ირაკლი მჭედლიშვილი

saqpolan0სტატიის მიზანია კავკასიაში არსებულ გეოპოლიტიკურ ძალთა განლაგების აღწერა, ერთგვარი რელიეფის შექმნა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდება განისაზღვროს საქართველოსათვის საგარეო პოლიტიკის ორიენტირები. ამგვარი წინასწარი მოსაზრებების, გათვლების საშუალებით შევძლებთ ერთმანეთისაგან გამოვყოთ უცხო ქვეყნები ჩვენთვის მეტ-ნაკლები მნიშვნელობის მიხედვით, შევარჩიოთ მათ შორის გრძელვადიანი საიმედო პარტნიორები.

სტატიის აქტუალობას ადასტურებს კონფლიქტების სიმრავლე კავკასიაში, რაც ნაწილობრივ შედეგია იმისა, რომ საქართველოსა და კავკასიის სხვა პოლიტიკური ერთეულების მიერ არ ხდება რეგიონის შესატყვისი პოლიტიკის გატარება.

ისტორიული მიმოხილვა

უძველესი დროიდან საქართველოს სახელმწიფო მეზობელ სახელმწიფოებთან ინტენსიური ურთიერთქმედების ფონზე ყალიბდებოდა.

საქართველოს სამხრეთით გავლენის სფეროებისათვის იბრძვის ორი დიდი იმპერიული სახელმწიფო: ირანი და ოსმალეთი. საქართველოს ჩრდილოეთით კი თანდათან ყალიბდება რუსეთის იმპერია. ნელ-ნელა, მაგრამ მეთოდურად, ხდება მისი კავკასიისაკენ წამოწევა.

ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს, რომელთა ავტონომიური ადგილი რეგიონულ პოლიტიკურ სურათში ჯერ არ არის გამოკვეთილი, უდგებათ რუსეთისაგან თავის დაცვის პრობლემა. რაც შეეხება საქართველოს, იგი არამყარი წონასწორობის მდგომარეობაშია. ირანი ცდილობს თავის ველში ჩაითრიოს საქართველო, ოსმალეთი კი მის თავის გავლენის სფეროში დაფიქსირებას ლამობს.

ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთისაგან იდეოლოგიურად გამიჯვნის აუცილებლობამ ისლამის გავრცელება გამოიწვია. ეს შემთხვევითი აქტი არაა და მხოლოდ ოსმალეთისა და ირანის მცდელობით არ აიხსნება. სიტუაცია მსგავსია იმ ვითარებისა, როდესაც საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ეს აქტი საქართველოში პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და ქართველი პოლიტიკოსების მომზადებული იყო, რათა საქართველო გამიჯვნოდა მაზდეანურ ირანს და რომთან კავშირი განემტკიცებინა. მოგვიანებით, სამხრეთელი მეზობლების წაქეზებით გაძლიერება იწყო ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების თავდასხმებმა საქართველოზე. ამის გამოვლენაა ლეკიანობაც. გასაგებია, რომ საქართველოს უნდა მოეძებნა რაიმე საშუალება, რათა გაეწონასწორებინა ორმხრივი დაწოლა. სწორედ ამით აიხსნება ქართველი მეფეების სწრაფვა რუსეთისაკენ. სწორედ რუსეთთან კავშირით უნდა მომხდარიყო ქრისტიანული და მაჰმადიანური ძალების გაწონასწორება კავკასიაში. იმას, რომ რუსეთთან კავშირი თვითმიზანი არ ყოფილა და წარმოადგენდა მრავალმხრივი ძიების შედეგს, ევროპაში პოლიტიკური მხარდაჭერის საძიებლად სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობაც ადასტურებს. ამგვარად, რუსეთთან კავშირით კავკასიაში შეიქმნებოდა ქრისტიანული და მაჰმადიანური ძალების ზოლოვანი განლაგება: სამხრეთით მაჰმადიანური ფრონტი, შემდეგ ქრისტიანული საქართველო, შემდეგ მაჰმადიანური ჩრდილოეთ კავკასია, და ბოლოს – ქრისტიანული რუსეთი. როგორც ვხედავთ, კავკასია წარმოადგენს ბუფერულ ზონას ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, სადაც რეალიზებულია როგორც მაჰმადიანური სამხრეთის, ისე ქრისტიანული ჩრდილოეთის ინტერესები. ე. ი. სამხრეთისა და ჩრდილოეთის გეოპოლიტიკური ველები ერთმანეთთან შეხებისას ქმნიან არა უშუალო საზღვარს, არამედ გარკვეული აზრით რთულ სტრუქტურას, ზოლოვან განლაგებას, სადაც ხდება ამ ძალების გაწონასწორება.

კავკასიურ კვანძზე წარმოდგენა სრული არ იქნება, თუ მას განვიხილავთ მხოლოდ სამხრეთის მაჰმადიანური და ჩრდილოეთის ქრისტიანული გეოპოლიტიკური ძალების დაპირისპირების თვალსაზრისით. კავკასია ასეთივე დიდ როლს თამაშობდა ირანულ-ოსმალურ, შიიტურ-სუნიტურ დაპირისპირებაში.

სომხეთ-აზერბაიჯანი ირანისა და თურქეთის გეოპოლიტიკური ველების შეხების ადგილზე ქმნიან ძალთა ისეთივე განაწილებას, როგორსაც საქართველო-ჩრდილოეთი კავკასია მაჰმადიანური და ქრისტიანული ველების შეხების ადგილას.

ოსმალეთსა და მის მონათესავე თურქულენოვან აზერბაიჯანელებს შორის მოქცეულია სომხეთი, რომელიც წვრილი ყელით უკავშირდება ირანს და ამავე დროს ეს წვრილი ყელი ჰყოფს აზერბაიჯანს და ოსმალეთს ერთმანეთისაგან. ე. ი. გვაქვს ასეთი განლაგება: ოსმალეთი, შემდეგ ირანული ორიენტაციის სომხეთი (სომხეთისა და ირანის ტრადიციული მოკავშირეობის ნიშანია სომხეთის მონოფიზიტობა, რომელიც ირანის ხელშეწყობით ვრცელდებოდა კავკასიაში, რათა ამით კავკასია გამიჯვნოდა ბიზანტიას), შემდეგ აზერბაიჯანი, რომელიც მართალია ირანის გავლენის სფეროა, მაგრამ ეთნიკურად და ენობრივად თურქეთის მონათესავეა და ბოლოს ირანი. ხშირად გაოცებას იწვევს, თუ როგორ არ წალეკა ოსმალეთმა სომხეთი და ვერ დაუკავშირდა აზერბაიჯანს. საქმე ისაა, რომ ამას არ დაუშვებდა ირანი, რადგან მაშინ იგი ჩრდილოეთიდან მთლიანად მოექცეოდა თურქულ რკალში. როგორც ცნობილია, ირანს ჩრდილოაღმოსავლეთიდან აწიოკებდნენ თურქმენები. რა თქმა უნდა, ასეთი ვითარება ხელს აძლევდა სომხეთსაც. მისთვის ირანთან კავშირი თვითგადარჩენის საშუალება იყო.

როგორც ვხედავთ, კავკასია ისტორიულად ჩამოყალიბებული რთული პოლიტიკური კვანძია, სადაც რეალიზებულია სამი დიდი გეოპოლიტიკური ძალის: რუსეთის, თურქეთის, ირანის ინტერესები. თითოეული ამ ძალის გაძლიერება კავკასიაში იქვევდა საწინააღმდეგო, გამაწონასწორებელი ძალების გაძლიერებასაც. ჩამოთვლილ სამ დიდ გეოპოლიტიკურ ძალთა შორის ურთიერთობა არა მხოლოდ აისახებოდა კავკასიაზე, არამედ კავკასია, თავის მხრივ, დიდ როლს თამაშობდა ამ ურთიერთობათა რეგულირებაში.

დღევანდელი ვითარების ანალიზი

დღეისათვის, დიდი გეოპოლიტიკური ძვრების შედეგად, კავკასიაში გვაქვს სამი სახელმწიფო: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და ამათ გარდა, რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, ავტონომიური რესპუბლიკები, რომლებშიც თანდათან ძლიერდება დამოუკიდებლობის ტენდენციები. ყოველ მათგანს გააჩნია უამრავი პრობლემა, რომლებიც პოლიტიკური კლიმატის მკვეთრი ცვლილებითაა გამოწვეული. ასეთ ვითარებაში კავკასიის ხალხები ცდილობენ საიმედო პარტნიორები მონახონ ძლიერი ქვეყნების სახით, რომლებიც მიეხმარებიან მათ ამ პრობლემების გადაჭრაში, გახდებიან მათი უსაფრთხოების გარანტები, დააჩქარებენ მათ მსოფლიო პროცესებში ჩართვას.

თავის მხრივ, დიდ რეგიონულ ქვეყნებს – რუსეთს, თურქეთს და ირანს საკუთარი ინტერესები გააჩნიათ კავკასიის მიმართ.

ირანისათვის, მისი ნედლეულის ექსპორტისათვის ევროპაში, კავკასიას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სატრანზიტო მაგისტრალს. ირანისათვის ეს ერთ-ერთი უმოკლესი სავაჭრო მარშრუტია. ასეთი ურთიერთობით საქართველო დიდად მოიგებს.

თურქეთს, სომხეთისა და საქართველოს საშუალებით, შეუძლია დაუკავშირდეს აზერბაიჯანს, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიას, ვოლგისპირეთისა და შუა აზიის თურქულენოვან მოსახლეობას.

რუსეთის ეროვნული ინტერესები ჩამოყალიბების პროცესშია. მიუხედავად ამისა, თუ რუსეთში რეფორმები ნორმალურად წარიმართება, შეგვიძლია ვივარაუდოთ მისი შესაძლო ინტერესები: ესაა რუსული კაპიტალის მინიმალური დაბრკოლებით მოძრაობა ირან-ინდოეთის მიმართულებით შესაძლებლობისდა მიხედვით კონტროლი კავკასიაზე, როგორც პლაცდარმზე წინა აზიაში მიმდინარე მოვლენებზე აქტიური ზემოქმედებისათვის.

დღეს კავკასიაში მოვლენები ვითარდება რუსეთის წინააღმდეგობრივი შინაგანი პროცესების ძლიერ ფონზე და ორიენტაციებზე ცალსახად მსჯელობა ძნელია. მიუხედავად ამისა, რეგიონულ დონეზე, მაინც შეგვიძლია დავაკვირდეთ შემდეგ ტენდენციებს:

აზერბაიჯანში ყალიბდება თურქული ორიენტაცია, ეს თითქოს ბუნებრივია. სომხეთში კი, კავკასიის სხვა რესპუბლიკებთან შედარებით, იზრდება ირანთან ურთიერთობის ინტენსივობა და ხარისხი. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს, ისინი რუსეთისგან გამიჯვნის მიზნით ცდილობენ გამონახონ კავშირები თურქეთთან და არაბულ სახელმწიფოებთან. (მაგალითად, ჩეჩნეთის ლიდერის – დუდაევის შეხვედრები თურქეთისა და არაბეთის რიგი სახელმწიფოების ლიდერებთან 1993 წლის შემოდგომაზე, რასაც რუსეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა). რაც შეეხება საქართველოს, მას კავკასიის სხვა ხალხებთან შედარებით პოლიტიკური მანევრირების, თავისუფლების მეტი ხარისხი გააჩნია, რადგან მას გეოგრაფიული მდებარეობის გამო კავშირების ყველაზე დიდი არჩევანი აქვს. მიუხედავად ამისა რუსეთის განსაკუთრებული დაინტერესება საქართველოთი, გეოგრაფიული, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური აზრით (რაც გამოვლინდება რუსეთის საინფორმაციო საშუალებებისა თუ პოლიტიკური წრეების განსაკუთრებულ ყურადღებაში, აგრეთვე თეორეტიკოსთა რადიკალურ მსჯელობებში იმის შესახებ, რომ ,,რუსეთს სჭირდება ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული საქართველო” თუ ,,დანაწევრებული სინთეტიკური სახელმწიფო”, რათა უზრუნველყოს თავისი ინტერესების უსაფრთხოება სამხრეთის მიმართულებით) შეიძლება განმსაზღვრელი აღმოჩნდეს საქართველოს ორიენტაციის ჩამოყალიბებისას რეგიონულ დონეზე.

საინტერესოა აგრეთვე ფაქტი – მაშინ როდესაც საქართველო ცალმხრივად ორიენტირებულია ,,დემოკრატიულ” რუსეთზე – პრეზიდენტზე, ჩრდილოეთ კავკასიელებს ძლიერი პოზიციები გააჩნიათ რუსეთის ,,რეაქციულ` ნაწილში – პარლამენტში. დაპირისპირება ,,ორ რუსეთს” შორის იწვევს დაპირისპირების ზრდას კავკასიელებს შორის. თავის მხრივ, კავკასიაში დაპირისპირება იწვევს რუსეთის აღნიშნულ ორ ბანაკს შორის წინააღმბდეგობათა გამწვავებას. (მაგალითად: 1992 წელს, მაისში, ოსეთის კონფლიქტის გამწვავებას მოყვა რუსეთში ,,რეაქციონერების” პოზიციების დასუსტება. აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებას – ,,დემოკრატების” მიერ ინიციატივის დაკარგვა). ანუ ჩრდილოეთ კავკასიელები და ქართველები ისევე როგორც ოდესღაც, დღესაც სხვადასხვა – ერთმანეთთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ ბანაკებში ვიმყოფებით.

კავკასიაში ისტორიულად ჩაგდებული მექანიზმი ასახავს დაპირისპირებებს ჩრდილოეთსა და სამხრეთს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. საქართველო-ჩრდილოეთ კავკასია ასახავს ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაპირისპირებას, ხოლო სომხეთ-აზერბაიჯანი – აღმოსავლეთ-დასავლეთის (ირან-თურქეთის) დაპირისპირებას. მართლაც, თუ დავაკვირდებით დღევანდელი საკონფლიქტო ზონების განლაგებას, დავინახავთ, რომ ისინიც ამ დაპირისპირებებს ასახავენ: აფხაზეთ-ოსეთი ჩრდილოეთისა და სამხრეთის, ხოლო ყარაბაღი – აღმოსავლეთ-დასავლეთის, ირან-თურქეთის დაპირისპირებას. აზერბაიჯანელებითა და სომხებით დასახლებულ საქართველოს რაიონებში იყო კონფლიქტის ესკალაციის რამოდენიმე მცდელობა. მიუხედავად ამისა, კონფლიქტებს ქართველებსა და სომხებს, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის მძაფრი სახე არ მიუღიათ.

როგორც ვხედავთ, რეგიონში ძალთა განაწილების ისტორიული სურათი კვლავ აქტუალურია. მცირე რეგიონი, კავკასია, წარმოადგენს რთულ ნერვულ კვანძს. ხოლო კავკასიაში პოლიტიკური კლიმატი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამ ღია რეგიონალურ ქვეყანაზე: რუსეთზე, ირანზე და თურქეთზე. კავკასიის როლი, შიდაკავკასიური კონფლიქტების მოწესრიგების პარალელურად, რუსეთის, ირანის და თურქეთის ურთიერთობების რეგულირებაში კიდევ უფრო გაიზრდება.

საფუძვლეები რეგიონული კავშირისათვის

როგორც ვნახეთ, კავკასია წარმოადგენს ფუნქციურად გამოყოფილ პოლიტიკურ რეგიონს. ახლა განვიხილოთ საკითხი, არის თუ არა საჭირო კავკასიაში გარკვეულ დონეზე ერთიანი პოლიტიკის გატარება. ხომ არ უქმნის საფრთხეს კავკასიის სტაბილურობას ამ რეგიონში მოვლენების თვითდინებაზე მიშვება.

ამისათვის შევხედოთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს არა რუსეთთან, თურქეთთან ან ირანთან დაპირისპირების თვალსაზრისით, არამედ სხვა მხრიდან, თუ რა ურთიერთობა ჰქონდათ, თვითგადარჩენის მიზნით სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში მოხვედრილ კავკასიის ხალხებს ერთმანეთთან.

ისტორიიდან ცნობილია როგორ აწიოკებდნენ, ირანისა და თურქეთის წაქეზებით მოქმედი, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები საქართველოს. საქართველოს რუსეთთან დაკავშირების შემდეგ კი, რუსეთის არმიის ქართველმა ოფიცრებმა იწყეს ანგარიშის გასწორება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან. მას მერე, რაც რუსეთმა ფეხი მოიკიდა კავკასიაში, რუსები საქართველოში წესრიგის დამყარებისათვის ჩრდილოეთ კავკასიელებს იყენებდნენ.

როგორც ვხედავთ, შეიქმნა უაზრო მდგომარეობა – ხალხებს, რომლებსაც ერთი პრობლემა ჰქონდათ – როგორმე გადაერჩინათ თავი, შეენარჩუნებინათ თვითმყოფადობა, შეეჩერებინათ, ერთის მხრივ, რუსეთის, ხოლო, მეორეს მხრივ, ირან-თურქეთის დაწოლა, იქცნენ იარაღად სხვის ხელში, რომელსაც ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებდნენ.

გარკვეული აზრით იგივე სურათი მეორდება დღესაც. კავკასიის შიდა კონფლიქტებს აძლიერებს ან სულაც წარმოშობს გარეშე გავლენა. არსებობს ასეთი კონფლიქტების რაოდენობის ზრდის საშიშროება.

ასეთი მდგომარეობა გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ გარკვეულ შიდაკავკასიურ პოლიტიკაზე, შიდაკავკასიურ მოლაპარაკებაზე. ამ მოლაპარაკებების იდეა მარტივია: მიუხედავად პოლიტიკური ორიენტაციისა და სიმპათიებისა, მიუხედავად იმისა, თუ რომელი სახელმწიფოს საზღვრებში შედის კავკასიის ესა თუ ის ხალხი, კავკასიის ხალხებმა ერთმანეთს არ უნდა შეუქმნან დესტაბილიზაციის საფრთხე. ყველა კონფლიქტი უნდა წყდებოდეს შიდაკავკასიური მოლაპარაკებით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კავკასიაში ჩადებული მექანიზმის გამო, აუცილებლად მოხდება კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია. ასეთ შემთხვევაში კი ყველა წაგებული იქნება.

ახლა ვაჩვენოთ რას მისცემს ასეთი შეთანხმება კავკასიას.

შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში კავკასია მოექცევა პოლიტიკურად ოპტიმალურ მდგომარეობაში: რუსეთის ენერგია, რეალიზებული ამიერკავკასიაში, მოხმარდებოდა კავკასიაზე მაჰმადიანური სამხრეთის დაწოლის გაწონასწორებას, ხოლო მაჰმადიანური სამხრეთის ენერგია, რეალიზებული ჩრდილოეთ კავკასიაში, მოხმარდებოდა რუსეთის დაწოლის გაწონასწორებას კავკასიაზე. ამით შესაძლებელი გახდებოდა სამხრეთისა და ჩრდილოეთის დაწოლის ერთმანეთით გაწონასწორება.

ამგვარად ჩრდილოეთისა და სამხრეთის ენერგია, რეალიზებული კავკასიაში, მოხმარდება არა შიდაკავკასიურ ომებს, რომელიც დაასუსტებს კავკასიას, არამედ იმუშავებს კავკასიის სასიკეთოდ, დაიცავს მას, შექმნის სტაბილურობის გარანტიებს კავკასიაში.

რა თქმა უნდა აღწერილი მექანიზმი სინამდვილეში გაცილებით რთულია და ნორმალური მუშაობისათვის მრავალი ვარიანტის გათვლასა და სიტუაციაზე მუდმივ თვალყურის დევნას ითხოვს. მიუხედავად ამისა, იგი არაა რეალურ საფუძველს მოკლებული და მსგავსი მექანიზმების მუშაობას შეგვიძლია დავაკვირდეთ ბევრგან. მაგალითად:

საფრანგეთისა და ესპანეთის საზღვარზე ცხოვრობს ორი ეთნოსი – ბასკები და კატალონიელები. ისინი თითქმის ერთნაირ გეოპოლიტიკურ პირობებში იმყოფებიან. ერთის მხრივ, განიცდიან ესპანეთის, ხოლო, მეორეს მხრივ, საფრანგეთის გეოპოლიტიკური ველის ზემოქმედებას. ბასკების უძველესი ქვეყანა ამ ველების ზემოქმედების შედეგად აღმოჩნდა გახლეჩილი საფრანგეთსა და ესპანეთს შორის, ხოლო ამავე პერიოდში კატალონიის ტერიტორიის ნაწილზე, საფრანგეთისა და ესპანეთის საზღვარზე, შუა საუკუენეებიდან ჩამოყალიბდა კატალონიური პოლიტიკური ერთეული ანდორა, რომელიც დღემდე მოვიდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამის მიზეზი იმაშია, რომ ბასკები ებრძოდნენ როგორც ფრანგებს, ისე ესპანელებს. ბუნებრივია, საბოლოო ჯამში ისინი ვერ შეაკავებდნენ ასეთ ორმხრივ დაწოლას. საფრანგეთისა და ესპანეთის ველები შეიძლება მხოლოდ ერთმანეთის საშუალებით გაწონასწორებულიყო. მართლაც ასე მოხდა. საფრანგეთისა და ესპანეთის ველები ერთმანეთთან უშუალო შეხებაში მოვიდნენ და ჩამოაყალიბეს საზღვარი, რომელმაც თავის მხრივ ბასკეთი ორ ნაწილად გაყო.

ანდორას შემთხვევაში მოხდა სხვაგვარად. ანდორაში, ერთი მხრივ, იყო ესპანეთის ეპისკოპოსთა, ხოლო, მეორეს მხრივ, ფრანგი გრაფების სამფლობელოები. შემდეგ ანდორაში გამოცხადდა ორმაგი სუვერენიტეტი, ანუ საფრანგეთმა და ესპანეთმა მოაქციეს ანდორა ორმაგი დაქვემდებარების ქვეშ. ე. ი. მოხდა საფრანგეთისა და ესპანეთის გეოპოლიტიკურ ველებს შორის არა უშუალო საზღვრის ჩამოყალიბება და ამგვარად მათი გაწონასწორება, არამედ შეხების ადგილზე გარკვეული რთული სტრუქტურის ჩამოყალიბება, გეოპოლიტიკური ველების გადაფარვა და ამგვარად გაწონასწორება. ესპანეთის ენერგია, რეალიზებული ანდორაში, აკავებდა ანდორაზე საფრანგეთის დაწოლას, ხოლო საფრანეგთის ენერგია, რეალიზებული ანდორაში, ხმარდებოდა ესპანეთის დაწოლის გაწონასწორებას. ასეთი მდგომარეობა ანდორას გარკვეულ ფარგლებში მანევრირების საშუალებას უტოვებდა. შედეგად, ანდორა დღეს დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, კატალონიური სახელმწიფო ენით, თავისი პოლიტიკური ინსტიტუტებითა და პარტიებით.

როგორც ვხედავთ, საფრანგეთის და ესპანეთის ველებმა ერთმანეთი გააწონასწორეს ისე, რომ მათ შორის შესაძლებელი გახდა ერთგვარი თავისუფალი პოლიტიკური სივრცის წარმოქმნა, რომელიც კატალონიურმა სახელმწიფომ – ანდორამ შეავსო. სავარაუდოა, რომ თუ ბასკები შესძლებდნენ მოეხდინათ, ერთის მხრივ, საფრანგეთის, ხოლო, მეორეს მხრივ, ესპანეთის ინტერესების რეალიზაცია თავიანთ ქვეყანაში, როგორც ერთიანში, ისე, რომ არ დარღვეულიყო მათ შორის ბალანსი, მაშინ ბასკები, ისევე როგორც ანდორელები, შეინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას.

მოყვანილი მაგალითიდან ჩანს, რომ კავკასიაში, შინაგანი თანხმობის პირობებში, შესაძლებელია ამუშავდეს მსგავსი მექანიზმი. ასეთ შემთხვევაში, შიდაკავკასიურ მოვლენებზე შემცირდება გარეშე გავლენა, რაც ხელს შეუწყობს კავკასიის სტაბილიზაციას. აქვე აღვნიშნოთ, რომ საქართველოში, მართალია, თავის მხრივ, რეალიზებულია რეგიონში მოქმედი სამი დიდი გეოპოლიტიკური ძალის ინტერესი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ძალთა სტაბილური ბალანსისათვის. საქართველოს პოლიტიკა ვერ იქნება ამოგლეჯილი კავკასიური სურათიდან, რადგან სრულად მხოლოდ კავკასიაშია, როგორც მთელში, რეალიზებული სამივე გეოპოლიტიკური ძალის ინტერესი.

კიდევ ცოტა რამ კავკასიული პრობლემების შესახებ

ხშირია აზრი იმის შესახება, რომ საჭირო არაა რაიმე განსაკუთრებული მიდგომა კავკასიური პრობლემებისადმი. სომხეთ-აზერბაიჯანთან ურთიერთობა უნდა იყოს ისეთივე, როგორიც სხვა დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიას, მისი რუსეთისაგან გამიჯვნა საერთოდ არ უნდა ხდებოდეს და პრობლემა მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ჩარჩოებში უნდა განიხილებოდეს. არის მეორე უკიდურესობაც, როდესაც კავკასიურ ერთობას წარმოგვიდგენენ როგორც დეტერმინირებულს განსაკუთრებული ისტორიული, ან უნიკალური ეთნიკური საწყისით. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ კავკასიური ერთობა არაა თვითმიზანი. მისი საჭიროება მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებებს ეყრდნობა: კერძოდ – დღეს ჩრდილოეთ კავკასია გვევლინება თავისთავადი ინტერესების მქონე, გამოკვეთილ გეოპოლიტიკურ ძალად, რომელიც უშუალოდ ახდენს გავლენას საქართველოს სტაბილურობაზე, საქართველოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაზე. ეს რეალობაა. ამიტომ ჩვენ იძულებულები ვართ ამ ძალის მიმართ გამოვიმუშაოთ გარკვეული პოზიცია. გავითვალისწინოთ ისინი პოლიტიკურ გათვლებში. თვალის დახუჭვით ამ პრობლემას თავს ვერ ავარიდებთ. სწორედ ამ აზრით განიხილება სტატიაში კავკასიური ერთობა და არა ერთობა იმისათვის რომ, ვთქვათ, ყველანი ,,რასობრივად კავკასიელები” ვართ.

ცალკე განხილვის საგანია, თუ როგორ შეხედავენ კავკასიურ რეგიონალურ კავშირს რუსეთი, ირანი და თურქეთი. წესით ასეთი კავშირი მომგებიანი უნდა იყოს ყველასათვის. ასეა თუ ისე, კავკასიური კავშირი შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ამ ქვეყნებთან აქტიური კონტაქტისა და საზოგადოებრივი აზრის ურთიერთფორმირების გზით.

რუსეთს უჭირს კონტროლი ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე, ამიტომ მას არ შეუძლია სრული გარანტიების მოცემა, რომ საქართველოს უშუალო ჩრდილოეთის საზღვრები საქართველოსათვის არ იქნება დესტაბილიზაციის წყარო. ამის პრეცედენტი უკვე დღეს არსებობს, მაგალითად ჩრდილოეთ ოსეთის მონაწილეობა სამაჩაბლოს – სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში, ან ჩეჩნეთის მიერ გამსახურდიას მომხრე ტერორისტული ჯგუფებისათვის თავშესაფარის მიცემა და მათი აქტიური მხარდაჭერა. აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიელთა მონაწილეობა აფხაზეთის კონფლიქტში.

წყვილი, საქართველო – ჩრდილოეთ კავკასია, დიდ როლს თამაშობს ჩრდილოეთ-სამხრეთის დაპირისპირების რეგულირებაში. ისევე, როგორც სამხრეთის დაწოლა ჩვენზე გააძლიერებს ჩვენს კავშირს რუსეთთან, დაწოლა ჩრდილოეთ კავკასიაზე ყოველთვის გააძლიერებს მის სწრაფვას მაჰმადიანური სამხრეთისაკენ. ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევს ვოლგისპირეთის თათრული მოსახლეობის გააქტიურებას, საქართველოზე ჩრდილოეთ კავკასიის დაწოლის გაძლიერებას. ასეთი ვითარება წამგებიანია როგორც საქართვლეოსათვის, ისე რუსეთისათვის. ამგვარად რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიისათვის, რომ არ მოხდეს კავკასიური პრობლემების ინტერნაციონალიზაცია, კავკასიური ველი კავკასიაშივე უნდა ჩაიკეტოს.

და ბოლოს ასეთი კავშირი მომგებიანია როგორც კავკასიისათვის და ე. ი. საქართველოსათვის, ისე რუსეთისათვის, რადგან თუ კავკასიელები დაინახავენ, რომ რუსეთი მათ თვითმყოფადობას საფრთხეს არ უქმნის, მაშინ მოიხსნება მათი მაჰმადიანურ სამყაროსკენ სწრაფვის აუცილებლობა. კავკასიელთა პრობლემები სხვაა, ხოლო მაჰმადიანური სამხრეთისა – სხვა. კავკასიელებს მაჰმადიანური, ,,სამხრეთული” პატრიოტიზმი იმდენად აღელვებთ, რამდენადაც ეშინიათ რუსეთის ექსპანსიისა და თავიანთი უსაფრთხოების გარანტიას ხედავენ მაჰმადიანურ სამხრეთში. ამდენად რუსეთი უზრუნველყოფს თავისი სამხრეთის საზღვრების სტაბილურობას და მოხსნის კონფლიქტების პროვოცირების შესაძლებლობას.

მსგავსი არგუმენტაციის მოყვანა შეიძლება ირანისა და თურქეთის შემთხვევაშიც.

როგორც ვხედავთ დღეს ასეთი კავშირის შექმნა საჭიროა რეგიონში სტაბილურობის მიზნით. ამას გარდა არის შესაძლებლობა საქართველოს პოლიტიკამ დაიწყოს ამ მხრივ მუშაობა ისე, რომ არა თუ ზიანი არ მოუტანოს დიდი მეზობლების ინტერესებს, არამედ, პირიქით, მოუტანოს სარგებელი – ჩამოყალიბდეს ასეთი კავშირი მათთან აქტიური ურთიერთქმედების გზით.

კავკასია და არარეგიონული ქვეყნები

დამუშავებული ისტორიული მასალები იმის შესახებ, თუ რანაირი ურთიერთობა იყო საქართველოსა და არარეგიონულ, კერძოდ ევროპის სახელმწიფოებს შორის, არა გვაქვს. მიუხედავად ამისა, თუ დავეყრდნობით საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს არარეგიონული და რეგიონული (რუსეთი-თურქეთი-ირანი) ქვეყნების ურთიერთობის შესახებ, შეგვიძლია გავაკეთოთ მიახლოებითი დასკვნები საქართველოს (კავკასიის) პოლიტიკური პრობლემებისა და ქცევის მოტივების შესახებ.

პირველი ნიშნები არარეგიონული ქვეყნების გავლენისა კავკასიის პოლიტიკურ მდგომარეობაზე თავს იჩენს XVII საუკუნეში. ამ დროს ოსმალეთსა და სპარსეთში ერთმანეთს ეჯახება რუსეთისა და ევროპული სახელმწიფოების ინტერესები. მალე დღის წესრიგში დგება ე. წ. ,,აღმოსავლეთის საკითხი”, რომელიც გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრეობის პრობლემას. მემკვიდრეობაში ერთმანეთს ექიშპებიან ერთის მხრივ რუსეთი, მეორეს მხრივ – ევროპული სახელმწიფოები.

ეს პროცესი რთულია და წინააღმდეგობებით აღსავსე. ევროპის სახელმწიფოები და რუსეთი ცდილობენ ერთის მხრივ ოსმალეთის დეცენტრალიზაციას, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის შესუსტებას, მეორეს მხრივ – რადიკალურად იცვლიან პოლიტიკურ კურსს და ხელს უწყობენ ცენტრალური ხელისუფლების აღდგენასა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას. მაგალითად:

საბერძნეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ევროპელებისა და რუსების ფლოტი 1827 წელს ამარცხებს ოსმალეთის ფლოტს. რამდენიმე წლის შემდეგ ეგვიპტე იბრძვის დამოუკიდებლობისათვის – ამარცხებს თურქებს და აღებით ემუქრება ოსმალეთის დედაქალაქს სტამბოლს. სულთანი მაჰმუდ III დახმარებას სთხოვს რუსეთს, რუსეთი ბოსფორის ნახევარკუნძულზე გადასხავს დესანტს. ამით შეშფოთებული ევროპელები სასწრაფოდ აგვარებენ ურთიერთობას ეგვიპტესა და ოსმალეთს შორის, ხოლო რუსეთს აიძულებენ გაიყვანოს ჯარები თურქეთიდან. 1840 წელს, ლონდონის კონვენციით, რუსეთის მფარველობას ცვლიან საერთო ევროპული შეთანხმებით.

მსგავსი წინააღმდეგობები წარმოიშვა I მსოფლიო ომის შემდეგაც. ერთის მხრივ ომში გამარჯვებული დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოები ფიქრობდნენ თურქეთის დანაწილებას ბერძნულ, ქურთულ და სომხურ სახელმწიფოებად. მეორეს მხრივ – მას შემდეგ, რაც ანკარის მთავრობამ დახმარება სთხოვა რუსებს, დასავლეთმაც სცნო თურქეთის რესპუბლიკა, რათა არ დაესუსტებინა თავისი პოზიციები. ამის შემდეგ იწყება კონკურენცია რუსეთსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის ანკარის მთავრობაზე გავლენის მოსაპოვებლად.

გარკვეულად ამ ქინააქმდეგობას ასახავს რუსეთ-ოსმალეთის ფრონტის კავკასიის თეატრი გასული საუკუნის განმავლობაში. აქ ძნელია გაიგო, თუ ვისია კავკასია. ერთის მხრივ ფრონტი გადის კავკასიის სამხრეთით, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დაახლოებით დღევანდელ სამხრეთის საზღვრებზე, მეორეს მხრივ – კავკასიის ჩრდილოეთით, მდინარე ყუბანზე და თერგზე.

1853-56 ქლებში ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები შამილის მეთაურობით, თურქეთთან და თურქეთის მოკავშირე ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად აყალიბებენ ერთიან ფრონტს. რუსეთი უკვე ფიქრობს კავკასიის საბოლოოდ დატოვებას.

მეორეს მხრივ – არც ამიერკავკასიაა ირანის ან ოსმალეთის კონტროლიდან შემთხვევით გამოსული ტერიტორიები. როგორც ჩანს, აქ რუსულ პოლიტიკას საკმაოდ მყარი საფუძველი ჰქონდა. კერძოდ – თუ გავითვალისწინებთ რუსეთის მდგომარეობას XIX საუკუნის ათიან წლებში: 1812 წელს სამამულო ომს ნაპოლეონთან და მის მიერ მოსკოვის დაკავებას, 1806-12 წლების რუსეთ-თურქეთის ომს, დაუმორჩილებელ ჩრდილოეთ კავკასიას – უცნაურია, თუ რანაირად წაართვა ამავე პერიოდში რუსეთმა ირანს ჩრდილოეთ პროვინციები, რაც გაფორმდა გულისტანის 1813 წლის ზავით.

ამ წინააღმდეგობის ახსნას შევეცადოთ კავკასიის, კერძოდ საქართველოს მაგალითზე.

1856 ქლის ყირიმის ომში დამარცხებისა და ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი ჯარების განადგურების შემდეგ რუსეთი აპირებს კავკასიის დატოვებას. გენერლების გრიგოლ ორბელიანისა და ბარათოვის აქტიურობა დიდ როლს თამაშობს რუსეთის გადაწყვეტილების შეცვლაში. სხვათა შორის ორივე ქართველია და ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ წარმოშობით ქართველი. ორბელიანის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან ნათლად ჩანს მისი პატრიოტიზმი საქარველოსადმი, ხოლო მისი ბრძოლა ჩრდილოეთ კავკასიელების წინააღმდეგ აღიქმება, როგორც საქართველოს ინტერესების სამსახური. იგივე ითქმის ალექსანდრე ჭავჭავაძეზე და სხვა მრავალზე. საქართველოს აღდგენისა და გაერთიანების ლოზუნგით ხდებოდა აგრეთვე გენერალ ციციანოვის (ციციშვილის) მიერ ამიერკავკასიის გაერთიანება რუსეთის იმპერიაში.

რა თქმა უნდა, რუსეთისადმი დამოკიდებულება საქართველოში არ იყო ცალსახა. ამის მანიშნებელია სოლომონის მეფობის ტრაგედია და სამეფოს გაუქმება იმერეთში, მრავალი აჯანყება გამოწვეული რუსული მმართველობის შემოღებით, 1810 წლის ოსეთის აჯანყება, გამოწვეული უფლისწულ ლევანის აგიტაციით, თუ 1832 წლის შეთქმულება. რუსეთთან კაშვირის სისწორეზე კამათი დღემდე გრძელდება: იყო თუ არა საქართველოს რუსეთთან დაკავშირება აუცილებელი, როდესაც ქართველები ირანსაც და ოსმალეთსაც თანდათან უფრო და უფრო ეფექტურად უმკლავდებოდნენ (მაგ. ერეკლესა და სოლომონის ბრძოლები ხრესილთან და ასპინძასთან), ხოლო ირანისა და ოსმალეთის იმპერიის მზე ძირს მიექანებოდა.

მაგრამ ეტყობა, რუსეთისადმი სწრაფვა მაინც ძირითადი ტენდენციაა და აი რატომ: 1856 წლის პარიზის ზავის პირობებით, რომელიც დაიდო რუსეთის დამარცხების შემდეგ ყირიმის ომში, აღიარებულია ოტომანთა იმპერიის ,,დამოუკიდებლობა და მთლიანობა”. ბუნებრივია ამ პირობების მიხედვით საქართველო ან მისი ნაწილი უნდა შევიდეს ოსმალეთის შემადგენლობაში. ასეთი საერთაშორისო კონიუნქტურა კი ქართველებისათვის ქმნის გამოუვალ მდგომარეობას. ქართველებს დიდ პოლიტიკაში საკუთარი ავტონომიური ადგილი არ გააჩნიათ – ან რუსეთი, ან ოსმალეთი, რის შედეგადაც ხდება ერის დემორალიზაცია.

მეორეს მხრივ რუსული ორიენტაციის მომხრეთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ,,რუსეთთან შეერთებით ევროპისაკენ გზის გახსნას” გულისხმობს. მართლაც, თუ დავაკვირდებით იმდროინდელი საქართველოს ყოფას, მიუხედავდ გარკვეული უკმაოფილობისა რუსეთის მიმართ, ვითარდება ცხოვრების ევროპული სტილი – ოპერა, თეატრი, ლიტერატურული სალონები. ამ მხრივ ოსმალეთის იმპერიაში ,,დაბრუნება” და თურქული წესების შემოღება ნამდვილად არ გამოიყურება რუსეთის ალტერნატივად.

ნათელია, რომ კავკასია არც რუსეთია, არც თურქეთი და ირანი, მაგრამ მაშინდელი მსოფლიო პოლიტიკა არ ითვალისწინებს კავკასიის ბუნებრივ ინტერესებს, მის თავისთავადობას. კავკასია აღიქმება მხოლოდ რუსეთის, ოსმალეთის ან ირანის კონტექტსში (სივრცეში). ბუნებრივია ასეთი გლობალური კონიუნქტურა იწვევს თავისუფლებისათვის მებძროლი ხალხების დემორალიზაციასა დეზორიენტაციას. კავკასიის ხალხებს უწევთ ცალ-ცალკე საკუთარი თავის გადარჩენა. ვინ რუსეთისაკენ იხედება, ვინ – ოსმალეთისაკენ.

სინამდვილეში:

კავკასიის ცნობით ოსმალეთის ან ირანის შემადგენლობაში, მაშინდელი მსოფლიო პოლიტიკა კიდევ უფრო აძლიერებდა ქართველების სწრაფვას ,,ერთმორწმუნე” რუსეთისაკენ.

ოსმალეთის ან ირანის უფლებების ცნობით კავკასიაზე, დასავლეთი ვერ შეაჩერებდა რუსეთის ექსპანსიას კავკასიურ ფრონტზე, რადგან რუსეთის კავკასიაში ყოფნა-არყოფნის საკითხი უკვე მხოლოდ საერთაშორისო კონიუნქტურაზე არ იყო დამოკიდებული და აქ ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს სწორედ ქართველები თამაშობდნენ.

კავკასიის ერთიანობისა და კეთილგანწყობილი ევროპული კონიუნქტურის (ანუ ევროპის კავკასიისადმი ,,პირდაპირი” ინტერესის) შემთხვევაში შეეძლო ეთამაშა ჩამკეტის როლი – კავკასიურ ფრონტზე შეეძლო შეეჩერებინა რუსეთის ექსპანსია სამხრეთის მიმართულებით. ამის დასტურია ჩრდილოეთ კავკასიელთა ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ზურგისა და მნიშვნელოვანი გარეშე მხარდაჭერის არქონის პირობებში. როგორც შედეგი, მივიღებდით რუსეთის გავლენის შემცირებას აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე.

შეიძლება ითქვას ერთ-ერთ მთავარ საკითხად სწორედ მსგავსი პრობლემა დგას დღევანდელი საქართველოს პოლიტიკის წინაშე. როდესაც საქმე ეხება საქართველო-რუსეთის დაპირისპირებას, საზოგადოებრივ ცნობიერებაში ისევ იღვიძებს ეჭვები: როგორც ოდესღაც (მაგალითად 1921 წელს) ხომ არ აღმოჩნდება საქართველო გაცვლის საგანი? ხომ არ შეგვატოვებს დასავლეთი რუსეთს? რამდენად ძლიერი იქნება მსოფლიო სახელმწიფოების მიერ საქართველოს მხარდაჭერა? იქნებ გზა დასავლეთისაკენ თურქეთზე გადის? იქნებ ისევ რუსეთს უნდა დავმორჩილდეთ, რათა ოდნავ მაინც შევასუსტოდ აგრესიული გარემო და გადავარჩინოთ ერი?

აშშ-რუსეთის პარტნიორობის იდეა, რომელსაც ეფუძნება რუსეთის მცდელობა ყოფილი სსრკ-ს სივრცე თავისი სასიცოცხლო ინტერესების სფეროდ გამოაცხადოს და განსაკუთრებული უფლებები მოიპოვოს ყოფილ რესპუბლიკებში პროცესების რეგულირებაზე, ბევრის წარმოდგენაში აღიქმება, როგორც მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის გავლენის სფეროების ხელახალი განაწილება, რომლის მიხედვითაც საქართველო რუსეთის გავლენის სფეროშია დაფიქსირებული. საერთაშორისო ორგანიზაციების ინერტულობა აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში მოსახლეობის მიერ აღიქმება როგორც დასტური ამგვარი მოსაზრებისა.

თუ რუსეთის უშუალო მონაწილეობა აფხაზეთის კონფლიქტში ბუნებრივად აღიქმება რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების ფონზე (უფრო მეტიც, თვითონ კონფლიქტი აღიქმება, როგორც რუსეთის მიერ მომზადებული და გაჩაღებული), კონფლიქტში, ექსტრემისტების მხარეზე, თურქეთის მოაქალაქეების მონაწილეობა საქართველოს გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს. ერთის მხრივ ყველა გრძნობს საქართველოში რუსეთის ჯარების მადესტაბილიზირებელ გავლენას, მეორეს მხრივ – ბევრს ეშინია რუსეთის ჯარების სრული გაყვანისა საქართველოდან, რათა კიდევ უფრო არ აირიოს მდგომარეობა.

თუ საქართველო გაურკვევლობაშია, სომხეთ-აზერბაიჯანის შემთხვევაში მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია. აზერბაიჯან-თურქეთის მიზიდულობა იმდენად თურქეთის ან დასავლეთის სახელმწიფოთა გავლენის გაძლიერებას არ უწყობს ხელს კავკასიაში, რამდენადაც – რუსეთისას: რუსეთი სომხეთში მყარად დგას, რადგან სომხეთის დღევანდელი პოლიტიკა რუსეთის ჯარების გარეშე ვერ იარსებებდა. მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია რუსეთის ჯარების იქ ყოფნას. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მათი თურქულენოვნება და ყოფილი პრეზიდენტის ელჩიბეის მიერ პოლიტიკაში გამოცხადებული ,,თურქიზმი” არ ქმნის მყარ საფუძველს აზერბაიჯანში და, მითუმეტეს კავკასიაში, თურქეთის ცალსახა გავლენისათვის. ამის ნათელი დასტურია ის უმტკივნეულო პროცესი, რომელსაც 1992 ქელს პრეზიდენტის ჩამოგდება მოჰყვა აზერბაიჯანში. კავკასიური პრობლემების ფონზე ელჩიბეის ,,თურქიზმი” თეორიულ, არარეალისტურ მიდგომად გამოიყურება.

თუ განვაზოგადებთ ნათქვამს, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას შემდეგი:

გლობალურ დონეზე დაპირისპირებისას გათვალისწინებული უნდა იქნას კავკასიის თავისებურება, მისი თავისთავადი ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ სურათში.

გლობალური ბალანსის შენარჩუნებისათვის, კავკასიაში დემოკრატიული პროცესების ლიდერად, მსოფლიო პროცესებში კავკასიის ინტეგრირების დასაჩქარებლად, მითუმეტეს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის არ გამოდგება რომელიმე დიდი რეგიონული ქვეყანა (რუსეთი, თურქეთი ან ირანი). ამის მიზეზი კავკასიაში ისტორიულად ჩადებულ მექანიზმში უნდა ვეძებოთ. მსოფლიო პოლიტიკის მიერ რომელიმე რეგიონული ქვეყნის სანქციონირება კავკასიაში პროცესების ,,სწორი” მიმართულებით წარსამართავად (მაგალითად კავკასიაში რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით დასავლეთის სახელმწიფოების მიერ თურქეთის ,,კავკასიური პოლიტიკის” მხარდაჭერა, ან, ვთქვათ მომავალში, რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერა კავკასიაში, ჩრდილოეთ-სამხრეთის შესაძლო დაპირისპირებისას), გამოიწვევს კავკასიაში ისტორიულად ჩადებული რეგიონული ბალანსის დარღვევას და წინააღმდეგობების აქტივიზირებას, საბოლოო ჯამში კავკასიის სახელმწიფოების არაადექვატურ ქცევას. მაგალითად – ოსმალეთისაგან დამოუკიდებლობისა და ევროპისაკენ სწრაფვის პროცესი საქართველოსათვის დამთავრდა რუსეთთან შეერთებით, დღეს რუსეთისგან დაშორების პროცესი იცვლება მასთან დაახლოების პროცესით და ა. შ. ამიტომ საჭიროა ძალისხმევა, რათა მოხდეს კავკასიის ქვეყნების უშუალო, პირდაპირი ჩართვა მსოფლიო პროცესებში და არა რომელიმე რეგიონული ქვეყნის ,,გავლით” ან ,,საშუალებით”.

ასეთ მოსაზრებას გააჩნია გამართლებაც: ტრადიციული ქიშპობისა და დღემდე დაკონსერვებული რუსულ-თურქული წინააღმდეგობების გამო, რუსეთი ბუნებრივია უფრო მტკივნეულად აღიქვამს თურქეთის პოზიციების გაძლიერებას რეგიონში და პირიქით – თურქეთისათვის უფრო მტკივნეულია რუსეთის კონტროლი კავკასიაზე, ვიდრე კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო კონტროლი. კავკასიური წინააღმდეგობების დარეგულირება გლობალური დემოკრატიული პროცესების ჩარჩოებში შეიძლება წარმოადგენდეს საერთო მისაღებ საფუძველს ორივე ქვეყნისათვის, რადგან რუსეთიც და თურქეთიც აღიარებს (ფორმალურად მაინც) დემოკრატიული ღირებულებების პრიორიტეტს.

განსხვავებული ვითარებაა ბალტიისპირეთში, სადაც არჩევანი – აღმოსავლეთი თუ დასავლეთი (სკანდინავია თუ რუსეთი) შეუდარებლად უფრო ადვილად გადაწყეტადია.

კავკასიის მნიშვნელობა მსოფლიო განვითარების პერსპექტივაში

აღწერილი მექანიზმი ეყრდნობა ისტორიულ გამოცდილებას, ეხმიანება დღევანდელ ვითარებას და, როგორც ჩანს, აქტუალური იქნება მომავალშიც.

დღეს უკვე გარკვეულად შეიძლება იმ პროცესების პროგნოზირება, რომელიც შეიძლება მომავალში განიცადოს აზიამ, კერძოდ კი ჩვენმა რეგიონმა.

თუ რეგიონს განვიხილავთ გლობალური დაპირისპირების თვალსაზრისით, აქ ერთის მხრივ რუსეთია, რომელიც მიისწრაფვის სამხრეთისაკენ თავისი გავლენის სივრცის გასაფართოებლად, ხოლო მეორეს მხრივ – დასავლეთი, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს რუსეთის გასვლას ინდოეთის ოკეანეზე და ხმელთაშუა ზღვაზე. შუაში მოქცეულია წინააღმდეგობებით აღსავსე აზიური სახელმწიფოები (თუ ჩვენს რეგიონზე ვილაპარაკებთ – ირანი და თურქეთი).

II მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც მოხდა ორპოლუსიანი სამყაროს ჩამოყალიბება, აშკარად გამოიკვეთა შემდეგი სურათი: დასავლეთი ცდილობს დაეხმაროს ამ სახელმწიფოებს, რათა შინაგანი წინააღმდეგობებით დასუსტებულები არ გახდნენ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი. სტრატეგიული მოსაზრებებიდან გამომდინარე მხარდაჭერა გარკვეულ წილად გულისხმობს თვალის დახუჭვას იმ პრობლემებზე, რომლებიც არსებობს თურქეთში და ირანში დემოკრატიულ ღირებულებებთან, ადამიანთა უფლებებთან დაკავშირებით. რაც უფრო შესუსტდება ორპოლუსიანი დაპირისპირება, მით უფრო კრიტიკული გახდება მსოფლიო პოლიტიკის დამოკიდებულება ამ ქვეყნების შინაგანი პროცესებისადმი. არაა გამორიცხული, რომ ეს ქვეყნები, ისევე როგორც დღევანდელი რუსეთი, წააწყდნენ სეპარატიზმთან დაკავშირებულ მწვავე პრობლემებს.

ასეთ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კავკასია და მისი ,,პირდაპირი კავშირები”, რათა არ მოხდეს მისი ჩათრევა ამ პროცესებში, ან უფრო მეტი – რეგიონულ ქვეყნებში მიმდინარე წინააღმდეგობრივი პროცესების ერთმანეთზე ასახვა. მოცემულ შემთხვევაში კავკასიას შეუძლია ითამაშოს როგორც უარყოფითი როლი – ამ პროცესების მაპროვოცირებელისა, ისე დადებითი – ბუფერის და გამმიჯნავისა – ხელი შეუწყოს პროცესების წარმართვას მშვიდობიანი, კონტროლირებადი ფორმით.

დასკვნები

საქართველოს საგარეო პოლიტიკურ სივრცეში შეგვიძლია გამოვყოთ სამი თვისობრივად განსხვავებული გეოპოლიტიკური შრე.

1. ლოკალური (მცირე რეგიონული) – კავკასია – რომელიც წარმოადგენს გეოპოლიტიკური ძალების განაწილების რთულ სისტემას, კვანძს. იგი ძირითადად ჩამოყალიბებულია რუსეთის, თურქეთისა და ირანის გავლენის შედეგად. მეორეს მხრივ იგი არც რუსეთია, არც თურქეთი და არც ირანი. იგი ასრულებს ბუფერის როლს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის (ირან-თურქეთის) ურთიერთქმედებაში. დაპირისპირება სამ დიდ გეოპოლიტიკურ ძალას შორის იწვევს დაპირისპირებას კავკასიის სხვადასხვა უბნებს შორის. რომელიმე რეგიონული ძალის მხრიდან შიდა კავკასიურ კონფლიქტში ჩარევა იწვევს სხვა რეგიონული ძალების ჩარევასაც, ანუ კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას.

2. რეგიონული (ღია რეგიონული) – რუსეთი, თურქეთი, ირანი – ეს ქვეყნები ხასიათდებიან კავკასიისადმი განსაკუთრებული ინტერესითა და ტრადიციული მცდელობით მოიპოვონ გავლენა მასზე. მეორეს მხრივ – ამ ქვეყნების ინტერესებში არაა მხოლოდ კავკასია. ისინი განსაკუთრებულ როლს თამაშობენ მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში.

3. გლობალური (მსოფლიო) – არარეგიონული ქვეყნები – ხასიათდებიან ტრადიციულად ნაკლები ინტერესით კავკასიისადმი და განსაკუთრებული ინტერესებით რუსეთის, თურქეთისა და ირანის მიმართ. მათ მიერ კავკასია ტრადიციულად აღიქმება რუსეთის, თურქეთის ან ირანის კონტექსტში, ანუ მსოფლიო პოლიტიკური გარემო, რომელზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსეთი, თურქეთი და ირანი, ხოლო კავკასია აღიქმება ამ სამი რეგიონული ძალის კონტექსტში.

თითოეული მათგანი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ითხოვს კომპლექსურ მიდგომას. (მაგალითად ჩრდილოეთ კავკასია, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს საქართველოს სტაბილურობაზე, შედის საქართველოს ლოკალური პოლიტიკის სფეროში, მაგრამ ამავე დროს იგი რუსეთის ფედერაციის ნაწილია, ხოლო თავის მხრივ რუსეთი ახდენს გავლენას ჩვენს რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკაზე). მიუხედავად ამისა, აღწერილ მოსაზრებებზე და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების თითოეული დონისათვის შესაძლებელია შევიმუშავოთ გარკვეული მუდმივი მიდგომები.

კერძოდ:

1. კავკასიაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს, რომ კავკასიური პრობლემები არ გასცდეს კავკასიის საზღვრებს, რადგან კავკასიაში ისტორიულად ჩადებული მექანიზმის გამო დიდია რეგიონული ქვეყნების კონფლიქტში ჩათრევის ალბათობა. ამისათვის მიზანშეწონილია მივაღწიოთ გარკვეულ შიდაკავკასიურ მოლაპარაკებას, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდება კავკასიური პრობლემების შიდაკავკასიური ძალებით გადაჭრა, გარკვეული დონის კავკასიური, რეგიონული ერთობის ჩამოყალიბება, რომელიც შესაძლებლობის მიხედვით, გამოიმუშავებდა შიდაკავკასიური პრობლემების კავკასიური ძალებით მოგვარების მექანიზმებს.

გამომდინარე ბუნებრივი პირობებისა თუ სხვა გარემოებების მსგავსებიდან – გამოიმუშავებდა ერთობლივ პროგრამებს ეკონომიკაში, პოლიტიკაში, სოციალურ სფეროში, კულტურასა და მეცნიერებაში.

ინფორმაციის შეკრება-გადამუშავებაში კავკასია ცალკე ანალიზის თემა უნდა გახდეს.

2. რაც შეეხება რუსეთ-თურქეთ-ირანის ღია რეგიონს – აქ ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ამ ქვეყნების ინტერესების მაქსიმალური რეალიზება კავკასიაში ისე, რომ არ დაირღვეს ბალანსი რომელიმე ქვეყნის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება კოორდინაციის მოშლა კავკასიის ქვეყნებს შორის, რაც თავის მხრივ შეიძლება კონფლიქტების წყაროდ იქცეს.

არაა გამორიცხული (და სასურველია) მათი მოზიდვა კავკასიური პრობლემების მოგვარებისას, მაგრამ ბალანსირებულად, სამივე გეოპოლიტიკური ძალის წარმოდგენით,.

3. არარეგიონულ ქვეყნებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას ჩვენი მიზანი უნდა იყოს პირდაპირი კავშირების გაძლიერება კავკასიასა და ამ ქვეყნებს შორის. სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე. უნდა ვერიდოთ საერთაშორისო პოლიტიკაში ჩართვას რომელიმე რეგიონული ქვეყნის ,,გავლით”, ,,დახმარებით”, რადგან ასეთი მიდგომა დაარღვევს ბალანსს რომელიმე რეგიონული ქვეყნის სასარგებლოდ, რაც შეიძლება გახდეს დაძაბულობის ზრდის წყარო კავკასიაში.

ჩამოთვლილი რეკომენდაციები წარმოადგენენ ღონისძიებათა ერთიან კომპლექსს. საქართველოს პოლიტიკა კავკასიურ დონეზე, კერძოდ – შიდაკავკასიური პრობლემების კავკასიური ძალებით მოგვარების მცდელობა, არ გულისხმობს კავკასიური პრობლემების მოგვარებაში სხვა ქვეყნების როლის გამორიცხვას. ჩამოთვლილი რეკომენდაციების საფუძველზე, რომელიმე კავკასიური კონფლიქტის მოგვარების შესაძლო სქემა შეიძლება გამოიყურებოდეს ასე – ჯერ უნდა დაიწყოს გზების ინტენსიური ძიება, კონფლიქტის ლოკალურ დონეზე, კავკასიური ძალებით მოგვარებისათვის. თუ მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა, მაშინ პარალელურად დაიწყება კონფლიქტის მოგვარების გზების ძიება კავკასიის გარეთ. სამშვიდობო პროცესში მხოლოდ რეგიონული ქვეყნების ჩართვისას, წონასწორობისათვის, საჭირო იქნება სამივე რეგიონული ძალის (რუსეთის, თურქეთისა და ირანის) წარმოდგენა. პრობლემის გადატანისას საერთაშორისო დონეზე, დაპირისპირებული კავკასიური ძალები უნდა გამოვიდნენ როგორც მხარეები და მოილაპარაკონ უშუალოდ, მხოლოდ საერთაშორისო მეთვალუყურეთა კონტროლის ქვეშ.

აღწერილ სურათში დასკვნებს შეგვიძლია მივცეთ პრინციპების სახე, რომელსაც შეიძლება დაეფუძნოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა. კერძოდ:

ლოკალურ დონეზე – კავკასიურ პრობლემებში არ უნდა მოხდეს არაკავკასიური ძალების ჩარევა.

რეგიონულ დონეზე – კავკასიაში არ უნდა დაირღვეს ბალანსი რომელიმე რეგიონული ქვეყნის – რუსეთის, თურქეთის ან ირანის სასარგებლოდ.

გლობალურ დონეზე – არარეგიონულ ქვეყნებთან ურთიერთობა არ უნდა მოხდეს რომელიმე რეგიონული ქვეყნის ,,გავლით”, საშუალებით.

ზემოთ მოყვანილი პრინციპები პოზიტიური პრედიკატებით ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:

ლოკალურ დონეზე – საჭიროა შიდაკავკასიური კონფლიქტები მოწესრიგდეს შიდაკავკასიური ძალებით.

რეგიონულ დონეზე – საჭიროა რეგიონული ქვეყნების ინტერესების ბალანსირებული რეალიზაცია კავკასიაში.

გლობალურ დონეზე – საჭიროა საქართველოს გააჩნდეს პირდაპირი, მაქსიმალურად ძლიერი კავშირები არარეგიონულ ქვეყნებთან.

აღწერილი პრინციპები შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ მოკლე ფორმულების სახითაც:

ლოკალურ დონეზე – ,,სინქრონიზაცია”, რეგიონულ დონეზე – ,,ბალანსი”, გლობალურ დონეზე – ,,პირდაპირი კავშირები”.

ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპები არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს: პირიქით, ,,პირდაპირი კავშირის” პრინციპის დარღვევა იქვევს ,,ბალანსის” მოშლას რეგიონში, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის ,,სინქრონიზაციის პრინციპს” და ა. შ.

* * *

ჩატარებული ანალიზი, რა თქმა უნდა, სრული არ არის და გარკვეული აზრით, ზედაპირულიც კია. მაგალითად, ანალიზის დროს არ არის გათვალისწინებული ჩრდილოეთ კავკასიის არაერთგვაროვნება. არ არის გაანლიზებული სომხეთ-აზერბაიჯანის როლი ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაპირისპირების კონტექსტში. არ არის გამოყოფილი პრიორიტეტული მიმართულებები რეგიონში და ა. შ. მიუხედავად ამისა, სტატია არის ცდა განისაზღვროს მუდმივი ორიენტირები საქართველოს საგარეო პოლიტიკისათვის, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ხომ მხოლოდ შემადგენელი ნაწილია სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემისა: შესაძლებელი იქნება თუ არა განვახორციელოთ აღწერილი პრინციპები საგარეო პოლიტიკაში, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ მომავალში როგორ იქნება აგებული საქართველოს სახელმწიფო იდეოლოგია.

წყარო:www.nplg.org