23449105b9b2
ტრადიციულად, პითაგორას წინასწარმეტყველი-ჯადოქრის, სასწაულთმოქმედის სახით გვიხატავენ. მას მიეწერება დაფარული ცოდნის ფლობა, რომელსაც მხოლოდ განდობილთ უზიარებდა და რომელიც თავისი მფარველი ღვთაების-აპოლონისგან მიიღო დელფოსელი ქურუმი ქალის, თემისთოკლეას, პირით.

სინამდვილეში, პითაგორას შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით. ის დაახლოებით 571-570 წელს კუნძულ სამოსზე დაიბადა, 532-31 წლებში იტალიაში ჩავიდა და 497-96 წლებში გარდაიცვალა. კროტონში პითაგორამ დააარსა სკოლა, რომელიც ამავე დროს რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებაც იყო. ეს სკოლა სწრაფად გავრცელდა სამხრეთ იტალიის ბერძნულ ქალაქებში და ხშირად იყო პოლიტიკური ძალაუფლების მატარებელი და ამ ძალაუფლების არისტოკრატული თვალსაზრისით გამტარებელი. ერთადერთი ფილოსოფიური დოქტრინა, რომელიც ნამდვილად შეიძლება მას მიეწეროს, მეტემფსიქოზის, ანუ სიკვდილის შემდეგ სხვა ადამიანებში ან ცხოველებში სამშვინველის გადასახლების შესახებ დოქტრინაა. პითაგორა სხეულს სამშვინველის საპყრობილედ, სხეულებრივ ცხვრებას კი-დასჯად მიიჩნევდა. ფილოსოფია სხეულიდან სამშვინველის გათავისუფლების გზაა. ეს გზა მოითხოვს, ერთი მხრივ, ცოდნას, მეორე მხრივ კი-განწმენდის რიტუალებს, რომლებსაც აღასრულებდნენ პითაგორას სექტაში. ამგვარად, პითაგორელთათვის მეცნიერება სამშვინველის განწმენდის, ხსნისა და თავისუფლებისკენ მისი გაძღოლის საშუალებად იქცევა.
მეცნიერებასთან ერთად პითაგორელთა სექტა გარკვეულ ასკეტურ წესებსაც მისდევდა; სავარაუდოდ, სექტის წევრებს საერთო ქონება ჰქონდათ. სექტაში პითაგორას ღვთაებრივი ცოდნის მატარებლად მიიჩნევდნენ და ამის საფუძველზე იკრძალებოდა მისი სწავლების რაიმე სახით სახეცვლილება (ipse dixit). პითაგორელთა უეჭველი დამსახურებაა მათემატიკის, როგორც მეცნიერების, შექმნა. კონცეპტუალურად შეიმუშავეს მათემატიკის ძირეული ტერმინები (რაოდენობა, წერტილი, ხაზი, ზედაპირი, კუთხე, სხეული); ისინი პრაქტიკული გამოყენების აბსტრაგირების გზით მოქმედებდნენ. გარდა ამისა, პითაგორელებმა დაამკვიდრეს მათემატიკური მტკიცებულების ის მკაცრი ხასიათი, რომელიც ბერძნული მათემატიკის ნორმად იქცა და მას შემდეგ ნებისმიერი მეცნიერულად ორგანიზებული საგნის იდეალს წარმოადგენს.