩინეთი და ინდოეთი იქნებიან წამყვანი ეკონომიკური მოთამაშეები მსოფლიო მასშტაბით.
გლობალიზაციის პროცესი შეუქცევადია. სულ უფრო იზრდება ქვეყნების ეკონომიკების ურთიერთდამოკიდებულება, საქონლის, მომსახურების, კაპიტალის, ინფორმაციის გაცვლის მასშტაბები. გლობალიზაცია, პირველ რიგში, ამყარებს ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების პოზიციებს, აძლევს რა მათ დამატებით შესაძლებლობებსა და უპირატესობებს. რაც შეეხება აშშ-ს, იგი გლობალიზაციის პროცესს იყენებს სხვა ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსიისთვის. საზღვრების გახსნა ხელს უწყობს ამერიკულ კომპანიებს მიიღონ იაფი ნედლეული და გამოიყენონ იაფი მუშახელის შრომა, რაც უზრუნველყოფს მათ კონკურენტულ უპირატესობას.

ავტორი :თენგიზ თაქთაქიშვილი