images-cms-image-000000233ორმა უდიდესმა განვითარებადმა ქვეყანამ ეკონომიკური განვითარების ორი განსხვავებული გზა აირჩია.

რომელია უკეთესი?

პირველი იყო ჩინეთი.

1980-იან წლებში, ჩინეთში ეკონომიკური რეფორმების დასაწყისში, მსოფლიო ჯერ ეჭვის თვალით, შემდეგ კი აღფრთოვანებული აკვირდებოდა ჩინეთის ეკონომიკის აჩქარებულ წინსვლას. ჩინეთმა პოზიციონირება დაიწყო, როგორც გლობალურმა ეკონომიკურმა ქვეყანამ. მშპ-ს ზრდის ტემპმა, რომელიც ძირითადად წარმოებას ემყარება, 8-9%-ს მიაღწია (2003 წელს 9%, 2002 წელს – 8.5%). ჩინეთმა საკუთარი დანაზოგების ხარჯზე სწრაფად განავითარა ინფრასტრუქტურა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხარჯზე კი ახალი საწარმოები შექმნა და აუცილებელი ცოდნა შეიძინა. 2003 წელს ქვეყანამ 53 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო, ეს კი პირდაპირი ინვესტიციების საერთო მოცულობის 8.2%-ს შეადგენდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო იმ დროის მსოფლიოში.

ინდოეთმა ეკონომიკური გარდაქმნები ათი წლით გვიან დაიწყო, მაგრამ არანაკლები ყურადღება მიიპყრო. უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ მნიშვნელოვანი რაოდენობის სამუშაო ძალა მოიზიდა დასავლეთის ქვეყნებიდან. დღეს ინდოეთი სწრაფად ქმნის მსოფლიო დონის კომპანიებს ისეთ ტექნოლოგიურ დარგებში, როგორებიცაა პროგრამული უზრუნველყოფა, IT-მომსახურება და ფარმაცია. ეს კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოს სიმბოლური მხარდაჭერით გაჩნდნენ, ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას: რეალური მშპ-ს ზრდამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საშუალოდ, 8.3% შეადგინა. ექსპერტთა აზრით, 2012 წლამდე ეკონომიკის ყოველწლიური ზრდა 9%-მდე იქნება. მაგრამ უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობით ($3 მილიარდი _ 2002 წელს და $4.7 მილიარდი 2003 წელს) ინდოეთი მკვეთრად ჩამორჩება ჩინეთს.

ორივე ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. ინდოეთში ცუდი გზებია, არაა საკმარისი წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის წყაროები, ეს კი ხელს შეუშლის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას. ჩინეთში დიდია “უიმედო” საბანკო სესხების მოცულობა.

განვითარების ის გზები, რომლებიც ამ ქვეყნებმა აირჩიეს, მათ წინაშე მდგარი პრობლემების სპეციფიკის გათვალისწინებით, განსხვავებულ მოსაზრებებს იწვევს იმის თაობაზე, თუ ეკონომიკის ზრდის რომელი მოდელია უკეთესი და, საბოლოო ჯამში, რომელი მოდელი უზრუნველყოფს უფრო მყარ პოზიციებს მსოფლიო ეკონომიკაში.

ინდოეთის სამეწარმეო უპირატესობები

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ჩინეთი არ იძლევა დამოუკიდებელი მეწარმეობის განვითარების საშუალებას. ინდოეთი კი, პირიქით, ხელს უწყობს მას.

ჩინეთის და ინდოეთის ეკონომიკური განვითარება პრინციპულად განსხვავებულ კონცეფციებს ეფუძნება. ჩინური მიდგომა გაცნობიერებული გადაწყვეტილების შედეგია, ხოლო ინდური _ მეტ-ნაკლებად ბუნებრივი გზით ყალიბდება. რომელი გზაა უკეთესი? ყოველ მოდელს თავისი უპირატესობები აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ცხადი, რომელ მათგანს შეუძლია უზრუნველყოს ეკონომიკის სტაბილური ზრდა. ჩინეთი ინდოეთზე უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება, მაგრამ, გავრცელებული აზრი, რომ ჩინური მოდელი ცალსახად სჯობს ინდურს _ რამდენიმე თვალსაზრისითაა მცდარი.

ამ მიდგომებში ორი არსებითი განსხვავებაა. პირველ რიგში, ჩინეთის მთავრობა უფრო აქტიურად მართავს ეკონომიკას, ვიდრე _ ინდოეთის. ჩინეთის მთავრობა მსხვილ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში (გზები, პორტები, ენერგეტიკა) ახორციელებს და, ხშირ შემთხვევაში, მთავრობის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, რომელი კომპანია (არა აუცილებელად _ საუკეთესო) მიიღებს სახელმწიფო რესურსებს და უფლებას, ივაჭროს საფონდო ბირჟებზე. ინდოეთის მთავრობა, 1980 წლიდან მოყოლებული, სულ უფრო ნაკლებად ერევა ეკონომიკში. მეორე მხრივ, ჩინეთი მოწადინებულია, მიიღოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ხოლო ინდოეთს უცხოური ინვესტიციების მიმართ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება აქვს.

სწორედ ამ განსხვავებებით აიხსნება ფაქტი, რომ ჩინეთსა და ინდოეთში განსხვავებული სახის კომპანიები აღწევენ წარმატებას და ეს განსხვავებები ნათლად ასახავს მწარმოებლურობის როლს ამ ქვეყნების განვითარებაში. ჩინეთი უსწრებს ინდოეთს იმ დარგებში, რომლებიც ფიზიკურ ინფრასტრუქტურას ემყარება. მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. მაგრამ ბიზნესში, რომელიც დაკავშირებულია “არაფიზიკურ” ინფრასტრუქტურასთან (აქ კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არამატერიალურ აქტივებს _ პროგრამული უზრუნველყოფა, ბიოტექნოლოგია, შემოქმედებითი დარგები, ისეთი, როგორცაა რეკლამა) _ ლიდერი ინდოეთია.

ეს იმას ნიშნავს, რომ ინდოეთში ისეთი სამრეწველო კომპანიების პერსპექტივები, რომლებსაც “ზუსტად დროზე” (just in time) პრინციპით მუშაობა არ შეუძლიათ თანამედროვე საგზაო ქსელის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გარეშე, არცთუ ისე სახარბიელოა. მაგრამ დარგები, რომელთა განვითარება არ არის დამოკიდებული ენერგიასა და გზების ხარისხზე _ უფრო ვითარდება. არამატერიალურმა აქტივებმა ინდოეთში საავტომობილო დარგიც კი უფრო სტაბილური გახადა. ჩინეთის საავტომობილო სექტორისაგან განსხვავებით, რომელიც ფართომასშტაბიანი უცხოური ინვესტიციების ხარჯზე იზრდება, ინდოეთის ავტო-ინდუსტრია საკუთარი საინჟინრო კადრების და კონსტრუქტორების დახმარებით ვითარდება _ მათი საინტერესო ტექნიკური გადაწყვეტილებები იაფი ავტომობილების წარმოების საშუალებას იძლევა. ინდოეთი ჩინეთს ელექტრონულ და მექანიკურ კომპონენტებს მაღალი დამატებითი ღირებულებით აწვდის: მათი წარმოება ნოუ-ჰაუზე უფრო მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე ინფრასტრუქტურაზე.

მრავალი მსხვილი ჩინური კომპანია სახელმწიფო დახმარების ხარჯზე არსებობს. მთავრობას შეუძლია, დაეხმაროს მათ იმიტომ, რომ ინტერვენციას ახდენს კაპიტალის შიდა ბაზარზე. ინდოეთში სახელმწიფო ეკონომიკაში ასეთი დოზით არ ერევა. აქ ყველაზე ძლიერი კომპანიები ისეთ დარგებში კონცენტრირდებიან, სადაც წარმატებული განვითარებისთვის მსხვილი კაპიტალდაბანდება საჭირო არაა (პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიის ჩამოსაყალიბებლად ისეთი მსხვილი ინვესტიცია არაა საჭირო, როგორიც _ მეტალურგიული ქარხნის ასაშენებად).

ინდოეთის მთავრობა ნაკლებად მონაწილეობს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. გადაწყვეტილებით, არ არეგულიროს მინიმალური მატერიალური აქტივების მქონე დარგები (პროგრამული უზრუნველყოფა, ბიოტექნოლოგია, მედია), მან ფართო ასპარეზი გაუხსნა მეწარმეობას. ბიზნესის ამ სფეროში არიან როგორც ახალბედა კომპანიები, ასევე სოლიდური მოთამაშეები (მეტწილად, ეს ოჯახური კომპანიებია), რომლებიც თავისი შემოსავლების ინვესტირებას ახალ საწარმოებში ახდენენ. ზოგიერთი კომპანია, ვთქვათ, ბიოტექნოლოგიური Biocon ან Infosys Technologies პროგრამული უზრუნველყოფის სექტორში, ნულიდან შეიქმნა. მთელ ინდოეთში ცნობილი კომპანიების Infosys და Wipro Technologies მრავალ, უფრო მცირე ზომის, კონკურენტებს (მათი ჩინელი კოლეგებისაგან განსხვავებით) მთავრობასთან მჭიდრო კავშირები არ გააჩნიათ.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის საფონდო ბირჟა შორის არის სრულყოფისაგან, იგი რეალურად ეხმარება კერძო სექტორის განვითარებას. ეს კი აღვივებს მეწარმულ სულს, რომელიც ასე სასიკეთოდ მოქმედებს ინსტიტუციურ გარემოზეც.

ერთი-ერთი ყოფილი ინდოელი ჩინოვნიკის, რამაჩანდრა პატილას, ინიციატივით, ბოლო ათი წლის მანძილზე რადიკალურად შეიცვალა თითქმის 130 წლის წინათ დაარსებული და დიდი ხნის განმავლობაში უმოქმედოდ მყოფი ბომბეის საფონდო ბირჟა (BSE). პატილამ დანერგა ახალი ტექნოლოგიები, მოლაპარაკებები ჩაატარა ბირჟის სხვადასხვა მონაწილეებთან და 1994 წელს დააარსა ინდოეთის ნაციონალური საფონდო ბირჟა – თანამედროვე, კონკურენტუნარიანი ორგანიზაცია, რომელიც დღეს მრავალი პარამეტრით უსწრებს მანამდე არსებულ BSE-ს.

ინდოეთისაგან განსხვავებით, ჩინეთის მთავრობას სურს, წარმატებული გახადოს საფონდო ბირჟები და მათ მართვას დირექტივებით ცდილობს. ეს კი თავიდანვე არაეფექტიანი სტრატეგიაა. ცხადია, ბირჟებს შორის შანხაიში თუ შენჩჟენეში კონკურენცია თითქმის არ არსებობს.

იმის გამო, რომ ჩინეთში ინფრასტრუქტურის ხარისხი მაღალია, მთავრობა კი ხელს უწყობს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, საერთაშორისო კომპანიები საკმაოდ იოლად ავითარებენ ბიზნესს _ მათ აქვთ საკუთარი კაპიტალი, ჰყავთ სპეციალისტები და მენეჯერები, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად არიან დამოკიდებულნი ადგილობრივ კადრებზე და ფინანსურ რესურსებზე. თუმცა, ჩინეთში ისედაც არაა ჭკვიანი კადრების ნაკლებობა. ჩინური კომპანიები თავის ქვეყანაში თავს ისე კომფორტულად ვერ გრძნობენ, როგორც უცხოური კომპანიები: ისინი შებოჭილნი არიან არაეფექტიანი კაპიტალის ბაზრებით, “პრობლემური” სესხებით დამძიმებული საბანკო სისტემით, სახელმწიფო რეგულირებით და იმით, რომ რესურსების განაწილება სახელმწიფო ჩინოვნიკების მიერ ხდება და არა _ ბაზრის მიერ.

ინდოეთი და ჩინეთი კიდევ წლები შეიძლება ვითარდებოდნენ არჩეული მოდელების შესაბამისად. ჩინეთის მთავრობის ეკონომიკაში ჩარევის გამო (პირდაპირი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების ჩათვლით), მოსახლეობის ცხოვრების დონემ აიწია, რითიც, ჯერჯერობით, ინდოეთი ვერ დაიკვეხნის. შესაძლებელია, რომ ეს ქვეყნები იმ გზას დაადგნენ, რომელიც მათ ისტორიულ გამოცდილებას შეესაბამება. მაგრამ აუცილებელია ყოველი მოდელის ყველა მინუსის და პლუსის შესწავლა იმის გასაგებად, ხომ არ შეუშლის ხელს ჩინეთის შემდგომ განვითარებას მის მიერ არჩეული სტრატეგია.

ქვეყანაში მრავალი საერთაშორისო კომპანიის არსებობის გამო, ჩინეთის მთავრობის წინაშე არ დგას თავისუფალი მეწარმეობის და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ინსტიტუტების განვითარებისა და რეფორმირების საკითხი. იმის გამო, რომ შიდა ინვესტიციების გადანაწილებისას უგულებელყოფილია საფასო მექანიზმები, ჩინეთი საკუთარი რესურსების მნიშვნელოვან წილს კარგავს. როგორც ცნობილია, მწარმოებლურობის და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის საფუძველი კონკურენციაა, კონკურენციას კი ჩინეთში სახელმწიფო აფერხებს.

ორი ქვეყნის შედარებისას, ადვილად გვავიწყდება, რომ ინდოეთმა თავისი ეკონომიკური რეფორმები თითქმის ათი წლით გვიან დაიწყო, ვიდრე ჩინეთმა. ინდოეთი სულ უფრო ფართოდ უხსნის კარს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ალბათ, ძალიან მალე დავინახავთ, რომ მეწარმეობისა და ეკონომიკური ზრდის წინაპირობებს სწორედ ეკონომიკის თავისუფალი მართვის პრინციპები ქმნის.

ჩინეთის მოდელი საუკეთესო შესაძლო მოდელია

ცნობილია, რომ ეფექტიან ბაზრებზე კერძო სექტორი უფრო კარგად ანაწილებს ინვესტიციებს, ვიდრე სახელმწიფო. მაგრამ ჩინეთი არაა ეფექტიანი ბაზარი, ხოლო ინდოეთს შედარებით მცირე წყარო აქვს ინვესტიციების დაფინანსებისთვის.

ადვილია გააკრიტიკო ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მოდელი: საწარმოო სიმძლავრეების პერიოდული სიჭარბე, სახელმწიფო კონტროლი რესურსების განაწილებაზე, გაძლიერებული სოციალური უთანასწორობა _ ეს მხოლოდ ამ მოდელის ზოგიერთი ნაკლია. მაგრამ, ძალიან რთულია წარმოიდგინო სხვა მოდელი, რომელიც უზრუნველყოფდა ეკონომიკისთვის ასეთ მძლავრ სტარტს.

მართავს რა საწარმოების განვითარების პროცესს, სახელმწიფოს მხოლოდ ერთ მიზანი ამოძრავებს _ ეკონომიკური ზრდა. თუ თქვენ მუშაობთ მცირე ბიზნესში, ეს ერთი საქმეა, მაგრამ თუ თქვენ გინდათ, გახდეთ მსხვილი მეწარმე, მაშინ მოგიწევთ რესურსების აღება ისეთი წყაროდან, რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებულია სახელმწიფოსთან. ასეთ შემთხვევაში, ჩინოვნიკები წყვეტენ, თუ რომელი კომპანია უნდა განვითარდეს. მსგავსი პოლიტიკა მოულოდნელად წარმატებული აღმოჩნდა ეკონომიკის ზრდის უზრუნველსაყოფად. ჩინეთმა ძალიან სწრაფად შექმნა ახალი დარგები _ საკმაოდ ძლიერნი იმისათვის, რომ წინ წასწიოს მთელი ეკონომიკა.

საავტომობილო მრეწველობა, რომელიც საწარმოო სექტორის მსხვილი შემადგენელი ნაწილია, ოციოდე წლის წინ თითქმის არ არსებობდა. სულ რამდენიმე კომპანია აწარმოებდა სატვირთო მანქანებს, ხოლო მსუბუქი ავტომობილები თითქმის არ იწარმოებოდა. მთავრობის აზრით, ასეთი მსხვილი, მასშტაბური და მაღალტექნოლოგიური დარგის შექმნა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ უცხოური კომპანიის (ამ შემთხვევაში, Volkswagen) დახმარებით, რომელიც შემოვიდოდა და ჩინელ მწარმოებლებს ასწავლიდა, თუ როგორ უნდა იმუშაო. მთავრობამ უბრალოდ თქვა: “ჩვენ გვინდა ქვეყნის მოდერნიზება. ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ ჩინეთის ეკონომიკის ზრდა. არ გვყავს კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამას, მაგრამ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ ისინი გაჩნდნენ”.

შესაძლოა იმ მსხვილ ავტომწარმოებელ ქარხნებს, რომლებიც ჩინეთში უცხოელებმა ააშენეს, განსაკუთრებული არაფერი ჰქონდათ, მაგრამ სააავტომობილო ინდუსტრიაში ყველა მსხვილმა კაპიტალდაბანდებამ გაამართლა. უფრო მეტიც, დღეისათვის ისეთი ავტომწარმოებლები, როგორებიც არიან Chery Automotive და Geely Automotive, უდავო წარმატებას აღწევენ. მათ გონივრულად გამოიყენეს უცხოელებისგან მიღებული ცოდნა თუ უნარ-ჩვევები და ახლა ავტომობილებს მისაღები ხარისხით და გაცილებით უფრო დაბალი დანახარჯებით აწყობენ. დღეისათვის ჩინურ ბაზრებზე ფასებს უცხოური კომპანიები განსაზღვრავენ, ხოლო ადგილობრივი მოთამაშეები (მათთვის სარფიანად) თამაშობენ შექმნილი წესებით. ისინი უცხოელებს კვლავ ჩამორჩებიან წარმოების მოცულობით, მაგრამ უკვე ისწავლეს ორი ათას დოლარად ავტომობილების კეთება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაღალი დანახარჯების მქონე ყველა კომპანიას უახლოეს მომავალში მძიმე კონკურენტული გამოცდა ელის. ტარიფების სწრაფი შემცირება – რაც დაკავშირებულია ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობასთან – და ავტოინდუსტრიის სწრაფი ზრდა მიგვიყვანს მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრიაში კლასიკურ საფასო კონკურენციამდე. ანალოგიურად ვითარდებოდა სიტუაცია საყოფაცხოვრებო ტექნიკის ინდუსტრიაში, სადაც კონკურენციის გამო გაჩნდნენ გლობალურ ბაზრებზე მოთამაშე ძლიერი ჩინური კომპანიები. ანალიტიკოსების აზრით, ხუთი-ათი წლის განმავლობაში ჩინეთის ავტოინდუსტრიის მესამედი მაინც კერძო გახდება და აღარ იქნება დამოკიდებული სახელმწიფოზე. ყველაფერი ეს კი დაიწყო სახელმწიფოს განცხადებით – “ჩვენ გვინდა საავტომობილო დარგის შექმნა”.

თუ უფრო ფართოდ შევხედავთ დარგს, ციკლურობის და არაეფექტიანობის ნამდვილ მიზეზს დავინახავთ: საქმე ისაა, რომ დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე მიიღება. ეროვნული პროდუქტის ზრდა რეგიონული ჩინოვნიკების ძირითადი მიზანია. ცხადია, რეგიონული ეკონომიკის სტიმულირებისათვის, ისინი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას ცდილობენ. ისინი ყველაფერში აბანდებენ (ალუმინის ქარხნიდან დაწყებული და უძრავი ქონებითა თუ ტელევიზორების მწარმოებელი ქარხნებით დამთავრებული) _ მსგვასად იმისა, როგორც საფონდო ინვესტორები ბოლომდე მისდევენ ხოლმე თავიანთ სპეკულანტურ მიზნებს. ჩინოვნიკები ასეთი მიდგომით სიმძლავრეების სიჭარბეს ქმნიან იმის გამო, რომ ინვესტიციები _ ხშირ შემთხვევაში, საეჭვო ინვესტიციები _ იქამდე ხორციელდება, სანამ ცხადი გახდება მათი ეკონომიკური მიზანშეწონილობა.

ჩინეთში ყველანაირად უწყობდნენ ხელს კონკურენციას პროვინციებსა და მუნიციპალიტეტებს შორის _ ეს ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმია. 1980 წლამდე ქვეყანაში არ არსებობდა “ეროვნული კომპანია”. აქ ყველაფერი “ადგილობრივი” იყო. ნებისმიერი საწარმოს საქმიანობა სათავო ოფისიდან მხოლოდ ხუთი კილომეტრის რადიუსში ვრცელდებოდა. შიდა სავაჭრო ბარიერების გაუქმებით, ადგილობრივმა მეწარმეებმა და ხელისუფლებამ წარმოების მასშატაბების გაფართოება და მეზობელ ბაზრებზე გასვლა დაიწყეს. ამან კი სიმძლავრეების სიჭარბე და საფასო კონკურენცია გამოიწვია, რამაც, გარკვეული დროის შემდეგ, ეკონომიკა შეარყია. ამ რყევას მხოლოდ ძლიერმა კომპანიებმა გაუძლეს. ისინი, საქვეყნო მასშტაბებისა და რეალური კონკურენტული უპირატესობების გამო, უკვე აღარ არიან დამოკიდებულნი სახელმწიფო რეგულირებაზე და მზად არიან, გრძელვადიან პერსპექტივაში კონკურენტული ბრძოლა აწარმოონ ქვეყნის შიგნით და გარეთ.

საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის სფეროში პერსონალური კომპიუტერების სამი მსხვილი მწარმოებელი უკვე აკონტროლებს ადგილობრივი ბაზრის 50%-ს, ხოლო ლუდის წარმოებაში _ ათი წამყვანი კომპანია ფლობს ბაზრის 30%-ს. მსგავსი სცენარით ვითარდება მძიმე მრეწველობა: კომპანია China Qianjiang ფლობს მოტოციკლეტების ბაზრის 40%-ს, კომპანია Wanxiang ლიდერობს ავტომობილის შემადგენელი ნაწილების სექტორში. აღსანიშნავია, რომ ამ კონსოლიდაციაში ძირითადი მოთამაშეები ადგილობრივი და არა უცხო კომპანიებია. ამის ნათელი მაგალითი ლუდის წარმოების სექტორია – უცხოური კომპანიების უმეტესობა, რომელიც მზად არ იყო მძაფრი კონკურენციისთვის და სწრაფი კონსოლიდაციისთვის, შემოვიდა ჩინეთის ბაზარზე, მაგრამ იგი ჯერ კიდევ 1990 წლისთვის დატოვა.

ჩინეთის კაპიტალის ბაზრის ან საბანკო სექტორის რეფორმა არაა დაკავშირებული პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან. საერთაშორისო კომპანიების წილად ძირითად საშუალებებში მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების მხოლოდ 15% მოდის, შესაბამისად _ მათი გავლენა ეკონომიკაზე არცთუ ისე მნიშვნელოვანია. ჩინეთი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ რესურსებზე დაყრდნობით აფინანსებს ზრდას. შედეგად, მისი კაპიტალის ბაზარი ვითარდება. მთავრობა ბანკების რეგულირებას, უპირველეს ყოვლისა, რეზერვირების ნორმების, განყოფილებების დონეზე მართვასა და მოტივაციაში ცვლილებების, საფასო პოლიტიკის უფრო მოქნილი სისტემის მეშვეობით ახორციელებს.

გავრცელებული აზრი, თითქოს ჩინეთი ცდილობს, შექმნას მსხვილი, სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი გლობალური კომპანიები, უფრო მითია, ვიდრე რეალობა. მთავრობას მართლაც სურს ქვეყანაში გაჩნდეს და განვითარდეს ძლიერი კომპანიები, მაგრამ მას არ უნდა, რომ ისინი სახელმწიფო კომპანიები იყვნენ _ ეს ცხადად არაეფექტიანია. დღეისათვის მთავრობა ბიზნესს მოუწოდებს: ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია ფასიანი ქაღლადების საფონდო ბირჟებზე განთავსება. რეფორმირების პირველი 20 წლის მანძილზე მთავრობამ შემდეგნაირად ჩამოაყალიბა თავისი პოლიტიკა: “ყველაფერი გავაკეთოთ, რაც აუცილებელია ბაზრების ჩამოყალიბებისათვის”. მომდევნო 20 წლის შემდეგ ისინი იტყვიან: “გავიდეთ ამ ბაზრების ფარგლებს გარეთ”. მომავალში, ექსპერტების შეფასებით, გლობალური ჩინური კომპანიები მთლიანად კერძო და კონკურენტუნარიანი კომპანიები გახდებიან, ხოლო მათი აქციები საფონდო ბირჟებზე გაიყიდება.

ჩინეთის მთავრობა ჯერ კიდევ აკონტროლებს ქვეყნის ფინანსური რესურსების უმეტეს წილს და სავსებით გონივრულად წყვეტს მისი განაწილების საკითხს _ ამიტომაც იზრდება ეკონომიკა ასე სწრაფად. თუმცა, მთავრობა ყოველთვის უფრო ცუდად ანაწილებს რესურსებს, ვიდრე ამას კერძო სექტორი ახერხებს ეფექტიან ბაზრებზე. მაგრამ ჩინეთი არ არის ეფექტიანი ბაზარი. ინდოეთის მოდელი (მისი როგორც სახელმწოფო, ასევე კერძო, შედარებით მცირე ზომის ინვესტიციებით) ჩინეთის ეკონომიკისათვის ზრდის ასეთ ტემპს ვერ უზრუნველყოფდა. ამავე დროს, ინდოეთის მოდელი, შესაძლოა, არც თვით ინდოეთისთვის იყოს მისაღები: ოჯახურ კომპანიებს და სხვა კერძო ინვესტორებს კარგად შეუძლიათ გადაწყვიტონ საკუთარი ინვესტიციების ეფექტიანობის საკითხი, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ისეთი მოცულობის თანხა ჩადონ ეკონომიკაში, რომ უზრუნველყონ ეკონომიკის ჩინეთის მსგავსი ზრდა. არც ისაა გამორიცხული, რომ ინვესტიციების მოცულობა ინდოეთში მკვეთრად გაიზარდოს, როდესაც ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები ქვეყნის რეალურ პოტენციალს დაინახავენ.

ჩინური და ინდური ეკონომიკების სიძლიერე, საბოლოო ჯამში, დარგების დონეზე განისაზღვრება.

პასუხი კითხვაზე: “რომელი მიდგომაა უკეთესი?” – ეროვნული ეკონომიკების დონეზე არ არსებობს. საჭიროა დარგების განხილვა. მაშინ თქვენ აღმოაჩენთ, რომ თუ სახელმწიფო კონკურენციის სტიმულირებას ახერხებს, შედეგებიც უკეთესია. არაეფექტიანი დარგები ორივე ქვეყანაში არსებობს: მათი საქმიანობა მკაცრად რეგულირდება და კონკურენციაზე საუბარი ზედმეტია. მაგრამ ორივე ქვეყანას აქვს ძლიერი დარგები, რომლებიც არ არიან შეზღუდულნი და სწრაფად ვითარდებიან.

მწარმოებლობა ეკონომიკის ზრდის საფუძველია. მისი ზრდის მთავარ შემაფერხებლად კი კონკურენციის შეზღუდვა, მთავრობის მხრიდან მიკრო დონეზე რეგულირება ითვლება. განვიხილოთ ეს მოსაზრება ინდოეთის მაგალითზე. მაღალმწარმოებლური ინდური კომპანიები ინფორმაციული ტექნოლოგიების, პროგრამული უზრუნველყოფის და ბიზნეს-პროცესების აუტსორსინგის სფეროში მუშაობს. აქ ასობით ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, საექპორტო შემოსავლების მოცულობა მილიარდობით დოლარს შეადგენს. როგორც ახალმა სექტორებმა (რომელთა პოტენციალი მთავრობამ თავიდან ჯეროვნად ვერ შეაფასა), მათ თავიდან აიცილეს მკაცრი რეგულირება. ამ დარგებში მოღვაწე კომპანიები არ ექვემდებარებიან შრომის იმ რეგულირებას, რომელიც სხვა დარგებში სამუშაო დღის რეჟიმს და სხვადასხვა ნორმას განსაზღვრავს. მათ საშუალება მიეცათ, მიეღოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც, მაგალითად, აკრძალულია საცალო ვაჭრობაში. ცხადია, ამ რესურსების მოზიდვის გარეშე ეს დარგები ასე სწრაფად ვერ განვითარდებოდა. ჯერ კიდევ 2002 წლისთვის ამ დარგების წილად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 15% მოდიოდა.

ინდოეთში საავტომობილო ინდუსტრიაში მწარმოებლურობის დონე საშუალოა. ინდუსტრიაში, რომელიც კარდინალურად მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, როცა მთავრობამ 1980-იან წლებში ამ დარგის ლიბერალიზაცია მოახდინა, 1992 წლისთვის უცხოური ინვესტიციებისთვის ბარიერები პრაქტიკულად მოიხსნა. გაჩნდა შრომის ნაყოფიერების და წარმოების მოცულობის მკვეთრად ზრდის საშუალება. ფასები შემცირდა, მაგრამ დარგის კონსოლიდირების მიუხედავად, დასაქმება იმავე დონეზე დარჩა, ბაზარზე მაღალი მოთხოვნის არსებობის გამო. მიუხედავად ამისა, საიმპორტო ავტომობილებზე არსებული მაღალი ტარიფები ადგილობრივ მწარმოებლებს საერთაშორისო კონკურენციისგან იცავს. ამის გამო კი ეს სექტორი არაა ისეთი კონკურენტული, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო.

მწარმოებლურობის ყველაზე დაბალი დონე საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის წარმოებაშია. უცხოური ინვესტიციების შეზღუდვების შერბილების მიუხედავად (1990 წლების დასაწყისი), რეგულირების წნეხი ამ დრომდე ძლიერია. შედეგად, ინდოეთში წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა ვერ ახერხებს საერთაშორისო ბაზრებზე კონკურირებას, ფასები ადგილობრივი მომხმარებლებისათვისაც კი გაუმართლებლად მაღალია. საკვები პროდუქციით საცალო ვაჭრობის ეფექტიანობა ინდოეთში კიდევ უფრო დაბალია _ ნაწილობრივ, უცხოური ინვესტიციების მთლიანი აკრძალვის გამო. ამ დარგში შრომის ნაყოფიერება აშშ-ის ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ 6%-ს შეადგენს.

ახლა განვიხილოთ ჩინეთი, მისი უფრო ლიბერალიზირებული და მაღალკონკურენტული დარგებით. საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის სფეროში შრომის ნაყოფიერება ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ინდოეთში. ბოლო 20 წლის მანძილზე, ეს დარგი, ორი ფაქტორის გათვალისწინებით _ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და ადგილობრივ კომპანიებს შორის მძაფრი კონკურენციის არსებობა _ კონკურენტუნარიანი მსოფლიო დონეზე გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შემთხვევაში მთავრობამ უარი თქვა მკაცრ რეგულირებაზე. ისიც შესაძლოა, მან ვერ შენიშნა ზრდის ასეთი პოტენციალი _ დღეისათვის ჩინეთი წელიწადში 60 მილიარდი დოლარის საყოფაცხოვრებო ტექნიკას აწარმოებს.

იმის გამო, რომ მთავრობას სურს ტექნოლოგიების და ინვესტიციების მოზიდვა, ჩინეთში საავტომობილო ინდუსტრია სტრატეგიულ დარგად ითვლება და მკაცრი რეგულირების ქვეშ რჩება. ამიტომაა დარგის ეფექტიანობის შეფასება რთული. თუმცა, ამ დარგის მაგალითზე ჩანს, თუ როგორ შეუძლია მთავრობის ჩარევას ხელი შეუშალოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. უცხოელ მწარმოებელს უფლება აქვს, ინვესტირება მხოლოდ ერთობლივ საწარმოებში მოახდინოს; იგი ვალდებულია, მაკომპლექტებელი ნაწარმი ადგილობრივი მწარმოებლებისაგან იყიდოს. დამატებით, ადგილობრივი ბაზარი იმპორტისაგან მაღალი ტარიფებითაა დაცული. რასაკვირველია, კერძო სექტორის განვითარებასთან ერთად, კონკურენცია მძაფრდება, მაგრამ ერთობლივი საწარმოების მწარმოებლურობა ჯერ მაინც დაბალია იაპონიის და აშშ-ის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით. ეს კი, თუ სამუშაო ძალის სიიაფეს გავითვალისწინებთ, ცოტა მოულოდნელია. ერთ ქვეყანაშიც კი დარგებს შორის ეფექტიანობის ასეთი სხვაობის გამო, აზრი აქვს ეფექტიანობა ინდოეთისა და ჩინეთის სექტორებს შორის შევადაროთ. ინფორმაციური ტექნოლოგიების და ბიზნეს-პროცესების აუტსორსინგის სფეროში ინდოეთი ძალიან დაწინაურდა, ჩინეთი მას უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ვერ დაეწევა. საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის სფეროში კი ჩინეთი დომინირებს და ინდოეთი მას სერიოზულ კონკურენციას უახლოესი 10 წელი ვერ გაუწევს.

საავტომობილო სექტორის ბედი ბურუსითაა მოცული. ინდოეთში კონკურენციამ მრავალი ინოვაცია გააჩინა. ძვირად ღირებული ავტომატიკის ნაცვლად, აქ იაფ სამუშაო ძალას იყენებენ, ხოლო ადგილობრივი ინჟინრები ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან, ისეთს _ როგორიცაა Scorpio, რომელიც ამერიკულ ანალოგებზე რამდენჯერმე იაფია. ჩინეთმა, უცხოური ინვესტიციების მეშვეობით, უმსხვილესი დარგი შექმნა, მაგრამ მისი კონკურენტული პოტენციალი სახელმწიფო რეგულირებით იზღუდება.

ფინანსური სექტორის რეფორმირება

მთლიანი შიდა პროდუქტის 8.3%-იანი ყოველწლიური ზრდის ფონზე, ინდოეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ინდოეთის ფინანსური აქტივები _ საბანკო დეპოზიტები, აქციები და ობლიგაციები _ $900 მილიარდს შეადგენს. ეს კი ჩინეთის ბაზრის მხოლოდ ერთი მეხუთედია. განსხვავება მნიშვნელოვანია: 2010 წლისთვის, ჩინეთის ფინანსური ბაზარი $9 ტრილიონს მიაღწევს, ინდოეთისა კი _ მხოლოდ $2 ტრილიონს. მეორე მხრივ, კერძო კომპანიებზე კაპიტალის განაწილების თვალსაზრისით, ინდოეთის ფინანსური სისტემა უფრო ეფექტიანია _ უცხოური და კერძო მფლობელობაში მყოფი ბანკების საბაზრო წილი 25%-ს აღწევს. ინდოეთის საბანკო სისტემა განთავისუფლდა პრობლემური სესხების უმეტესი ნაწილისგან და დღეს იგი საერთო სასესხო პორტფელის მხოლოდ 9%-ს შეადგენს. ჩინეთში კი ეს მაჩვენებელი 40%-ს აღწევს. ინდოეთის აქციების ბაზარი აღმავლობის ფაზაშია _ საუკეთესო კომპანიები საკუთარ აქციებს უკვე უცხოეთის ბაზრებზე ყიდიან. ეკონომიკური ზრდის დაფინანსებისთვის, ინდოეთმა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს მშპ-ში ინვესტიციების წილი. ამისათვის კი, ბანკების და კაპიტალის ბაზრების რეფორმირებისას, ფინანსურმა სისტემამ დანაზოგების მობილიზება უფრო ეფექტიანად უნდა მოახერხოს. შედეგად, ათასობით სამუშაო ადგილი გაჩნდება ფინანსურ სექტორში, ხოლო ეკონომიკა ზრდის უფრო მაღალ ტემპს გამოიმუშავებს.

დასკვნის სახით

ჯერჯერობით, ცხადი სულაც არაა, რომელი ეკონომიკა _ ჩინეთისა თუ ინდოეთის _ აღმოჩნდება უფრო ძლიერი. ეკონომიკური ზრდის სტაბილური და მყარი საფუძვლები დარგების დონეზე მწარმოებლურობის ზრდის ხარჯზე უნდა შეიქმნას. ეს მიზანი კი მაშინ იქნება მიღწევადი, თუ სახელმწიფო უზრუნველყოფს რეგულირების გამართლებულ დონეს და მოხსნის კონკურენციის შემზღუდავ ბარიერებს. ჩინეთსა და ინდოეთს ხელეწიფებათ საკუთარი დარგების და, საერთოდ, ეკონომიკის განვითარება _ ამისათვის მათ მრავალი შესაძლებლობა აქვთ.

წყარო:http://www.business-magazine.ge/